Accessibility links

logo-print

ალექსანდრ ანქვაბი ამჟამად სოხუმში იმყოფება


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვერტმფრენების მონაწილეობით მიმდინარეობს ოპერაცია ალექსანდრ ანქვაბზე დღევანდელი თავდასხმის მონაწილეთა დასაკავებლად - ამის შესახებ აფხაზური და რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის კორტეჟს თავს დილით დაესხნენ გუდაუთა-სოხუმის საავტომობილო გზაზე. ადგილობრივ სამართალდამცავთა ინფორმაციით, თავდაპირველად ფუგასი აფეთქდა, შემდეგ კი ავტომანქანებს ნაღმმტყორცნიდან და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც დაცვის წევრებმა სროლითვე უპასუხეს. თავდასხმის შედეგად ალექსანდრ ანქვაბი არ დაშავებულა. დაიღუპა მისი დაცვის ერთი წევრი და სამი დაიჭრა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტზე თავდასხმის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მის გამოსაძიებლად შეიქმნა ადგილობრივი პროკურატურის, შსს-სა და უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა ოპერატიული ჯგუფი. 2005 წლიდან დღემდე ალექსანდრ ანქვაბს თავს 5-ჯერ დაესხნენ, ორი თავდასხმისას ის დაიჭრა. არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ალექსანდრ ანქვაბი ამჟამად სოხუმში იმყოფება და საკუთარ მოვალეობას ასრულებს.
XS
SM
MD
LG