Accessibility links

22 თებერვალს, დილით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს თავს დაესხნენ. გუდაუთიდან სოხუმისკენ მიმავალ ესკორტს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან და ყუმბარსატყორცნიდან გაუხსნეს. შედეგად დაიღუპა დაცვის ერთი თანამშრომელი, ორი კი მძიმედ დაიჭრა. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავად ალექსანდრ ანქვაბი არ დაშავებულა. რა ვითარებაში მოხდა თავდსხმა და ვინ ერჩის თვათგამოცხადებული რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს?

თავდასხმა მოხდა დილით, რვა საათსა და ოც წუთზე. ერთი საათის შედეგ „ტოიოტას“ მარკის დამწვარი ჯიპი, რომელშიც თავდასხმის დროს თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის დაცვის წევრები ისხდნენ, ჯერ ისევ გზის სავალ ნაწილზე ეგდო და ბოლავდა. მეხანძრეებთან ერთად შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობდნენ.

ადგილობრივი ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ხის ტანში გაჩხერილი ყუმბარის ნაწილი. შემთხვევის ადგილზე მისულმა თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა ასევე გამოიყენეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ნაღმი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე იყო დადებული.


„ადგილი ჰქონდა დაცვის მოწყვეტის მცდელობას. შემდგომ ექსკორტს ცეცხლი გაუხსნეს ყუმბარსატყორცნიდან და ტყვიამფრქვევიდან, თუმცა პრეზიდენტი ცოცხალია. დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ამ წუთისათვის აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება. პრეზიდენტი სამუშაო ადგილზე იმყოფება და დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს.“

სტანისლავ ლაკობას თქმით, აფხაზი სამართალდამცავები ტერორისტებს თვითაღიარებული რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ეძებენ. მიმდინარეობს სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით - „ხელში ჩაგდება“. საგულისხმოა, რომ არც ლაკობა და არც სხვა რომელიმე აფხაზი თანამდებობის პირი არ ლაპარაკობს ეგრეთ წოდებულ „ქართულ კვალზე“. ალექსანდრ ანქვაბის პრესმდივანმა კრისტიან ბჟანიამ სააგენტო ”ინტერფაქსს” უთხრა, რომ გამოძიება ამუშავებს ყველა შესაძლო ვერსიას, თუმცა ჯერჯერობით ტერაქტში ქართული კვალი არ იკვეთება. გია გვაზავაც, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ ალექსანდრ ანქვაბს კრიმინალსა და კორუფციაში ჩართული ადგილობრივი კლანები ებრძვიან:
იქ არიან გვარები, კლანები, რომლებსაც აქვთ გავლენის სფეროები, ანქვაბი კი პრაქტიკულად ყველა სფეროს შეეხო...

„ის ადამიანები, რომლებიც იქ განსაზღვრავენ პოლიტიკას და იარაღით ხელში დარბოდნენ, ანქვაბისთვის მიუღებელია და მათთან მიდის ბრძოლა. იქ არიან გვარები, კლანები, რომლებსაც აქვთ გავლენის სფეროები, ანქვაბი კი პრაქტიკულად ყველა სფეროს შეეხო. აქ, ალბათ, საუბარია „ატკატებზე“, გადმორიცხული ფული რომ იყოფა რუს და ადგილობრივ ჩინოვნიკებს შორის. ბევრი თანამშრომელი დაითხოვა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ბევრი დაიჭირა.“

გია გვაზავას თქმით, შემთხვევით არაა, რომ ალექსანდრ ანქვაბს მეექვსედ დაესხნენ თავს. ადგილობრივი საზოგადოებაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლის გამო უჭერს მხარს. ასე იყო მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისა და ვიცე-პრეზიდენტობის დროს და, როგორც აფხაზეთში გამომავალი გაზეთის „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი ამბობს, ასე არის პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც:

„იმისათვის აირჩიეს, რომ წესრიგი დაამყაროს. თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევები, სამსახურიდან გათავისუფლება, კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა - ყველაფერი ეს დაკავშირებულია ანქვაბის სახელთან, მის ბრძოლასთან... ანქვაბთან, რომელიც კვლავაც შეეცდება წესრიგის დამყარებას.“

ინალ ხაშიგმა ეს ვარაუდი 2011 წლის აგვისტოში გამოთქვა და, როგორც ჩანს, არც შემცდარა. ანქვაბის პოლიტიკას ბევრი მოწინააღმდეგე და მტერი ჰყავს აფხაზეთში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ უბედურების თავი და თავი რუსეთის საოკუპაციო ჯარები და იზოლაციაა:
თუ ოკუპანტი ვერ ახერხებს იმას, რომ ადგილობრივი მარიონეტები მონური ერთგულებით იმსახუროს, მათ მოცილებას ცდილობს...

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე - პირველ რიგში, სამართლებრივად - პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტს. თუ ოკუპანტი ვერ ახერხებს იმას, რომ ადგილობრივი მარიონეტები მონური ერთგულებით იმსახუროს, მათ მოცილებას ცდილობს. ამის გარდა, მოსკოვი წინააღმდეგია რეგიონში საერთაშორისო მეთვალყურეების შეყვანისა. წინააღმდეგია ის სტრუქტურა, რომელიც თვითონ აწყობს ტერაქტებს.“

22 თებერვალს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიმოსვლა შეწყდა ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვარზე. რადიო თავისუფლების ზუგდიდელი კორესპონდენტის ცნობით, ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG