Accessibility links

logo-print

ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერების გაცემა ამ კვირიდან დაიწყება


ნიკა გილაური

ნიკა გილაური

ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერის დარიგება მიმდინარე კვირაში დაიწყება და მას დაახლოებით მილიონ ორასი ათასი ოჯახი მიიღებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა 20 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძეც ესწრებოდა. სწორედ მისი უწყება იქნება პასუხისმგებელი ვაუჩერების დროულად დარიგების პროცესზე.

ექსტრემალურად ცივი ზამთარი და დიდთოვლობით შექმნილი პრობლემები გახდა მიზეზი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მთავრობისათვის მიცემული დავალებისა, მოენახათ თანხები ელექტროენერგიის ერთჯერადი ვაუჩერების დასაფინანსებლად. მთავრობამ დავალება შეასრულა. 20 თებერვალს ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ, გასული წლის მსგავსად, წელსაც ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს მიუვა და ამისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან 25 მილიონი ლარი გამოიყოფა:

”პრეზიდენტის დავალებით შევიმუშავეთ ელექტროენერგიის ვაუჩერის პროგრამა, ვაუჩერის დარიგება ამ კვირიდან დაიწყება და 20 ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს მიუვა, დაახლოებით 1 200 000 ოჯახზე მეტს.”

მოსახლეობის ელექტროენერგიის ვაუჩერით უზრუნველყოფის პროგრამაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტროა. მინისტრი ანდრია ურუშაძე შენიშნავს, რომ, ისევე როგორც შარშან, ამ ვაუჩერის ჩუქება ნებისმიერ ოჯახს შეეძლება მასზე უფრო გაჭირვებული ოჯახისათვის.
ქველმოქმედება და შემწეობების გაცემა ხელისუფლების საქმეა, ამას კერძო სექტორი გაცილებით ეფექტურად განახორციელებს ...

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი საქართველოს მთავრობამ ზუსტად ერთი წლის წინაც დაარიგა. შემდეგ გაჩნდა სასურსათო 30 ლარიანი ვაუჩერის გაცემის ინიციატივა. მაშინ ამ პროექტის დასაფინანსებლად ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 31 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. კიდევ ერთი, 5 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი - ამჯერად უკვე მხოლოდ თბილისელებისათვის - დედაქალაქის მერიამ ოქტომბერში გასცა და ამისათვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯა. სულ ბოლოს სასოფლო-სამეურნეო 30 ლარიანი ვაუჩერის გაცემა დაიწყო და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ეს აღნიშნული პროექტი ხელისუფლებას 24 მილიონი ლარი დაუჯდა.

ეკონომისტები აცხადებენ, რომ ზოგადად მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით თუ წლევანდელ ზამათრს გავითვალისწინებთ, ასეთი ერთჯერადი დახმარებაც შეღავათია, თუმცა პრობლემის გრძელვადიანი მოგვარების თვალსაზრისით ხელისუფლების ეს ნაბიჯი ნაკლებად ეფექტურია და ის შესაძლოა შეფარული წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყოს. ასე ფიქრობს, მაგალითად, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია. მისი კოლეგა ზურაბ ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები არასოდეს არის ეკონომიკურად მომგებიანი:
მე პოზიტიურად შევაფასებდი ამ ნაბიჯს, რადგან, ჯერ ერთი, შეღავათია მოსახლეობისათვის ...
”მე არ მიმაჩნია, რომ ქველმოქმედება და შემწეობების გაცემა ხელისუფლების საქმეა, ამას კერძო სექტორი გაცილებით ეფექტურად განახორციელებს... ეკონომიკური თვალსაზრისით, ვაუჩერების გაცემის უარყოფითი ეფექტი არის ის, რომ ფულის ამოღება ხდება კერძო სექტორიდან, სადაც ის უფრო ეფექტურად იხარჯება, და ასეთ შემთხვევაში კი მისი გადანაწილება ხდება სახელმწიფოს მიერ. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არ არის მომგებიანი ნაბიჯი.”

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგებაში ცუდს ვერაფერს ხედავს და, პირიქით, მიიჩნევს, რომ ეს ერთჯერადი დახმარება მოსახლეობას ზამთრის გადატანაში დაეხმარება. მისი შეფასებით, საფრთხეები არც ინფლაციის გამოწვევის თვალსაზრისით არსებობს. პირიქით, შესაძლოა ზედმეტი ფულის გამოსვლამ ბაზრის პროვოცირება მოახდინოს:

” ამიტომ მე პოზიტიურად შევაფასებდი ამ ნაბიჯს, რადგან, ჯერ ერთი, შეღავათია მოსახლეობისათვის და, მეორეც, ბაზრის პროვოცირების სტიმული, რაც ჰაერივით სჭირდება ჩვენს ეკონომიკას.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG