Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 23 თებერვალი, 2012

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელ გაზეთებში ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის შესახებ წაიკითხავთ სტატიებს. ”ახალი თაობა” – ”ავღანეთში უკვე 15 ჯარისკაცი მოგვიკლეს. სააკაშვილი მომხდარის გამო შეწუხებულია”; ”24 საათი” – ”ამერიკელი მაღალჩინოსანი ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო წუხს”; ”საქართველოს რესპუბლიკა” – ”ავღანეთში კიდევ სამი ბიჭი მოგვიკლეს”; ”რეზონანსი” – ”3 ჯარისკაცი სააკაშვილისთვის დაგეგმილ საჩვენებელ სპეცოპერაციას შეეწირა?”.

”რეზონანსის” ავტორი წერს, რომ ერთი ვერსიით, ჯარისკაცები ”ავღანეთში 20 თებერვალს საგანგებოდ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით დაგეგმილ საჩვენებელ სპეცოპერაციას შეეწირნენ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ სალომე მახარაძეს ”რეზონანსისთვის” უთქვამს: ”ჯარისკაცების დაღუპვა ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. ასეთ შემთხვევაში შემდეგი წესით ვმუშაობთ - ინფორმაციას იღებს თავდაცვის მართვის ცენტრი, რის შედეგადაც სპეციალური წარმომადგენელი ატყობინებს ოჯახს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საჯაროდ მისი გახმოვანება”. სამხედრო ექსპერტმა და ”ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა კი ”რეზონანსს” უთხრა: ”სააკაშვილმა ავღანეთში ამერიკელებთან ერთად ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარა და მაქვს ინფორმაცია, რომ ქართველი ჯარისკაცები ზუსტად ამ სპეცოპერაციას შეეწირნენ, თუმცა დეტალურად რა მოხდა სპეცოპერაციის დროს, არ მაქვს ინფორმაცია. ეს შეიძლება მომხდარიყო დაუგეგმავი სპეცოპერაციის დროს ან კიდევ სააკაშვილის პიარის საჭიროებისთვის. ამასთან, ის, რომ ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ყოველთვის ორი დღის დაგვიანებით ვიღებთ ინფორმაციას, ეს ფაქტია.”

”24 საათი” წერს საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკის ვიზიტის შესახებ: ”ცნობისათვის, ეს ვოლებეკის გეგმური ვიზიტია საქართველოში, თუმცა ამჯერად ოკუპირებულ რეგიონებში გამგზავრებას ვერ ახერხებს. ევროპელი დიპლომატი საქართველოში გაზაფხულზეც ჩამოვა. ამ პერიოდში ის, სავარაუდოდ, ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებს შეხვდება და თავის რეკომენდაციებს მოხსენებაში ასახავს, რომელსაც ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს წარუდგენს.”

დღეს პრესა აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის შესახებაც წერს. ”ალექსანდრე ანქვაბმა უნდა თქვას, იღბლიანი კაცი ვარო. იღბალი რომ არა, ის 6 ტერორისტულ აქტს ნამდვილად ვერ გადაურჩებოდაო”, წერს ”ახალი თაობა”. იმავე სტატიაში ავტორი მკითხველს შეახსენებს ანქვაბის ბიოგრაფიას და მის გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის პოსტის მოპოვების შემდეგ: ”ცოტა ხნის წინ მისი ბრძანებით დააკავეს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ჩირო შონია, რომელიც სერგეი ბაღაფშის ცოლის ახლო ნათესავი იყო. ამ ფაქტმა, როგორც ამბობენ, ადგილობრივი კრიმინალების დიდი გაღიზიანება გამოიწვია და არ არის გამორიცხული, გუშინდელი ტერორისტული აქტი მათ მიერ იყოს მოწყობილი.”

”ალიის” პირველ გვერდზე სპორტული აღნაგობის კაცების ფოტოებია დაბეჭდილი და თითოეულ მათგანს გვარ-სახელის გარდა აქვს წარწერა - ”ჯალათი №” ესა და ეს. ”ალიას” მოძრაობა ”არას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჩიტაძე ესაუბრა. ის ამბობს, რომ ფოტოებზე გამოსახული პირები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაქირავებული სპორტსმენები არიან (რესპონდენტი ინტერვიუში მათ ”ჯალათებს” უწოდებს), რომლებსაც ”ხელისუფლება ძირითადად პოლიტიკური ანგარიშსწორებებისთვის და პოლიტიკური სპეცოპერაციების ჩატარების დროს იყენებს. მკვლელების ეს რაზმი ბოლოს 26 მაისს გამოჩნდა.”

”ალიაში” დღეს ვალერი გელბახიანთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის ამბობს: ”თუკი ისე მოხდა, რომ კვლავ შემაბრუნეს, ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეს კატასტროფა იქნება. მე უნდა დავამტკიცო, რომ უდანაშაულო ვარ, თუ ეს ვერ შევძელი და ვერ დავამტკიცე, ალბათ, ამ შემთხვევაში, დამჭირდება საზოგადოების ამოქმედება და მხარდაჭერა. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ, არჩევნებამდე ხელისუფლება ვერ გაბედავს გამწვავებაზე წასვლას.”
XS
SM
MD
LG