Accessibility links

logo-print

ევროზონის მინისტრები საბერძნეთის ფინანსურ დახმარებას აყოვნებენ


საბერძნეთის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებულ „აუცილებელ გადაწყვეტილებას“ ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ორშაბათს მიიღებენ, - ამის შესახებ ევრო ჯგუფის ლიდერმა ჯან კლოდ იუნკერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა საბერძნეთის პრობლემები ტელეკონფერენციის რეჟიმში განიხილეს. მანამდე მათ უარი განაცხადეს შეხვედროდნენ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრს, ევანგელოს ვენისელოსს. ევროზონის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათ ვერ მიიღეს საკმარისი გარანტიები საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერებისაგან, რომ ათენი დაიცავს დახმარების მიღების სანაცვლოდ ნაკისრ ვალდებულებას. სამშაბათს საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო საბიუჯეტო მომჭირნეობის მორიგი გეგმა, რომელსაც ევროკავშირი ჯერ კიდევ არ მიიჩნევს საკმარისად. ვენისელოსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა კვლავ მოითხოვს, რათა საბერძნეთმა დატოვოს ევროზონა. თუკი საბერძნეთი არ მიიღებს საერთაშორისო საფინანსო დახმარების ახალ 130 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტს, ქვეყანას უკვე მარტისათვის დეფოლტი ემუქრება.
XS
SM
MD
LG