Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ელექტროსადგურები და დენის ტარიფი


ენგურჰესი
ენგურჰესი
საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ ნაციონალური ტელეარხების მიერ გადაცემული სარეკლამო რგოლი იუწყება. ჰესების პროექტებს ემატება ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში საქართველო რეგიონში დენის მსხვილ მწარმოებლად ჩამოყალიბდება. რას მოუტანს ეს ქვეყნის მოსახლეობას და გამოიწვევს თუ არა ელექტროენერგიის საფასურის შემცირებას?

ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობა ვარაუდობდა, რომ 10 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყებოდა, მაგრამ ახლა უკვე ლაპარაკია 15 ჰესის პროექტზე. ამის შესახებ ახლახან გამოჩენილი სატელევიზიო რეკლამა იუწყება:

„საქართველოს მთავრობა 2012 წლის თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებს 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას...“

ამ სარეკლამო კლიპში ჩამოთვლილია ის რეგიონები, სადაც ახალი ჰესები აშენდება და ლაპარაკია იმ შედეგზეც, რასაც პროექტების განხორციელება ქვეყნის მოსახლეობას მოუტანს:

ლაპარაკი არის ათობით ათას სამუშაო ადგილზე, რომელიც იქმნება წელს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დარგი საქართველოს განვითარებისთვის ...
ნიკა გილაური
„ ...დაგეგმილ პროექტებში დასაქმდება 13 ათასზე მეტი ადამიანი, ელექტროენერგიის გამომუშავება, არსებულთან შედარებით, 2-ჯერ გაიზრდება. ჩვენ აღარ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, ჩვენ ვაწარმოებთ მას. 15 ახალი ჰესი იმისათვის, რომ აღარასოდეს დავბრუნდეთ წარსულში.“

ჰესების მშენებლობებზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად საქართველოს მთავრობა ინვესტიციების მოცულობის ზრდასაც მოელის. დაახლოებით 4-5 წლის მანძილზე საქართველოში 4 მილიარდ აშშ დოლარამდე დამატებითი ინვესტიცია შემოვა. ეს კი ეკონომიკის ზრდის მთავარი წინაპირობაა. ინვესტიციებს საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ძირითადად თურქეთი ახორციელებს. სწორედ თურქეთში მოხდება დენის ექსპორტი. ამ პროექტების მნიშვნელობაზე ერთი თვის წინ საქართველო-თურქეთის ენერგეტიკულ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ისაუბრა:

ნიკა გილაური
ნიკა გილაური
„ხელი მოეწერა 40-ზე მეტ ხელშეკრულებას ახალი ჰესების მშენებლობაზე. მათ შორის უდიდესი რაოდენობა არის თურქი ინვესტორები. აშენებენ ჰესებს იმისთვის, რომ ნაწილი ელექტროენერგიის გამოყენებული იყოს საქართველოში, ნაწილი გავიდეს ექსპორტზე. ლაპარაკი არის ათობით ათას სამუშაო ადგილზე, რომელიც იქმნება წელს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დარგი საქართველოს განვითარებისთვის და უმნიშვნელოვანესია სწორედ უმუშევრობის შემცირების მიზნით.”

ჰესების მშენებლობის პროექტებთან ერთად ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური აშენდეს. ეს პროექტიც თურქული ინვესტიციით განხორციელდება „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან ერთად“. ამ კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თბოელექტროსადგური გარდაბანში აშენდება:

„პროექტი შეეხება ახალი მსხვილმასშტაბიანი თბოსადგურის მშენებლობას, 160 მეგავატი სიმძლავრის, რომელიც, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმუშავებს ადგილობრივ ნახშირზე, ტყიბულის ნახშირს მივაწვდით. აღნიშნული თბოელექტროსადგური წელიწადში 1 მილიარდ კვ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე საექსპორტოდ.“

ნათია თურნავას განცხადებით, განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს, ხოლო მშენებლობაზე 300 ადამიანი დასაქმდება. თესის ამოქმედების შემდეგ კი დამატებით 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ძალიან ჭირს გადასახადის გადახდა. პატარა ბავშვები მყავს სახლში, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ დავზოგო ელექტროენერგია ...
ნათია თურნავას თუ ნიკა გილაურის განცხადებებიდან - ისევე როგორც ტელერეკლამიდან - ჩანს, რომ ელექტროსადგურების მშენებლობიდან საქართველო, ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების სახით, ორ სარგებელს მიიღებს. აქვე ლაპარაკია ელექტროენერგიის ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის შესახებ, მაგრამ არავინ დებს პირობას, რომ ეს დენის ტარიფის შემცირებას გამოიწვევს.

არადა, მოსახლეობა დიდი ხანია ელექტროენერგიის სიძვირეს უჩივის, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც მკაცრი ზამთარია და დედაქალაქში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან ერთად დასუფთავების გადასახადიც იზრდება. აი, რა უთხრეს რადიო თავისუფლებას რიგითმა მოქალაქეებმა:

„- ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები ელექტროენერგია დავხარჯოთ, რომ არ მოგვივიდეს დიდი გადასახადი. შემოსავალი ძალიან ცოტა გვაქვს და გვიჭირს გადახდა.
- მართალია,ზამთრის პერიოდში მატულობს ელექტროენერგიის მოხმარება, მაგრამ ხანდახან ზაფხულშიც ვრთავთ კონდიციონერს და ამიტომ ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს ერთმანეთს.
- ძალიან ჭირს გადასახადის გადახდა. პატარა ბავშვები მყავს სახლში, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ დავზოგო ელექტროენერგია, მაგრამ, ადრინდელთან შედარებით, ახლა გაცილებით დიდი გადასახადი მომდის.“

დავით ებრალიძე
დავით ებრალიძე
საქართველოს მთავრობა ამ მოქალაქეების წუხილზე რეაგირებას ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგებით აპირებს. რაც შეეხება ტარიფს, ენერგეტიკის ექსპერტთა დიდი ნაწილი - მათ შორის დავით ებრალიძეც -აცხადებს, რომ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა დიდ დანახარჯებთან, დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული და, შესაბამისად, იქიდან მიღებული ენერგიაც უფრო ძვირია:

„ის კაპიტალური ხარჯები, რომლებიც იქნება დახარჯული, დააწვება ტარიფს. ეს, ერთი მხრივ, თითქოს გაძვირებაა და კარგია, თუ არ მოხდება. მეორე მხრივ, ეს ჰესები საექსპორტოდ არის განსაზღვრული და ის გავლენას ვერ მოახდენს ძველ ტარიფზე.“

ენერგეტიკის ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ჰიდროენერგეტიკა გრძელვადიანი ბიზნესია და ინვესტორები ამ სფეროში კაპიტალის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი ტარიფის გარანტიას მოითხოვენ. შესაბამისად, საქართველოს ისღა რჩება, ჰიდრორესურსების ათვისება ინვესტიციების მოსაზიდად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG