Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 21 თებერვალი, 2012


გაზეთ ”24 საათის” ყურადღების ცენტრში ექცევა პარლამენტის ბიუროს 20 თებერვალს გამართული სხომა. მე-3 გვერდზე დაბეჭდილ მცირე მოცულობის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ორშაბათის ბიუროს სხდომაზე საუბარი იყო პეტიციაზე, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა 17 თებერვალს შეიტანეს პარლამენტში. ისინი საარჩევნო გარემოსა და პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ. ამ კონტექსტში ძირითადად საუბარია ორგანულ კანონზე ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ, რომელშიც ცვლილებები 2011 წლის მიწურულს შევიდა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ აღნიშნული კანონით გარანტირებული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კარგი იქნება, თუ ეს გარანტია კანონის ენაზე უფრო გასაგები იქნება და ”შეშფოთება მოეხსნებათ არასამთავრობო სექტორსა და მედიას”. გაზეთ ”24 საათის” მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარემ სთხოვა დეპუტატებს, რომ კანონმდებლობაში უკეთ აისახოს გამოხატვის თავისუფლების გარანტიები.

ამავე საკითხს შეეხება ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივაც. ფრაქციას მიაჩნია, და ეს 20 თებერვლის ბიუროს სხდომაზეც აღინიშნა, რომ უნდა დაზუსტდეს, თუ რას გულისხმობს ტერმინი ”პოლიტიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებული პირები”. როგორც ”ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელი, დეპუტატი ლევან ვეფხვაძე განმარტავს, შეზღუდვა უნდა შეეხოს მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომელთა დამფუძნებლებს ან ბენეფიციარებს განცხადებული პოლიტიკური მიზანი აქვთ. ამასთან, კანონიდან ამოღებულ უნდა იქნეს ”დაკავშირებული პირების” ყველა ზოგადი განმარტება. ვეფხვაძე თვლის, რომ ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ თავისუფლად საქმიანობის უფლება არ ეზღუდებოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

”რა კომპრომატები აქვთ სააკაშვილის წინააღმდეგ ‘ქართულ ოცნებაში’ ”, - ასეთი სათაურის სტატიას 21 თებერვალს გაზეთი ”ახალი თაობა” ბეჭდავს და საკითხის გაშუქებისას ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც მედიის წარმომადგენლებს 20 თებერვალს მიაწოდა მაია ფანჯიკიძემ, ბიძინა ივანიშვილის მომავალი პოლიტიკური პარტიის ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის წევრმა და საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა.

ამ ინფორმაციაში ყურადღება მახვილდება შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებსა და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შორის, რომელიც, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, უცხოელი მეთვალყურეების თანდასწრებით შედგა. როგორც მაია ფანჯიკიძე აღნიშნავს, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, ”შეხვედრამ ძალიან თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.” ფანჯიკიძე ცუდს ვერაფერს ხედავს, თუკი რაიმე სახით მიმდინარეობს მუშაობა რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე, თუმცა, მისი აზრით, კარგი იქნებოდა, საქართველოს მოქალაქეებსაც გაეგოთ, რა მიზნით ტარდება ასეთი შეხვედრები და რა შედეგები მოაქვს მათ.
ამავე სტატიაში ”ახალი თაობა” წერს, რომ მაია ფანჯიკიძემ 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ”კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს ახადა ფარდა”, რაც მიუნხენის კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის სტუმრობას უკავშირდება. მონათხრობის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ სხდომის წამყვანი იოზეფ იოფე საქართველოს პრეზიდენტის ”დაუპატიჟებელ სტუმრად” მოხსენიებაში დაადანაშაულა. მაია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ თავად იოზეფ იოფემ, ”გერმანიაში ძალიან ცნობილი, პრესტიჟული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაზეთის Die Zeit-ის რედაქტორმა, ამ ინციდენტთან დაკავშირებით სრულიად სხვაგვარი კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ სააკაშვილი მას არც გაუთვალისწინებელ და არც დაუპატიჟებელ სტუმრად არ მოუხსენიებია. მან სააკაშვილს მოულოდნელი სტუმარი უწოდა, რადგან იგი კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა და უკანასკნელ მომენტში ჩასვეს გამომსვლელთა სიაში”. მაია ფანჯიკიძის თქმით, ამგვარ ფაქტებზე საუბარი მათ იმ ცილისმწამებლური კამპანიის საპასუხოდ უწევთ, რასაც ხელისუფლება მათი მისამართით სულ უფრო და უფრო უხეში ფორმებით მიმართავს.

მიმოხილვა განვაგრძოთ გაზეთ ”რეზონანსის” პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიით, რომლის მიხედვითაც საქართველო, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ”ყველა მეზობელ ქვეყანას ჩამორჩება”. გაზეთის ინფორმაციით, 2011 წელს სომხეთში მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა, აზერბაიჯანში - 3 მილიარდ დოლარზე მეტის, უკრაინაში - 7 მილიარდ დოლარზე მეტის, ხოლო რუსეთში 2011 წელს შესული უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 48 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება საქართველოს, მართალია, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შარშანდელი სრული მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ საქართველოს მთავრობის ოპტიმისტური პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში შარშან შემოსული ინვესტიციების მოცულობა ერთ მილიარდ დოლარამდე დამრგვალდება. თუმცა, გაზეთის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციები ამ ჭრილში მაქსიმუმ 900 მილიონ დოლარს პროგნოზირებენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG