Accessibility links

logo-print
”24 საათი” საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის 16 თებერვლის სხდომაზე წერს. სტატიის სათაურია - ”ცოტა ანზღაურებას + ცოტა ენთუზიაზმი = უკეთეს სიებს”. ტექსტიდან შეიტყობთ, რომ ”გუშინდელ სხდომაზე წევრები უკვე გადავიდნენ „კარდაკარის“ ჩატარების მეთოდებისა და ბიუჯეტის დეტალების განხილვაზე. კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ „კარდაკარი“ საქართველოს მასშტაბით ყველა ოლქსა და უბანში ჩატარდება - სავარაუდოდ, 20 აპრილიდან დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.”

დღეს ”ახალ თაობასა” და ”რეზონანსში” ნახავთ ცნობას იმის შესახებ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის სასამართლოში უჩივლებს. როგორც ირკვევა, ეს ცნობა საფრანგეთში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის, გიორგი ფოფხაძის მიერ ”ფეისბუკში” გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეფუძნება. ”რეზონანსმა” დაადგინა, რომ არც ”ქართულ ოცნებაში” და არც ”ქართულ პარტიაში” ოქრუაშვილის სარჩელის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.

”ახალი თაობა” ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ალასანია აცხადებს: ”...არ დასრულებულა თემა, რომელიც ეხება ამათ კაბალურ კანონს, რომელიც მიიღეს ფინანსურ შეზღუდვებზე. ამ კანონთან დაკავშირებით ემზადებიან საერთაშორისო სტრუქტურები, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ჩვენც ვემზადებით და უახლოეს პერიოდში შევიტანთ სარჩელს ამ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით”. ალასანიასთან ინტერვიუს სათაურში გამოტანილია რესპონდენტის სიტყვები: ”გიორგი თარგამაძე ნაციონალების დანამატია!”, ფრაზა კი მოჰყვა ჟურნალისტის რეპლიკას: ”აი, თარგამაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ თქვენი ამოცანაა პარლამენტში მეორე ადგილი, ამისთვის იბრძვით და ხალხს ატყუებთო.”

”ვერსიის” ფურცლებზე კი თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრი ზაზა გაბუნია კობა დავითაშვილს ბრალს სდებს გიგი უგულავასთან გარიგებაში, როცა მან 2011 წლის ბიუჯეტს დაუჭირა მხარი: ”კობა დავითაშვილმა ხელი შეუშალა საერთო ოპოზიციურ ერთსულოვნებას იმით, რომ ხმა მისცა ბიუჯეტს ჩვენი დედაქალაქის წინააღმდეგ”. ”ვერსიაშივე” კობა დავითაშვილის პასუხსაც გაეცნობით: ”ჩემთვის თავიდანვე პრიორიტეტი იყო ჯანდაცვა და განათლება და ორივე თემა მაშინვე ასე დავსვი - აიღოს მერიამ ჩვენი პროგრამიდან ნებისმიერი საკითხი, შეასრულოს და მზად ვართ, ხმა მივცეთ ბიუჯეტს-მეთქი. დღესაც მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი და ახლაც ასე მოვიქცეოდიო”, პასუხობს დავითაშვილი გაბუნიას ბრალდებას. მისსავე დებატებში მიწვევას კი შემდეგნაირად ეხმაურება: ”ტოლი ნახე, კოჭი გააგორე!”

”საქართველოს რესპუბლიკაში” წაიკითხავთ: ”მთავარ გამხსნელს მაკრატელი დაუბლაგვდა?” – ”თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანიშვილის თანხებით აღდგენილ პირველ კორპუსს საზეიმოდ არ გახსნიანო”. ამავე ნომერში, პირველ გვერდზე - ”ჩურჩული პრეზიდენტის ზურგს უკან” - ავტორი დმანისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საავადმყოფოს შენობის დათვალიერების შემდეგ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე და იმ ჩუმად ნათქვამ ფრაზებზე წერს, რომლებიც მან ხალხში დგომისას მოისმინა.

”რეზონანსის” ერთი სტატია დღეს ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ”სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკი 76-დან 65 წლამდე ჩამოვიდა”: ”სტრესული გარემო და უმუშევრობა - ეს არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველოში სიკვდილიანობის ასაკი გაახალგაზრდავდა, განსაკუთრებით კი, მამაკაცებში” - უთქვამს ”რეზონანსისთვის” დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძეს, რომელიც პრობლემის ”თავიდან აცილებისთვის ხელისუფლებას საპენსიო ასაკის დაწევას ურჩევს”.
XS
SM
MD
LG