Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი დეფოლტს გადაურჩება - მძიმე სოციალური რეალობის ფონზე


საპროტესტო აქცია საბერძნეთში
საპროტესტო აქცია საბერძნეთში
სამშაბათ დილით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მოხერხდა შეთანხმების მიღწევა საკითხზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემას წარმოადგენდა ევროკავშირისთვის. ევროპელი პარტნიორები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დახმარების მეორე, 130 მილიარდ ევროსგან შემდგარ პაკეტს გამოუყოფენ საბერძნეთს. შესაბამისად, ეს ქვეყანა გადაურჩება კარსმომდგარ დეფოლტს, მაგრამ სოციალური რეალობა იქ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება მძიმე.

საბერძნეთის მოქალაქეებისთვის სამშაბათი დილა დაიწყო ცნობით, რომ მათი ქვეყანა, სავარაუდოდ, თავიდან აიცილებს დეფოლტს, რომელიც მას დიდძალი ვალების გამო უკვე მომავალ თვეში ემუქრებოდა. ამასთან, დღეს ისიც გაირკვა, რომ საბერძნეთის ვალუტად ევრო დარჩება.

თუმცა ამ ცნობებით მოტანილ შვებას მძიმე რეალობა ერწყმის. უკვე ორი წელია საბერძნეთის მოქალაქეების ხელფასები მცირდება, გადასახადები კი იზრდება, ღრმა რეცესიისა და უმუშავრობის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლის ფონზე. და უკვე აშკარაა, რომ ასეთი ვითარება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გასტანს.
13 თუ 14 საათის განმავლობაში გაგრძელებული შეხვედრის შემდეგ მივაღწიეთ ფართომასშტაბიან შეთანხმებას საბერძნეთის ახალი პროგრამისა ...
ჟან კლოდ იუნკერი

საბერძნეთისთვის დახმარების მეორე, 130 მილიარდ ევროსგან შემდგარი პაკეტის გამოყოფის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას ბრიუსელში სამშაბათ დილით მიაღწიეს ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა.

შეთანხმების პირობების თანახმად, საბერძნეთის ობლიგაციათა კერძო ინვესტორებს - ძირითადად ბანკებს და საინვესტიციო ფონდებს - სთხოვენ ჩამოწერონ 100 მილიარდი ევრო იმ თანხიდან, რომელიც საბერძნეთს მართებს.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის და, ამავდროულად, ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფის ხელმძღვანელის, ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, დახმარება მას შემდეგ გაიცემა, რაც ათენი კონსტიტუციაში შეიტანს შესწორებას და ევროკავშირს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს უფლებას მისცემს უფრო მკაცრად გააკონტროლონ მისი ფინანსები.

იუნკერის თქმით, მარტის დასაწყისში ევროზონის მინისტრების კიდევ ერთი შეხვედრა დაინიშნა, რათა შემოწმდეს, რომ ათენი მართლა ასრულებს შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებებს.

„13 თუ 14 საათის განმავლობაში გაგრძელებული შეხვედრის შემდეგ მივაღწიეთ ფართომასშტაბიან შეთანხმებას საბერძნეთის ახალი პროგრამისა და კერძო საინვესტიციო სექტორის შესახებ, რაც საბერძნეთს დავალიანების მნიშნვნელოვან შემცირებას მოუტანს“, - უთხრა იუნკერმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი ცნობით, საბერძნეთი დასთანხმდა წინადადებას შეიქმნას საგანგებო ანგარიში, რომელზეც გარკვეული თანხა დაირიცხება. ესკროუ ანგარიშის სახელით ცნობილი ეს ზომა იქნება ერთგვარი დეპოზიტი - გარანტია, რომ საბერძნეთი გააგრძელებს თავისი საგარეო ვალის გასტუმრებას. ასეთი ანგარიშის შექმნას, როგორც იუწყებიან, ათენისგან გერმანია მოითხოვდა. გერმანიას სურს დარწმუნებული იყოს, რომ საბერძნეთი გააგრძელებს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მაშინაც კი, თუ აპრილში დანიშნული არჩევნებით ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება.
საბერძნეთის მოსახლეობა მწვავე პროტესტით და გულისწყრომით ხვდება ხელმომჭირნეობის ზომებს, რომელსაც საბერძნეთი დახმარების მიღების სანაცვლოდ ატარებს. სავარაუდოდ, ქვეყანაში კვლავაც გაგრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რაც პოლიტიკოსებს გაურთულებს ხელფასების, პენსიების და სამუშაო ადგილების კიდევ უფრო შემცირებას. საბერძნეთის ორი ყველაზე დიდი პროფკავშირი უკვე გამოვიდა მოწოდებით, ოთხშაბათს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართოს.
დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგი მთავრობაც უერთგულებს ამ პროგრამის სრულად ...
ლუკას პაპადემოსი


ამ უკმაყოფილებამ შესაძლოა მოახლოებულ არჩევნებზე მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ბრიუსელში შეთანხმების მიღწევამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, უპრეცედენტოდ დაეცა საბერძნეთის იმ ორი პარტიის რეიტინგი, რომელიც მხარს უჭერდა საერთაშორისო დახმარების პაკეტის მიღებას. სამაგიეროდ, გაიზარდა დახმარების პაკეტის მოწინააღმდეგე, მემარცხენე ორიენტაციის პარტიების მხარდაჭერა.

თუმცა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ლუკას პაპადემოსმა, ორშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბერძნეთი ნაკისრ ვალდებულებებს არჩევნების შემდეგაც შეასრულებსო: „დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგი მთავრობაც უერთგულებს ამ პროგრამის სრულად და დროულად განხორციელებას, რადგან ეს ბერძენი ხალხის ინტერესებს უპასუხებს“, - განაცხადა მან.

ასეა თუ ისე, ჯერჯერობით - მომავალ თვეში - საბერძნეთი დეფოლტს გადაურჩა. ევროს მოქმედების ზონის ფინანსთა მინისტრებმა შეათანხმეს ზომები, რომლებმაც 2020 წლისთვის საბერძნეთის დავალიანება მთლიანი შიდა პროდუქტის 120.5 პროცენტამდე უნდა დაიყვანოს.

სამშაბათს მიღწეულ შეთანხმებას ამ ქვეყნისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ, თუმცა უკვე გამოითქმის ეჭვები, რომ პრობლემების საბოლოო გადაჭრისთვის ეს შეთანხმება საკმარისი არ იქნება. სააგენტო „როიტერსმა“ მოიპოვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ შედგენილი, საკმაოდ პესიმისტური ანგარიში, რომლის თანახმადაც, დავალიანების დახმარების პაკეტით განსაზღვრულ მაჩვენებლამდე დასაყვანად საბერძნეთს დამატებითი სახსრები დასჭირდება, ახლო მომავალში კი ის ეკონომიკური არასტაბილურობის მიმართ მოწყვლადად დარჩება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG