Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვული პროგრამა და ატომური სააგენტოს ექსპერტები


ირანის პრეზიდენტმა თეირანის ატომური რეაქტორი მოინახულა.
ირანის პრეზიდენტმა თეირანის ატომური რეაქტორი მოინახულა.
ირანის ბირთვული პროგრამა ყბადაღებული თემაა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ნოემბერში გამოთქმული ვარაუდის გამო, რომ ის შეიძლება იარაღის შექმნასაც გულისხმობდეს. მას შემდეგ, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ თავის ანგარიშში ეს ვარაუდი გამოთქვა, ირანს არაერთი სანქცია დაუწესდა სწორედ ამ პროგრამის გამო. ორშაბათს კი ირანს სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვია.

ატომური სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფის ირანში სტუმრობის შესახებ ბევრი დეტალი ცნობილი არაა. თეირანში გაფრენამდე დელეგაციის ხელმძღვანელმა, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ჰერმან ნაკერტსმა ვიზიტთან დაკავშირებით იმედი გამოთქვა და შენიშნა, რომ მთავარი იმის გარკვევაა, თუ რა სამხედრო განზომილება აქვს ირანის ბირთვულ პროგრამას, რასაც, მისი თქმით, საკითხის კომპლექსურობის გამო, ცხადია, დრო სჭირდება. ნაკერტსის აზრით, მნიშვნელოვანია, - და მას ამის იმედიც აქვს, - რომ იქიდან დელეგაცია კონკრეტული შედეგებით დაბრუნდეს. რა იქნება ეს კონკრეტული შედეგი, ძნელი სათქმელი, თუმცა სავარუდოა, რომ სამომავლო შეხვედრების თუ ბირთვული ობიექტების მონახულების თაობაზე სააგენტოს თეირანის თანხმობა სჭირდება.

თავიდან გავრცელდა ცნობა, რომ სააგენტოს ექსპერტები - მათი რიცხვი სულ ხუთია -ესტუმრებოდნენ ფარჩინის ობიექტს, სამხედრო ბაზას. მაგრამ თვითონ ირანმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამინ მეჰმანფარასთმა განმარტა, რომ ჩამოსული სტუმრები არიან არა ინსპექტორები, რომლებიც სტუმრობენ ხოლმე და აკონტროლებენ ბირთვულ ობიექტებს, არამედ ექსპერტები, რომლებიც შეხვდებიან ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებს და, მათ შორის, უშუალოდ ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებულ პირებს. ზემოხსენებული ფარჩინის სამხედრო ბაზა შარშან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ იმ ანგარიშში იყო ნახსენები, სადაც თეირანის ბირთვული იარაღის სფეროში ცდებზე იყო ვარაუდი გამოთქმული. ფარჩინი ბირთვული სააგენტოს ინსპექტორებმა ბოლოს 2005 წელს მოინახულეს, მაგრამ არასრულად - იქ არაერთი სეგმენტია, რომელიც წარმოადგენს ინტერესის სამიზნეს. ატომური სააგენტოს ექსპერტების ვიზიტი მოჰყვა წინა კვირას ირანის განცხადებას, რომ თავისი ბირთვული პროგრამის განვითარების მხრივ ეს ქვეყანა წარმატებას აღწევს. ამავე დროს ირანის სამხედრო საჰაერო ძალებმა დაიწყეს მანევრები ქვეყნის სამხრეთში. წვრთნის მიზანია დაიხვეწოს და დამუშავდეს სამხრეთის არეალიდან ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის მოგერიების ხერხები.

მანევრები, სახელწოდებით „საროლაჰი“, რაც სპარსულიდან თუ ვთარგმნით ქართულად, „ღვთის შურისძიებას“ ნიშნავს, იმართება ბუშერის ნავსადგურის არეალში, ისლამური რესპუბლიკის ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგურის მახლობლად. ამ ფონზე, ირანმა განაცხადა, რომ ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გარდა, ევროპის კავშირის სხვა ქვეყნებსაც. ევროპის კავშირმა ეს მუქარა არ შეიმჩნია და გაკეთდა განცხადება, რომ ევროპას ნავთობით მომარაგების საქმე მოგვარებული აქვს. ირანის ნაბიჯი რეაქციაა სხვადასხვა ხასიათის ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებზე, რომელიც მას დაუწესა თავიდან გაერომ, შემდეგ, ცალმხრივი სახით, აშშ-მა, ბოლოს კი - ევროპის კავშირმა, რომელმაც ირანის ნავთობზე ემბარგოს დადება გადაწყვიტა ივლისიდან. თეირანმა დაასწრო ევროკავშირს, რომლის არაერთი წევრი დიდადაა დამოკიდებული მის ნავთობზე, და მიწოდება შეუწყვიტა, პირველ რიგში, ბრიტანეთს და საფრანგეთს. ამ სანქციების მიზანია ირანის იზოლაცია საფინანსო თვალსაზრისით, ანუ თეირანისთვის შემოსავლის წყაროს შეზღუდვა, რამაც ხელი უნდა შეუშალოს ბირთვული პროგრამის განვითარებას. თეირანი თვითონ აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო ბუნებისაა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ვარაუდს გამოთქვამს, რომ ის შეიძლება ბირთვულ იარაღზე მუშაობდეს. ისრაელი თვლის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მას უშუალო საფრთხეს უქმნის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები თეირანიდან ოთხშაბათს დილით დაბრუნდებიან ვენაში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG