Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედგაცრუება ირანში ვიზიტით


ჰერმან ნაკერტსი ვენის აეროპორტში, 22 თებერვალს ირანიდან დაბრუნების შემდეგ
ჰერმან ნაკერტსი ვენის აეროპორტში, 22 თებერვალს ირანიდან დაბრუნების შემდეგ
ირანში დასრულდა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ვიზიტი. მისი მონაწილეები იმედგაცრუებას არ მალავენ. თეირანის პოზიციის გამო ექსპერტებმა ვერ მიაღწიეს ორ მთავარ მიზანს, რომლებიც თავიანთი ვიზიტისას ჰქონდათ დასახული.

ირანში ვიზიტისას, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები არ შეუშვეს ფარჩინის სამხედრო კომპლექსზე, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო მიზნებისათვის გამოყენებასთან. ასევე ამაო გამოდგა უცხოელი ექსპერტების მცდელობა, ირანის მხარესთან შეეთანხმებინათ ბირთვული პროგრამის გარშემო საკითხების გარკვევის მექანიზმი. ამის შესახებ ნათქვამია ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, იუკია ამანოს განცხადებაში, რომელიც ირანში ექსპერტების ორდღიანი ვიზიტის დასრულებას მოჰყვა.

რაც შეეხება თვით ექსპერტებს, ხუთკაციანი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰერმან ნაკერტსმა განაცხადა: „ჩვენ ვცადეთ შეთანხმების მიღწევა იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად. კერძოდ, ვიმსჯელეთ ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლო, სამხედრო განზომილებაზე. შევეცადეთ ასევე, მოგვეპოვებინა შესვლის ნებართვა ობიექტზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი გამოძიებისათვის“.

იქვე ნაკერტსმა, რომელიც ოთხშაბათს ჩაფრინდა ირანიდან ვენაში, დასძინა: „სამწუხაროდ, ვერც ერთ საკითხზე ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას - ანუ, ვერ მივიღეთ ობიექტზე შესვლის ნებართვა და ვერ შევთანხმდით, რა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ასე რომ, ახლა ანგარიშს ჩავაბარებთ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს და მოგვიანებით მმართველთა საბჭოს, რომელიც მარტის დასაწყისში შეიკრიბება. და ამის შემდეგ ვნახავთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“.

ობიექტი, რომელიც ნაკერტსმა ახსენა, არის ზემოხსენებული ფარჩინის სამხედრო კომპლექსი. ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ექსპერტებს ის უკვე რამდენიმე წელია, 2005 წლის შემდეგ აღარ დაუთვალიერებიათ.- არადა, საქმე ეხება ობიექტს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ირანის შესახებ ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ბოლო, გასული წლის მიწურულის ანგარიშში. ამ ანგარიშში გამოთქმული შეფასებით, ირანის ბირთვული პროგრამის ზოგ კომპონენტს მხოლოდ სამხედრო დანიშნულება შიძლება ჰქონდეს.

თუმცა, ირანი, როგორც ცნობილია, გადაჭრით უარყოფს ბრალდებას, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ოთხშაბათს ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თვით უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გამოსვლაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცა: „ჩვენ არ გვსურს ბირთვული იარაღის მოპოვება, არ ვეძებთ ძალას ბირთვულ იარაღში და შეგვიძლია, გავანადგუროთ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია ბირთვულ იარაღზე და, ღვთის ნებით, ჩვენი ერი ამას გააკეთებს“.

ირანის უზენაესი ლიდერის ამ მუქარის ფონია სამხრეთ ირანში მიმდინარე სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „საროლაჰი“, ანუ „ღვთის შურისძიება“. წვრთნები ემსახურება საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებას და ტარდება ბუშერთან, სადაც მდებარეობს ირანის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური. თეირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG