Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლების ოპტიმიზაცია - ილახება თუ არა განათლების უფლება


უკანასკნელი წლების განმავლობაში განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული სკოლების ოპტიმიზაციის პოლიტიკის შედეგად, საქართველოს მასშტაბით ასობით სკოლა დაიხურა. განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს, რომლებსაც სკოლაში მისასვლელად კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ. მშობლები და პედაგოგები განათლების უფლების შელახვაზე საუბრობენ, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს თავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აცხადებს, რომ თითოეული მოსწავლის ინტერესი სრულად არის დაცული. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა სკოლის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართეს.

გელა უგულავა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეების გურამის და დავითის მამაა. გურამი მეხუთე კლასშია, დავითი მეორეში. გელა უგულავა შიშობს, რომ თუკი სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა გაუქმდება, მის შვილებს დღეში რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწევთ იმისათვის, რომ გვერდით სოფელში, ხუნწის საჯარო სკოლაში იარონ.
ბავშვებს დღეში დაახლოებით 14 კილომეტრის გავლა მოუწევთ ფეხით. ჩვენთან ტრანსპორტი არ დადის... როგორ გავუშვა ბავშვები ამ სიშორეზე?..
გელა უგულავა

“ჩვენი სახლიდან ხუნწის სკოლა ბევრად უფრო შორსაა. ბავშვებს წინ და უკან დღეში დაახლოებით 14 კილომეტრის გავლა მოუწევთ ფეხით. ჩვენთან ტრანსპორტი არ დადის. მეც ეს სკოლა მაქვს დამთავრებული, ჩემს მეუღლესაც. პედკოლექტივია ძალიან კარგი. როგორ გავუშვა ბავშვები ამ სიშორეზე? მარტო 4 კილომეტრი ტრასაზე, ცენტრალურ გზაზე უნდა იარონ”, - ამბობს გელა უგულავა.

ლეციცხვაიეს სკოლაში წერილი იმის შესახებ, რომ ის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლას უნდა შეერთებოდა, გასული წლის ზაფხულში მიიღეს. როგორც სკოლის პედაგოგი და ყოფილი დირექტორი ელგუჯა სულავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰყვება, მარტვილის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განათლების მინისტრის სახელზე დაწერა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მას მიზანშეწონილად მიაჩნდა ლეციცხვაიეს სკოლის ხუნწის სკოლასთან შეერთება. განათლების მინისტრმა ეს განცხადება, ელგუჯა სულავას თქმით, 12 ივლისს დააკმაყოფილა. თუმცა, როგორც ის ამბობს, სკოლების გაერთიანება მოსწავლეების მშობლებმა გააპროტესტეს და 15 სექტემბერს - მაშინ, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყო - მათ შვილები კვლავ ლეციცხვაიეს სკოლაში წაიყვანეს და პარალელურად სკოლის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი სხდომა ჩატარდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, გვეუბნება ელგუჯა სულავა.

”როცა 15 სექტემბერს ბავშვები კვლავ ლეციცხვაიეს სკოლაში მოვიდნენ, 4 ოქტომბერს მოგვივიდა მინისტრის წერილი, სადაც ის ამბობდა, რომ თითქოს ლეციცხვაიეს სკოლაში დარჩებოდა დაწყებითი საფეხური, ანუ პირველი ექვსი კლასი. მაგრამ არც ხელშეკრულებებია გაფორმებული დაწყებითი კლასების პედაგოგებთან, ისინი ხელფასსაც კი არ იღებენ. სოფელი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ აქ მხოლოდ ექვსი კლასი უნდა დარჩეს, მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ ეს სკოლა იურიდიულად აღარ არსებობს, ანუ ლეციცხვაიეს სკოლა არსად აღარ მოიხსენიება”, - ამბობ ელგუჯა სულავა.

სოფელ ლეციცხვაიესა და სოფელ ხუნწის საჯარო სკოლების გაერთიანებას გამოეხმაურა 22 თებერვალს „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია. ”ყველა სოფელს საკუთარი სკოლა”, - ასეთია გზავნილი, რომლითაც ის განათლების სამინისტროს მიმართავს. მანანა ნაჭყებიას თქმით, განათლების სამინისტროს პოზიცია, რომ სკოლების ოპტიმიზაცია სახელმწიფო პოლიტიკაა და ისინი ცდილობენ მოზარდებს სწავლისათვის უკეთესი პირობები შეუქმნან, მათთვის მიუღებელია:

”მინდოდა, რომ თავდაპირველად განათლების სამინისტროსთვის მიმემართა, მაგრამ ვიცი, რომ მათი პოზიცია იქნება შეუვალი. ამიტომ მივმართავ მათ მედიის საშუალებით, რომ მოუბრუნდნენ ლეციცხვაიეს სკოლის პრობლემას და გადაწყვიტონ ისე, როგორც ამას მოითხოვს სოფლის მოსახლეობა და რომ ყველა ოჯახს ჰქოდნეს იმის უფლება, რომ იყვნენ მშვიდად, რომ მათ შვილებს არ მოუწევთ დილის შვიდ საათზე სახლიდან გასვლა და არავინ იცის, როგორ ჩააღწევენ გვერდით სოფელში”, - ამბობს მანანა ნაჭყებია.
სკოლების ოპტიმიზაციისას ყველა მოსწავლის ინტერესი დაცულია. სამინისტრო კატეგორიულად არ ეთანხმება აზრს იმის შესახებ, რომ ამით ილახება მოსწავლეების უფლებები...
ნინო პოტრჟებსკაია

რადიო თავისუფლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა და ქვეყანაში სკოლების ოპტიმიზაციის საკითხსა და კონკრეტულად ლეციცხვაიეს სკოლის პრობლემაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. თავდაპირველად პრესსამსახურის კომენტარი აღნიშნული საკითხების თაობაზე მოკლე იყო: ”ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ”. თუმცა მოგვიანებით პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო პოტრჟებსკაიამ ასე განგვიმარტა:

”სკოლების ოპტიმიზაციისას ყველა მოსწავლის ინტერესი დაცულია. სამინისტრო კატეგორიულად არ ეთანხმება აზრს იმის შესახებ, რომ ამით ილახება მოსწავლეების უფლებები, რადგან ყველა რაიონსა თუ სოფელში, სადაც არ არის სასწავლო დაწესებულება, სამინისტროს ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დანიშნულია ტრანსპორტი. იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს კონკრეტული პრობლემა, მაშინ მოგვმართონ ან ჩვენ, ან ადგილობრივ ხელისუფლებას და ეს პრობლემა მოგვარდება”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნინო პოტრჟებსკაია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2005 წლიდან დედაქალაქსა და რეგიონებში, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის თანახმად, მცირე კონტინგენტის სკოლების ოპტიმიზაცია დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით 1200 სკოლა დაიხურა. გარდა ათასობით გათავისუფლებული პედაგოგისა, სკოლების ოპტიმიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება სოფლად განათლების ხელმიუწვდომლობა, რაც, საბოლოო ანგარიშით, სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციას იწვევს.
XS
SM
MD
LG