Accessibility links

logo-print
აქტივისტების ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალების წყალობით ბოლო დღეებში დაახლოებით 100 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 40 კაცი პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალებმა ალყაშემორტყმულ ქალაქ ჰომსში დახოცეს. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალები საარტილერიო ცეცხლს უშენენ დასახლებულ პუნქტებს პროვინცია იდლიბში, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს. ახალი ძალადობა ემთხვევა საერთაშორისო წითელი ჯვრის მცდელობას, ყოველდღიურად მცირე ხნით მაინც შეწყდეს ხოლმე ცეცხლი, რომ მოხერხდეს განსაცდელში ჩავარდნილი მოსახლეობის დახმარება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე იაკობ კელენბერგი ამბობს, რომ ცეცხლი ყოველდღე უნდა შეწყდეს ჰომსში ორი საათით, ნება დაერთოს წითელი ჯვრის თანამშრომლებსა და სირიის წითელი ჯვრის მოხალისეებს, შეიტანონ დახმარება ქალაქში და გამოიყვანონ დაჭრილები. იმავდროულად, ვაშინგტონი არ გამორიცხავს გარკვეულ მომენტში იარაღის მიწოდებას სირიელი მეამბოხეებისათვის, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობას ცდილობენ.
თუკი ჩვენ მიერ განხორციელებული ზეწოლა საკმარისი არ აღმოჩნდა ბაშარ ალ-ასადის დასაყოლიებლად, მაშინ მოგვიწევს ვიფიქროთ დამატებით ზომებზე...

„ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ აზრი ჰქონდეს სირიის შემდგომ მილიტარიზებაში წვლილის შეტანას. რაც ჩვენ არ გვსურს, რომ ვხედავდეთ, ეს ძალადობის სპირალური ზრდაა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი ჩვენ მიერ განხორციელებული ზეწოლა საკმარისი არ აღმოჩნდა ბაშარ ალ-ასადის დასაყოლიებლად, მაშინ მოგვიწევს ვიფიქროთ დამატებით ზომებზე“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა.

გაეროდან მიღებული ცნობით, გენერალური მდივანი ბან კი მუნი უკვე არჩევს შესაფერის კანდიდატურას იმისათვის, რომ არა მხოლოდ სირიისათვის ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირებას უხელმძღვანელოს, არამედ კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური გზების მოძიებასაც შეეცადოს.

დასავლეთის და არაბეთის სახელმწიფოები, რომლებიც არ მალავენ, რომ ასადის ჩამოგდებას ცდილობენ, ემზადებიან „სირიის მეგობრების“ სახელით ცნობილი საკონტაქტო ჯგუფის საინაგურაციო შეხვედრისათვის, რომელიც 24 თებერვალს ტუნისში გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ არ დაესწრება ამ შეხვედრას, რადგან ტუნისში არ იქნება წარმოდგენილი სირიის მთავრობა:

„რუსეთი ემხრობა იმას, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ყველა წევრი გამოდიოდეს როგორც მთელი სირიელი ხალხის და არა მხოლოდ მისი ერთი ნაწილის მეგობარი.“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ყურადღება გაამახვილა ტუნისის შეხვედრაზე, რომელიც დახმარებას შესთავაზებს „მამაც სირიელ ხალხს“ და ამით აჩვენებს, თუ რაოდენ იზოლირებულია დამასკო:
ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი


„ ეს რთული პროცესია განსაკუთრებით სირიელი ხალხისათვის, რომელიც ყოველდღიურად განიცდის იმ სასტიკი ძალადობის შედეგებს, რაც მათ თავს ხდება. მე არ მსურს წინასწარ ვისაუბრო შეხვედრაზე, რომელიც იქნება ძალიან დიდი თავყრილობა და კიდევ ერთხელ მოახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად არის ერთიანი საერთაშორისო საზოგადოება ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ გავუგზავნით მკაფიო მესიჯს რუსეთს, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდნენ იმაში, თუ როგორ უნდა მოხდეს მზარდ ძალადობასთან გამკლავება და დღემდე არასწორ არჩევანს აკეთებენ.“

რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოს ორ რეზოლუციას, რომელიც გმობს დამასკოს იმ ძალმომრეობის გამო, რასაც, გაეროს თანახმად, სულ მცირე 5000 კაცის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG