Accessibility links

logo-print
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, უახლოეს მომავალში მოსახლეობა, მსგავსად გასული წლისა, ელექტროვაუჩერს მიიღებს. ამ ეტაპზე ელექტროვაუჩერების გაცემის ზუსტი ვადები ცნობილი არ არის. ცნობილი არც ის არის, თუ რა თანხას შეადგენს თითო ვაუჩერი. შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველოს მასშტაბით 20 ლარიანი ელექტროვაუჩერები დარიგდა. როგორ აფასებენ პრეზიდენტის მორიგ სავაუჩერო ინიციატივას ეკონომიკის ექსპერტები და მოსახლეობა?

იდეა ელექტროვაუჩერების გაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბათუმში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას გაუჩნდა. ცივი ზამთარი და, ასე ვთქვათ, გაუთვალისწინებელი ენერგეტიკული ხარჯი - ეს არის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას ელექტროვაუჩერების გასაცემად თანხების მოძიება დაავალა:

”მთავრობას მინდა დავავალო, რომ რაღაც საშუალებები მოვხიკოთ და ვიპოვოთ და ეს ელექტროვაუჩერები წესლსაც გავაკეთოთ. უნდა მოვნახოთ საშუალება, რომ ვაუჩერები სასწრაფოდ და ყველგან დავარიგოთ, რადგან მოსახლეობას გაუთვალისწინებელი პრობლემები შეექმნა და ელექტროენერგიის ხარჯი, ჩემი ვარაუდით, 20-30 პროცენტით გაეზარდა და ამიტომ მათ ეს ხარჯი ბიუჯეტიდან უნდა ავუნაზღაუროთ და შევუწყოთ ხელი”, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ასეთი შეღავათები გაცილებით მეტად სჭირდებათ დევნილებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს. თუმცა მგონია, რომ ამ ყველაფრის უკან კარსმომდგარი არჩევნები დგას ...

ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი საქართველოს მთავრობამ ზუსტად ერთი წლის წინაც დაარიგა. ეს იყო პირველი ვაუჩერი იმ ოთხი სხვადასხვა ტიპის ვაუჩერიდან, რომელიც ხელისუფლებამ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გასცა. თუკი ქრონოლოგიას მივყვებით და ათვლას გასული წლის თებერვლიდან ელექტროვაუჩერის დარიგებით დავიწყებთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ მას სულ რაღაც რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ტიპის, ამჯერად უკვე სასურსათო 30 ლარიანი ვაუჩერის გაცემის ინიციატივა მოჰყვა. ამ პროექტის დასაფინანსებლად ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 31 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. კიდევ ერთი, 5 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი - ამჯერად უკვე მხოლოდ თბილისელებისათვის - დედაქალაქის მერიამ ოქტომბერში გასცა და მან 5 მილიონი ლარი შეადგინა. ვაუჩერთაგან ერთ-ერთი უკანასკნელი კი სასოფლო-სამეურნეო 30 ლარიანი ვაუჩერია, რომლის გაცემაც სულ რაღაც ერთი თვის წინ დაიწყო და კვლავაც მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ხელისუფლებას 24 მილიონი ლარი დაუჯდა. და, აი, ხელახლა დატრიალდა წრე და კვლავ ელექტროვაუჩერს მივადექით.

ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი, შარშანდელის მსგავსად, კვლავაც მიუთითებს, რომ ვაუჩერების გაცემა ყველა კატეგორიის ოჯახზე გაუმართლებელი და არაეფექტური ნაბიჯია. ვაუჩერების დარიგება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ლოგიკური, თუკი ის სოციალურად დაუცველი ფენისთვის იქნება განკუთვნილი, მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტსა და კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისათვის” წარმომადგენელს დავით ნარმანიას. გარდა ამისა, ხელისუფლების გამოცოცხლებას სხვადასხვა ტიპის ვაუჩერების გაცემის კუთხით ის კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ამომრჩეველთა გულის მოსაგებად უკან არაფერზე დაიხევს:

”ასეთი შეღავათები გაცილებით მეტად სჭირდებათ დევნილებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს. თუმცა მგონია, რომ ამ ყველაფრის უკან კარსმომდგარი არჩევნები დგას. როდესაც ვამბობთ, რომ ელექტროენერგიაზე გადასახადი არის მაღალი და მისი გადახდა ყველას არ შეუძლია, რატომ არ ვუდგებით ამ საკითხს კომპლექსურად? უნდა შევისწავლოთ არსებული ტარიფი, უნდა გავარკვიოთ, თუ რამდენად რეალურია ეს ტარიფი. ამ ერთჯერადი ღონისძიებით შედეგის მიღწევა შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა საკითხის კომპლექსურად შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება”, - მიაჩნია დავით ნარმანიას.

მე არ მიმაჩნია, რომ ქველმოქმედება და შემწეობების გაცემა ხელისუფლების საქმეა, ამას კერძო სექტორი გაცილებით ეფექტურად განახორციელებს ...
ეკონომიკის ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ვაუჩერების მოხშირებულმა დარიგებამ შესაძლოა ინფლაციის პროვოცირება გამოიწვიოს. თუმცა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი დემურ გიორხელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ აღნიშნული ვაუჩერებისათვის გამოყოფილი თანხა არ შეადგენს იმ რაოდენობას, რომ ამან ქვეყანა ინფლაციამდე მიიყვანოს:

”ეკონომიკაზე ამ ვაუჩერების გაცემას რაიმე სერიოზული გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ისევე როგორც ის ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს იმ ადამიანების სოციალურ მდგომარეობას, რომლებიც მიიღებენ ამ ვაუჩერს”, - ამბობს დემურ გიორხელიძე.

ვაუჩერებით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის შესახებ საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, ზურაბ ჯაფარიძე:

”მე არ მიმაჩნია, რომ ქველმოქმედება და შემწეობების გაცემა ხელისუფლების საქმეა, ამას კერძო სექტორი გაცილებით ეფექტურად განახორციელებს... ეკონომიკური თვალსაზრისით ვაუჩერების გაცემის უარყოფითი ეფექტი არის ის, რომ ფულის ამოღება ხდება კერძო სექტორიდან, სადაც ის უფრო ეფექტურად იხარჯება და ასეთ შემთხვევაში კი მისი გადანაწილება ხდება სახელმწიფოს მიერ. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არ არის მომგებიანი ნაბიჯი”, - მიაჩნია ზურაბ ჯაფარიძეს.

როგორ ხვდება პრეზიდენტის ახალ ინიციატივას ენერგოვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით რიგითი მოსახლეობა, მით უმეტეს, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმულმა დასუფთავების გადასახადმა მათ ამ ზამთარს სერიოზული თავსატეხი გაუჩინა და მათი კომუნალური გადასახადები მნიშვნელოვნად გაზარდა?

- ჩვენი პენსია, ხომ იცი, რამდენია...100 ლარი. რა უნდა გავაკეთოთ? გინდა მოუციათ ვაუჩერი და გინდა არა, მე მგონი, ეს სულერთია.
- მადლობლები ვართ, რომ აქეთ არ გვთხოვენ, მოგვეცითო... რო არ გვართმევენ, მაგაზეც მადლობლები ვართ.
- ჩემნაირ გაჭირვებულს დაეხმარება ეს ვაუჩერი.
- ეს არის მოსახლეობის მასხრად აგდება და მეტი არაფერი.
- ძალიან კარგი იყო, შარშან ვაუჩერი რომ დაარიგეს, ხალხს ცოტათი დაეხმარა და კარგი იქნება, თუკი წელსაც დაარიგებენ.
- გააჩნია რა ფასიან ვაუჩერს დაარიგებენ. ხალხი ისეთი გაჭირვებულია, ნაგვის ბუნკერებში არიან ჩაყუდებულები. მაგას თუ ხალხის დახმარება უნდოდა, ნაგვის გადასახადი შუქის გადასახადზე უნდა მიება? ხალხი პურს ვეღარ ჭამს იმის გამო, რომ ჩაბნელებული არ ისხდნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG