Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება” დაფუძნებულია


კოალიცია ”ქართული ოცნება” ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა - ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, ირაკლი ალასანიას ”თავისუფალი დემოკრატები”, დავით უსუფაშვილის ”რესპუბლიკური პარტია” და კახა შარტავას ”ეროვნული ფორუმი”. კოალიციას საკუთარ რესურსებს მოახმარენ ასევე ”კონსერვატიული” და ”ხალხის” პარტიები, რომელთაც ”ქართულ ოცნებაში” ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი წარმოადგენენ. თორმეტპუნქტიანი სადამფუძნებლო დეკლარაცია 21 თებერვალს საზოგადოებას თავად ბიძინა ივანიშვილმა გააცნო.

მაინც რა არის ის, რაც კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებულ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს და რის გაკეთებასაც ერთად გეგმავენ? - 21 თებერვალს ეს კითხვა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, თავად დასვა და თავადვე უპასუხა, როდესაც ”ქართული ოცნების” სადამფუძნებლო დეკლარაცია ჩაიკითხა. სწორედ ამ დეკლარაციის თორმეტ პუნქტში ჩამოაყალიბეს კოალიციის წევრებმა ის ძირითადი ამოცანები, რის გარშემოც გაერთიანდნენ. ”ქართული ოცნების” მთავარი მიზანი ახლა 2012 წლის საპარლამენტი არჩევნებში გამარჯვებაა, ამის შემდეგ განსახორციელებელი გეგმის რამდენიმე პუნქტი კი ასე გამოიყურება:
ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ეს ტრადიცია, რომ ყოველ ორ თუ ოთხ წელიწადში ერთხელ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ დარჩეს ხელისუფლებაში ...
დავით უსუფაშვილი

”ხელისუფლებაში მოსული ”ქართული ოცნება” დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში; განავითარებს ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს; დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობასა და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას; უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, რეგიონალური პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას, მონაწილეობას მიიღებს რეგიონალური მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში; დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებსა და ოსებთან და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში.”

”ამ პოლიტიკურ ძალას ყველაზე უკეთ ესმის რა არის დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა და როგორ უნდა გადაჭრას ის”, - ასე დაიწყო კოალიციის პრეზენტაციაზე გამოსვლა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და მიზნების ჩამონათვალი განავრცო: საქართველოდან გადახვეწილი მოქალაქეების დაბრუნება და მათთვის სამუშაო ადგილების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარება, სამართლიანი ბიზნესგარემო და მონოპოლიების განადგურება.

კოალიციის კიდევ ერთი დამფუძნებლის, რესპუბლიკელთა ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით კი, ქვეყანაში ამ ძალის მოსვლასთან უნდა ასოცირდებოდეს საარჩევნო დემოკრატიის დამკვიდრება ქვეყანაში:
ეს არის სივრცეები, რომელთა ათვისების პროცესში უნდა მოძებნოს საქართველომ მისთვის კუთვნილი როლი და ფუნქცია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ...
კახა შარტავა


”ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ეს ტრადიცია, რომ ყოველ ორ თუ ოთხ წელიწადში ერთხელ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ დარჩეს ხელისუფლებაში, ვინ წავიდეს და ვინ რა დოზით იყოს წარმოდგენილი თვითმმართველობის თუ ცენტრალური მართვის ორგანოებში.“

”ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ კი აქცენტები საერთაშორისო არენაზე საქართველოს როლსა და ფუნქციაზე დასვა:

”საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო როლი და ფუნქცია არის მისი მთლიანობის გარანტი და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების შესაძლებლობათა რეალიზების სათანადო არეალის შექმნის გარანტი. ევროკავშირი, ნატო - ეს არ არის მხოლოდ ორგანიზაციები, რომელთა წევრობისთვის უნდა იბრძოლოს ქვეყანამ; ეს არის სივრცეები, რომელთა ათვისების პროცესში უნდა მოძებნოს საქართველომ მისთვის კუთვნილი როლი და ფუნქცია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, ის შეთავაზება ამ სივრცეებისადმი, რომელიც იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გარანტი და საქართველო უნდა იყოს არა საჯილდაო ქვა, არამედ მრგვალი მაგიდა იმ პრობლემების მოგვარებისა, რომელთა მოგვარებითაც დაინტერესებულია ჩვენი სამეზობლო თუ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირსა და შშ-ში.”

21 თებერვალს ცნობილი გახდა , რომ კოალიციის პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და ნოდარ ხადური. პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფორმირება კი მარტის ბოლოსთვის დასრულდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG