Accessibility links

ქუთაისისთვის „სუფთა ქალაქის“ სტატუსის შესანარჩუნებლად მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. თანხა ქალაქის ქუჩების დასუფთავებას, მოსახლეობიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასა და პოლიგონზე ნარჩენების კონსერვაციას ხმარდება. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დასუფთავების კომპანიამ „ქუთსერვის ჯგუფმა“ გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის შემდეგ განაახლა და 1 სახვეტი და 12 ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიუხედავად, ნაგავმზიდი მანქანები არასაკმარისია და ქალაქის გარეუბნებიდან ნარჩენების გატანა დადგენილი გრაფიკით კვირაში ერთხელ ხდება, თუმცა ზოგჯერ გრაფიკიც ირღვევა და მოსახლეობა ხშირად ჩივის საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვების გამო.

მრავალსართულიანი ბინების მცხოვრებნი უკვე რამდენიმე წელია მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას კორპუსებიდან ბუნკერების გატანის მოთხოვნით. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება ქალაქის გარეუბნების კერძო მოსახლეობას ზოგჯერ ორი კვირის მანძილზე უწევს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცენტრალური ქუჩებიდან ნარჩენების გატანა სისტემატურად ხდება, რის გამოც მოსახლეობამ ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო და ცენტრში განთავსებულ სანაგვე კონტეინერებამდე მიაქვთ და ყრიან ნარჩენებს.

თავის მხრივ, ადგილობრივ ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ მოსახლეობისგან ნარჩენების გატანა ზოგჯერ ხარვეზებით მიმდინარეობს. დასუფთავების მანქანების გადაადგილების გრაფიკის დარღვევას მოძველებული ნაგავმზიდების ახლით ჩანაცვლების პროცესით ხსნის ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელი ფრიდონ ბეშკენაძე. მისივე თქმით, გამოცხადებულია ტენდერი, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე კვირაში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება ქალაქის მრავალსართულიანი კორპუსებიდან ბუნკერების გატანა.

ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის მოსახლეობას ახალი სტანდარტის ნაგავმზიდებით მომსახურებას მოკლე ხანში ჰპირდება, მანამდე კი ქალაქის გარეუბნებში მცხოვრებნი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელ ალტერნატიულ გზებს ეძებენ.
XS
SM
MD
LG