Accessibility links

logo-print

”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას


”ქართული ოცნების” სადამფუძნებლო დეკლარაციაში საუბარია იმის შესახებ, თუ რას აპირებს კოალიცია თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. კერძოდ, პოლიტიკური კოალიცია აცხადებს, რომ დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას, განავითარებს ლიბერალურ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას, დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობას და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც ხალხის აქტიური მონაწილეობით განახორციელებს კონსტიტუციურ რეფორმებს. კოალიცია აცხადებს, რომ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში. დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებსა და ოსებთან და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში. ქართული ოცნება ასევე აცხადებს, რომ დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას, გააძლიერებს ოპოზიციის როლს, დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს, უზრუნველყოფს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, არ დაუშვებს პოლიტიკური ნიშნით დევნას, დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას და პოლიტიკური ზეწოლისგან გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს. ”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც საჯარო სამსახურებს პარტიული ინტერესებისგან გამიჯნავს. კოალიციის მიზნებს შორისაა უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევა, წვრილი და საშუალო ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარება, კერძო საკუთრებისა და შრომის უფლებების დაცვა, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება და ჯანდაცვა და შრომისუუნარო მოქალაქეებითვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. ”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას, იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას, რითიც დაძლევს ერთი მხრივ, ბრმა მიმბაძველობას, ხოლო მეორე მხრივ, ფსევდოპატრიოტული კარჩეკეტილობის ტენდენციებს.
XS
SM
MD
LG