Accessibility links

logo-print
15 თებერვალს კინო „რუსთაველში“ რეჟისორ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის - „ომის ნაკვალევის“ - პრემიერა გაიმართა. ფილმზე ქართველ დოკუმენტალისტებთან ერთად ოსი რეჟისორი ზურაბ ტავასიევი მუშაობდა. სწორედ მას ეკუთვნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაღებული კადრები, რომელზეც თითქმის მთლიანად გადამწვარი ქართული სოფელი ავნევია ასახული. 26 წუთიან ფილმში ორი მეგობრის - ქართველი მიხეილ ტაბატაძისა და ოსი თემურ ცხოვრებოვის ისტორიაა მოთხრობილი. ომის დროს ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, მაგრამ, როგორც ფილმიდან ირკვევა, ომმა მათ მეგობრობას ვერაფერი დააკლო.

ფილმი იწყება მოძრავი, ლულაშემართული ტანკის ახლო ხედით. კადრში ჩანს საბრძოლო მანქანა, რომელიც გრუხუნით მიიწევს წინ, გზად ყველაფერს ანადგურებს და, ნაკვალევის სახით, ორ ღრმა ხნულს ტოვებს. ფილმის რეჟისორის თომა ჩაგელიშვილის თქმით, ომმა მართლაც ღრმა კვალი დაამჩნია ადამიანების ურთიერთობას, თუმცა მისი სრულად განადგურება ვერ შეძლო. „ომის ნაკვალევი“ პირველი ქართულ-ოსური ნამუშევარია 2008 წლის ომის შემდეგ.
დავუკავშირდი თემურს, რომელიც იქით მხარეს იყო, და ვთხოვე, თუ გექნება შესაძლებლობა, ეცადე ჩემი სახლი არ დაწვან-მეთქი ...

„ჩვენი ფილმისთვის ოსმა ოპერატორმა სპეციალურად გადაიღო ავნევი, ცხინვალი... სხვათა შორის, თავიდან არ გვჯეროდა, რომ მოგვეცემოდა საშუალება დამწვარი ქართული სოფლების კადრები მიგვეღო. გვაქვს ცალკეული ფოტოები, მაგრამ მთლიანად გადამწვარი ქართული სოფლის ვიდეომასალა აქამდე არ გვქონია. რაც შეეხება ფილმს, ის ორ ადამიანზე მოგვითხრობს. ერთი არის ქართველი, მეორე - ოსი“, უთხრა ფილმის რეჟისორმა რადიო თავისუფლებას.

ქართველი მიხეილ ტაბატაძეა, ოსი - თემურ ცხოვრებოვი. ომმა ისინი მართლაც დააშორა ერთმანეთს. მიხეილი ამჟამად თბილისში ცხოვრობს, თემური - ვლადიკავკაზში, თუმცა, როგორც მიხეილ ტაბატაძე ამბობს, ამის მიუხედავად, მეგობრობა და კომუნიკაცია არც ომის დღეებში შეუწყვეტიათ და არც ომის დამთავრების შემდეგ:

„10 აგვისტოს გამოვედი სოფელ ავნევიდან. შემდეგ დავუკავშირდი თემურს, რომელიც იქით მხარეს იყო, და ვთხოვე, თუ გექნება შესაძლებლობა, ეცადე ჩემი სახლი არ დაწვან-მეთქი. მაქსიმალურად ყურადღებას აქცევდა, მაშინვე ჩავიდა... გამომიგზავნა ჩემი ბიბლია, ვიდეოკასეტა, რომელზეც ჩემი გარდაცვლილი შვილია გადაღებული... გამომიგზავნა გადამწვარ სახლში ნაპოვნი ფიალები. ძალიან ეცადა, რომ ჩემი სახლი არ დაეწვათ, მაგრამ შეუძლებელი იყო იმ ტალღის შეჩერება. თემური ძალიან განიცდიდა იმას, რომ სახლის გადარჩენა ვერ შეძლო.“
ჩემთვის ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა საქართველო კი არა, მეგობრების დაცვაა! ...

ფილმში მიხეილ ტაბატაძის გადამწვარი სახლ-კარიცაა ნაჩვენები. თემურ ცხოვრებოვი მიუთითებს თავის მიერ ომის დროს გაკეთებულ წარწერაზე, რომელიც ცეცხლისგან გაშავებულ კედლებს დღემდე ამჩნევია; იხსენებს ომამდელ დროს, როცა ქართველ მეგობარს ავნევში სტუმრობდა და დროს მხიარულად ატარებდა. მომდევნო კადრში თემური ასუფთავებს მიხეილის შვილის საფლავს და იქვე ანთებს სანთელს. მერე ომის ამბებს იხსენებს. თემური არ მალავს, რომ ომის დროს აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში.

ომის ამბების მოყოლას თემურ ცხოვრებოვი სტამბულშიც განაგრძობს. სწორედ სტამბულში შეხვდნენ ერთმანეთს ოთხი წლის უნახავი მეგობრები, რომლებიც თურქეთს პროექტის „ექს-კომბატანტები არაძალადობისათვის“ ფარგლებში ეწვივნენ. მიხეილი კვლავ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, თემური კი, ძველებურად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მომხრეა, თუმცა მეგობრები თანხმდებიან იმაზე, რომ ყოფით დონეზე ადამიანებს შორის მტრობა არ უნდა იყოს:

„ჩემთვის ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა საქართველო კი არა, მეგობრების დაცვაა! მართალია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ამან მეგობრობაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ომის შედეგად მე ძმა დავმარხე, მიშამ - ქალიშვილი. ძნელია ყოველივე ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერი დაკარგული არაა. აღდგომაზე თქვენი სოფლის ეკლესიაში შევიარეთ. გამაოცა იმან, რომ ეკლესია მოვლილია. არ ვიცი, მაგრამ ვიღაც უვლის თქვენს ეკლესიას!“

თემურ ცხოვრებოვმა თავის ქართველ მეგობარს მშობლიურ სოფელში აღებული წყაროს წყალიც ჩაუტანა. მიხეილ ტაბატაძის თქმით, ავნეველებს „გედევანის წყარო“ უკვდავების წყალს ურჩევნიათ.
დედაჩემის საფლავიც ცხინვალშია, მაგრამ ჩვენი ოსი მეგობრები ადიან და პატრონობენ ...

„ვინც ამ ხეობას იცნობს, იცის ამ წყაროს წყლის სპეციფიკური გემოს ამბავი. სამი წელია არ დამილევია და ძალიან მენატრებოდა. სიზმარშიც კი იქაურობას ვხედავ. ამიტომ ვთხოვე და ჩამომიტანა. სანდო კაცია, ვიცი არ მომიწამლავდა“, უთხრა მიხეილ ტაბატაძემ რადიო თავისუფლებას.

მიხეილ ტაბატაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე თემურივით სანდო კიდევ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ზურაბ ბენდიანიშვილიც, ფილმის პროდიუსერი და ხელმძღვანელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“, ამბობს, რომ კონფლიქტის შედეგად საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილი ადამიანები მაინც პოულობენ ერთმანეთისკენ მიმავალ გზებს:

„გადასასვლელი ბილიკებიც კი აქვთ ამ გაუვალ გამყოფ საზღვარზე და გადასვლას ახერხებენ. დედაჩემის საფლავიც ცხინვალშია, მაგრამ ჩვენი ოსი მეგობრები ადიან და პატრონობენ. ასეთი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ქრისტიანი, ბევრი მოყვარულია დარჩენილი ისეთი, რომელიც ზრუნავს წარსულისა და იმ ხიდების შენარჩუნებაზე, რომლებიც მომავალში ვრცელ გზებად გადაიქცევა ჩვენს ურთიერთობებში.“

ფილმის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი ნამუშევარი სწორედ ამ გზის გაკვალვაში დაეხმარება ომის შედეგად დაშორებულ ადამიანებს. ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, „ომის ნაკვალევს“ აუცილებლად უჩვენებენ ცხინვალში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG