Accessibility links

კახეთისგან განსხვავებით, გორის რაიონში წელს საქონლის ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ადგილობრივი ვეტექიმები მხოლოდ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში გადიან ხოლმე ადგილზე და იძულებით ვაქცინაციას ატარებენ. ცოფის კერის დაფიქსირების შემთხვევაში, 3–4 კილომეტრის რადიუსში ყველა ცხოველი უნდა აიცრას. გარდა ამისა, საქმეში ერთვება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც, რომლის თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობასთან საგანმანათლებლო შეხვედრებს ატარებენ ხოლმე. ბოლო ხანებში გორის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე სოფლებში საქონლის ბრუცელოზი გავრცელდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსის მამია ბუგულიშვილის განცხადებით, ბაზრები და ხორცით მოვაჭრე მაღაზიები ვალდებულნი არიან ხორცი ლაბორატორიებში შეამოწმონ, რათა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. რაც შეეხება საქონლის პროფილაქტიკურ აცრებს, ამას ადგილობრივი სამსახური არ ახორციელებს და ეს თვითონ საქონლის მეპატრონეზეა დამოკიდებული.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მუდმივ კონტაქტშია, ამ ორ სამსახურს შორის ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს. დაავადების კერის გამოვლენის შემთხვევაში კი ექიმები ადგილზე გადიან და მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებენ. წელს გორის რაიონში საქონლისგან ადამიანზე ბრუცელოზის ორი და ერთი ჯილეხის გადადების შემთხვევა დაფიქსირდა. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარი გიუნაშვილი აცხადებს, რომ ხშირად ექიმებს დაავადებულ პირუტყვთან კონტაქტში მყოფი ადამიანების იძულებით მკურნალობა უწევთ. ეს განსაკუთრებით ცოფის შემთხვევებზე ვრცელდება ხოლმე, რადგან ვაქცინაციის დაგვიანების შემთხვევაში შედეგი ლეტალურია.

წინათ თითქმის ყველა სოფელს ადგილობრივი ვეტექიმი ჰყავდა, რომლებიც მოსახლეობას საქონლის აცრებისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. ახლა კი მთელ შიდა ქართლში მხოლოდ 25 ვეტერინარი მუშაობს, რაც პირუტყვის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, რეგიონში არ არსებობს ორგანიზებული სასაკლაოები. ვეტლაბორატორიები მხოლოდ ხორცის ვარგისიანობის ხარისხს ადგენენ, იმის განსაზღვრა კი, დახლებზე ჯანმრთელი საქონლის ხორცი ხვდება თუ დაავადებულის, პრაქტიკულად შეუძლებელია. არც ის არის გამორიცხული, რომ ბაზრებზე უკვე მკვდარი და მოგვიანებით დაკლული პირუტყვის ხორცი აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG