Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობა ააქტიურებს ოპერაციებს ოპონენტების წინააღმდეგ


სირიაში ოპოზიციის აქტივისტების მონაცემებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ ქვეყანაში 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა სამხედრო ოპერაციებმა, რომლებსაც მთავრობა ააქტიურებს სხვადასხვა რეგიონში, უწინარეს ყოვლისა, ჰომსისა და დილიბის პროვინციებში. ოთხშაბათს ქალაქ ჰომსში მოკლულებს შორის არის ორი უცხოელი ჟურნალისტი. ცნობების თანახმად, სირიის სამთავრობო ჯარებმა საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს შენობას, რომელსაც ჟურნალისტები მედიაცენტრად იყენებდნენ. ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ წარმომადგენელმა, სოაზიგ დოლემ დღეს პარიზში განაცხადა: „ბოლო ინფორმაცია, რომელიც აქვს „რეპორტიორებს უსაზღვრებოდ“, არის ის, რომ დღეს დილას ორი უცხოელი ჟურნალისტი მოკლეს ჰომსში: საფრანგეთის მოქალაქე რემი ოშლიკი, ფოტოგრაფი, და ჟურნალისტი მარი კოლვინი, გაზეთ „სანდეი ტაიმსის“ ჟურნალისტი. ჩვენ შევიტყვეთ აგრეთვე, რომ სერიოზულად დაიჭრა სამი, ან ოთხი უცხოელი ჟურნალისტი“. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ფრანგ ჟურნალისტს ედიტ ბუვიეს სასწრაფოდ სჭირდება შველა, რადგან ის დაჭრილია და დაკარგა ბევრი სისხლი. მისი ჰომსიდან გაყვანა არ ხერხდება, რადგან გზები მთავრობის ჯარიპს მიერ არის გადაკეტილი. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, 7600-ს გადააჭარბა სირიაში შარშანდელი მარტის შემდეგ მოკლულთა რიცხვმა. შარშან მარტში დაიწყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან 5500-ზე მეტი სამოქალაქო პირი, 400 შეიარაღებული მეამბოხე და 1700-მდე ჯარისკაცი და პოლიციელი.
XS
SM
MD
LG