Accessibility links

logo-print

არშემდგარი ტერორისტული აქტი და ერთი კვირა საქართველოში


გასული კვირა საქართველოში შიდაპოლიტიკური აქტივობებით იყო გამორჩეული, კვირის პირველივე დღეს კი მოხდა ფაქტი, რომელმაც მთელ მსოფლიოში გამოიწვია რეზონანსი.

გასული კვირის დასაწყისში, 13 თებერვალს, თბილისში, ისრაელის საელჩოსთან, მოსალოდნელი ტერორისტული აქტი აღკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დროულად გააუვნებელყვეს, ისრაელის საელჩოში მომუშავე საქართველოს მოქალაქის მანქანაზე იყო დამონტაჟებული. იმავე დღეს ინდოეთში ისრაელის საელჩოს მანქანა აფეთქდა. ნიუ დელიში საელჩოს მანქანის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისრაელმა თავდასხმების დაგეგმვაში ირანს დასდო ბრალი, ირანის ხელისუფლებამ ბრალდება კატეგორიულად უარყო, თბილისში მომხდარ ფაქტზე კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ისედაც გართულებული გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე, ქართველმა ექსპერტებმა საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდეს, 14 თებერვალს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ჩაშლილი ტერორისტული აქტის სამიზნე ამჯერად ზუგდიდის ბაზარი იყო და საქმეს ისრაელის საელჩოს თანამშრომლის აფეთქების მცდელობასთან საერთო არ ჰქონია. განცხადების თანახმად, დაკავებული პირი საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა.
ტერორისტული აქტების საფრთხეებით დაწყებული კვირა პოლიტიკური აქტივობით დატვირთული გამოდგა. 15 თებერვალს ოპოზიციის ერთი ფრთის ლიდერმა, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის წევრები წარადგინა:
თითოეულმა მოქალაქემ, როცა არჩევანი გააკეთა, აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრები ოთხი წლით და არა ოთხ-ნახევარი წლით ...
” ელისო ჩაფიძე, ობიექტურობით ცნობილი ჟურნალისტი; ირაკლი ღარიბაშვილი - საქველმოქმედო ფონდ ”ქართუს” პრეზიდენტი გახლდათ დღემდე, წარმატებული მენეჯერიც; ასევე არჩილ კბილაშვილი, ცნობილი ადვოკატი, ნამდვილი პროფესიონალი; გურამ ოდიშარია, სოხუმელი მწერალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში.”

ესაა ნაწილი საზოგადოებისათვის ცნობილი იმ ცხრამეტკაციანი ჯგუფისა, რომელიც ბიზნესმენის პოლიტიკურ ძალას დააკომპლექტებს. თუ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგება, პარტიას თავად ჩაუდგება სათავეში, თუ არადა, პოლიტიკურ პარტიას მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე წარადგენს. საქართველოს პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის თაობაზე მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გახდება ცნობილი. თუმცა საკითხი, მოასწრებდა თუ არა ”ქართული ოცნება” და, მათ შორის, მთელი ოპოზიციური სპექტრი სრულფასოვნად მომზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის, სწორედ გასულ სამუშაო კვირაში გახდა აქტუალური. საქმე ისაა, რომ 17 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” არჩევნების ვადების შეცვლის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების 2012 წლისა და 2013 წლის შემოდგომაზე ჩატარების გადაწყვეტილებით უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია. ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივის” ხელმძღვანელის, მიხეილ დევდარიანის თქმით, ირღვევა კონსტიტუციის 28-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, პარლამენტს ოთხი, ხოლო პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ:

” საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, როცა არჩევანი გააკეთა, აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრები ოთხი წლით და არა ოთხ-ნახევარი წლით, პრეზიდენტიც აირჩია 5 წლით და არა 5 წლითა და 10 თვით. სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა, გარდა იმისა, რომ მივმართოთ სასამართლოს, აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, შევიდეს კონსტიტუციაში ცვლილება და არჩევნები ჩატარდეს იმ მანდატით, რა მანდატითაც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია პრეზიდენტი და პარლამენტი.”

მართალია, საკუთარი პოზიციის ერთგული დარჩა, მაგრამ, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ვადების შესახებ სარჩელი აღარ შეიტანა. შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებით, მაგრამ არჩევნების შემოდგომაზე გამართვის საკითხში პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური სპექტრი - ოპოზიციაც, მმართველი პარტიაც და მათთან ერთად სამოქალაქო სექტორიც - ერთსულოვანი აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის თაობაზე, რომლის ცალკეული რეგულაციების შეცვლის მოთხოვნით გასულ სამუშაო კვირაში დაიწყო და გაგრძელდა აქცია - სამოქალაქო მოძრაობა ”ეს შენ გეხება.” აქცია ორი ძირითადი მიმართულებით წარიმართა -კანონმდებლობის ხარვეზებისა და მათგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება და კანონშემოქმედებითი საქმიანობა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაიმართა შეხვედრები და აქცია, პარლამენტის სახელზე კი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სახელით მომზადდა პეტიცია, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით. ამ აქტივობის ერთგვარი დაგვირგვინება გასული კვირის ბოლოს იყო პეტიციისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსის შესწორებების კანონპროექტის პარლამენტში შეტანა. ექსპერტი კოალიციისა ”არჩევანის თავისუფლებისათვის”, ირაკლი მელაშვილი, ამბობს:

” პერსპექტივაში ველი მინიმუმ საკომიტეტო განხილვას. დანარჩენს მერე მომავალი გვიჩვენებს. აქ მთავარია, რომ თუ არ დაწერე და არ შეიტანე, ისე არავინ არაფერს შეცვლის. ეს საზოგადოებრივი კამპანია იმისთვისაა მნიშვნელოვანი და საჭირო, რომ ამ ადამიანებმა, პარლამენტში მსხდომებმა, გაიგონ, რომ ეს არ არის ერთი და ორი ორგანიზაციის ან ერთი და ორი ადამიანის კერძო მოსაზრება. რომ ეს არის ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი უმრავლესობის აზრი.”
პირველი, ეს არის პოლიტიკური აპათია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ნამდვილად შემცირდა ...


საარჩევნო კანონმდებლობის გაჯანსაღების მცდელობის პარალელურად, სამოქალაქო სექტორი გასულ კვირაში საზოგადოების პოლიტიკური სიმპათიების დადგენასაც შეეცადა. ”ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ - ეს იყო კითხვა, რომელიც საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა თავის სოციოლოგიურ კვლევას დაუდო საფუძვლად. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან - გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, ირაკლი ალასანია, გიორგი თარგამაძე, შალვა ნათელაშვილი, სოზარ სუბარი, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე - არც ერთი არ შეარჩია, პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატად კი 22, 7 %-მა ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. შედეგების მიხედვით, კვლევის ერთ-ერთი ავტორი, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანადირექტორი ნანა სუმბაძე, ორ ტენდენციას გამოყოფს:

” პირველი, ეს არის პოლიტიკური აპათია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ნამდვილად შემცირდა, მაგრამ ამის მაჩვენებელი მაინც მაღალია და ეს 15 %, რომელიც ამბობს, რომ არავის მისცემს ხმას, აშკარად გამოხატული ჯგუფია, რომელსაც ჯერჯერობით არავისი სჯერა. არის კიდევ დანარჩენი 30%, რომელიც ან არ პასუხობს კითხვას, ან არ გადაუწყვეტია.“

ნანა სუმბაძის ბოლო ფრაზით გადავალთ კიდევ ერთ თემაზე, ანუ იმაზე, რომ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან ხუთი თვის თავზე საქართველომ გადაწყვიტა წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოსთან, ტუვალუსთან, დიპლომატიური ურთიერთობა გაეწყვიტა. საინფორმაციო სააგენტო ”სივილ ჯი”-ს თანახმად, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები ტუვალუსთან პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 16 თებერვალს გამოცემული ბრძანების საფუძველზე შეწყდა.
XS
SM
MD
LG