Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 21 თებერვალი, 2012


რუსეთის ბეჭდური მედია დიდ ყურადღებას უთმობს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებს. „ნეზავისიმაია გაზეტა“ სტატიაში „მიტინგები, როგორც ნულოვანი ტური“ აანალიზებს ხელისუფლებისათვის ბრძოლის ასპარეზის ქუჩაში გადატანის მიზეზებსა და შედეგებს. გაზეთის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ამგვარი აქტივობა მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროცესების ერთგვარი ანარეკლია. რედაქცია იშველიებს პოლიტოლოგ პაველ დანილინის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, ქუჩების დასაკავებლად ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართულ ბრძოლაში უპირატესობა ხელისუფლების მხარეს გადადის. პოლიტოლოგის თქმით, სტაბილურობის შენარჩუნებისათვის დაწყებული მოძრაობა უფრო დინამიკურია, ვიდრე ცვლილებების მოთხოვნისა. „უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც რაღაც აქვთ დასაკარგი და, რომლებიც მზად არიან საკუთარი მონაპოვარი ქუჩაში გასვლითაც დაიცვან“, მიაჩნია პაველ დანილინს. ამ მოსაზრებას იზიარებს მოსკოვში დაფუძნებული საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ევგენი მინჩენკო, რომლის თქმითაც, ოპოზიციას ჟანრის კრიზისი აქვს და ვერ ახერხებს საპროტესტო აქციებში მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას იმ ფონზე, როცა პუტინის მომხრეები სულ უფრო და უფრო თამამად იპყრობენ ქუჩებს.

საარჩევნო ციებ-ცხელების მიუხედავად, რუსეთის ბეჭდური მედიის ერთმა ნაწილმა ყურადღება დაუთმო საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან კრემლის გართულებულ ურთიერთობას. „საკითხის ფასი“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „კომერსანტში“ დაბეჭდილ სტატიას, რომელშიც ლაპარაკია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან ლამის ომამდე მიყვანილ დაძაბულობაზე. სტატიის ავტორი აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ურთიერთობა ფუჭდება არა ისედაც ანტაგონისტურდ განწყობილ საქართველოსთან, ესტონეთთან ან ლიტვასთან, არამედ კრემლისადმი აბსოლუტურად ლოიალურ რეჟიმებთან, და ამის მიზეზი, გაზეთის აზრით, ცალკეულ სახელმწიფო მოხელეთა არაჯანსაღი ინტერესია. სტატიაში მაგალითად მოტანილია ცხინვალში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმება და პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას უხეშად ჩამოშორება. „რაში გვჭირდებოდა ყოველივე ეს?“ - კითხულობს სტატიის ავტორი, „რუსეთის პრესტიჟს კავკასიაში გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. თბილისელი პროპაგანდისტები ვერც კი მოიფიქრებდნენ უკეთეს სცენარს იმისათვის, რომ რეგიონში მოსკოვის პოლიტიკის დისკრედიტირება მოეხდინათ.“

რუსული გაზეთები ასევე წერენ დიდი სამამულო ომის მონაწილეთა მემორიალის ბათუმის ცენტრიდან პერიფერიაში გადატანის შესახებ. გაზეთები მკითხველს შეახსენებენ, რომ ასეთი რამ პირველად არ ხდება და რომ 2009 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქუთაისში დიდების მემორიალი აიღო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ „კომერსანტის“ რედაქცია ელაპარაკა პარტია „სამართლიანი საქართველოსათვის“ წევრ პეტრე მამრაძეს, რომლის სიტყვებითაც, ძეგლის გადატანა ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში პირადად მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ყოფილა. გაზეთის რედაქციამ ასევე სთხოვა განმატება ჟურნალისტ ზურაბ დვალს, რომლის პასუხიც იყო: „ამ მოვლენას საქართველოში მცირე ყურადღება ეთმობა, რადგანაც შენდება საბაგირო გზა და ობელისკისათვის ადგილის შეცვლით არაფერი შავდება. რაღაც საბჭოთა სიმბოლოები და გაფეტიშებული საგნები, რაც ასე მნიშვნელოვანია რუსეთის კომპარტიისათვის, საქართველოში დიდად არავის აღელვებს. არ გვაქვს არც საბჭოთა კავშირისა და არც მეორე მსოფლიო ომის ნოსტალგია.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG