Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჭირო პრეცედენტი


მოძალადე პოლიციელის ოპერატიულად, პირდაპირ ცხელ კვალზე დასჯა, მგონი პირველი შემთხვევაა საქართველოს უახლეს ისტორიაში. თანაც, საქმე არა რიგით პოლიციელს, არამედ აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს ეხება. ძალადობა კი განხორციელდა ჟურნალისტებზე - დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ტვ-25“-ის გადამღებ ჯგუფზე - რომლებიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ და ბათუმის ქუჩებში პოლიციის პატრულის რეიდს იღებდნენ. 16 თებერვალს ზემოხსენებულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა ჯერ ოპერატორს წაართვა კამერა, ხოლო შემდეგ უწმაწური სიტყვებით აგინა ჟურნალისტ გოგონას, თეონა თურმანიძეს, რომელიც მის კოლეგას გამოესარჩლა.

ამის შემდეგ, ერთი პირობა, ყველაფერი ნაცნობი სცენარით განვითარდა - პოლიციელმა ჯონი ბაკურიძემ სცადა თავის გამართლება და შეურაცხყოფის მიყენებაში ჟურნალისტი იქით დაადანაშაულა. ამ განმარტებით, ფაქტობრივად, ასეთი სურათი დაიხატა: მოტივირებული და რეფორმირებული პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ცუდი ჟურნალისტი კი იქ წესრიგის დამცველებთან შეუთანხმებლად მივიდა და მათ ხელს უშლიდა წესრიგის დამყარებაში. პოლიციელ ჯონი ბაკურაძეს ალბათ იმის იმედიც ჰქონდა, რომ ეს არგუმენტები ამჯერადაც გაჭრიდა უფროსობის წინაშე და ჟურნალისტებზე მორიგი ზეწოლაც მხოლოდ ამ მხრივ არსებულ სამწუხარო სტატისტიკაში ჰპოვებდა ასახვას.

შორს რომ არ წავიდეთ, 2011 წლის 26 მაისს მიტინგის გაშუქების დროს დალილავებული, ვიდეოკამერებწართმეული ჟურნალისტები და მოგვიანებით ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ფოტოგრაფების საქმეც კი იკმარებს იმის საილუსტრაციოდ, რომ ხელისუფლება დიდ ანგარიშს არ უწევს ჟურნალისტებს. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაზე ჩივიან საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები, რომელთა ქომაგი და გამკითხავი არავინაა. ნებისმიერ მოხელეს შეუძლია ხელი აუკრას მათ მიკროფონზე, ირონიულად შეაქციოს ზურგი, გააწამოს ინტერვიუზე და სამსახურიდან გაუთავისუფლოს ოჯახის წევრი მისი კრიტიკული სტატიის გამო.

ასეთი დევნისა და შევიწროების შესახებ ბევრჯერ გვსმენია საქართველოში. მაშინ როცა, დანაშაულზე რეაგირება ან ადმინისტრაციული ნახევარ-ზომებით შემოიფარგლება ანდა მოძალადე მოხელის სხვა სამსახურში გადაყვანით.

ამიტომ დასაფასებელია ისეთი ოპერატიული რეაგირება, როგორსაც ადგილი ჰქონდა ბათუმის ინცინდენტისას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა 2012 წლის 16 თებერვალს, ქ. ბათუმში, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, ჯონი ბაკურიძისა და ტელეკომპანია ტვ-25-ის ჟურნალისტს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები. „გენერალური ინსპექციის ხელთ არსებული მასალები იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ჯონი ბაკურიძემ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედება და იგი განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.“

ძალიან ძნელია, როდესაც ადამიანი ერთ დღეში კარგავ მთელ კარიერას და უეჭველია, პოლიციელ ჯონი ბაკურიძესაც გამოუჩნდებიან ქომაგები, რომლებიც იტყვიან, რა გააკეთა მან ისეთი, რაც სხვებს არ გაუკეთებიათო? პასუხი აქ მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: მოხელეთა მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის აღკვეთა საიდანღაც უნდა დაწყებულიყო და ალბათ ლოგიკურია, რომ ეს დაიწყო ბათუმიდან, ქალაქიდან, რომელიც სამართლიანობისა და კანონიერების მხრივ ყველაზე უფრო მისაბაძი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG