Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ: ირანის „ტერორისტული ქმედებები“ უნდა შეწყდეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვებით, ისრაელის დიპლომატებზე ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა მსოფლიოს დაანახა ირანის „ტერორისტული ქმედებები“. ოთხშაბათს, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გაიმაორა ისრაელის ბრალდება - რომ სწორედ ირანმა დაგეგმა ის თავდასხმები, რომელთა სამიზნეც საქართველოსა და ინდოეთში ისრაელის დიპლომატები გახდნენ. თბილისში ნაღმის აფეთქება აღიკვეთა, დელიში კი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. ნეთანიაჰუს თქმით, ირანის „აგრესია“ მანამდე უნდა შეჩერდეს, სანამ სხვა ქვეყნებს მოედება. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ის დგას დელისა და თბილისში მომხდარი ინციდენტების - ისევე, როგორც სამშაბათს ტაილანდში მომხდარი აფეთქებების - უკან. ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, რამინ მეჰმანპარასტის განცხადებას, რომელშიც ის ბანგკოკში მომხდარ აფეთქებებში თავად ისრაელს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისრაელი ცდილობს ირანისა და ტაილანდის ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს. ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „გადაჭრით დაგმო“ ისრაელის დიპლომატებზე თავდასხმები ინდოეთსა და საქართველოში.
XS
SM
MD
LG