Accessibility links

logo-print

უმცირესობის დაშლა-არმოშლა


საპარლამენტო უმცირესობის ოფისი საქართველოს პარლამენტში

საპარლამენტო უმცირესობის ოფისი საქართველოს პარლამენტში

საპარლამენტო ფრაქციებში განხორციელებულმა ცვლილებებმა - დეპუტატების მიერ ფრაქციების გამოცვლამ - ეჭვქვეშ დააყენა საპარლამენტო უმცირესობის არსებობის საკითხი. ასე მიიჩნევს ოპოზიციური ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლის აზრითაც, საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნებით მმართველი პარტიაა დაინტერესებული, თუმცა მცდელობისას არ დაშლილიყო გია თორთლაძის ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ უხეშად დაირღვა პარლამენტის რეგლამენტი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობას ფრაქციები და მათთან მიმხრობილი დეპუტატები ქმნიან. მოქმედ საპარლამენტო უმცირესობაში ორი ფრაქციაა - „ძლიერი საქართველო“ და „ქრისტიან-დემოკრატები“. დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცებით, პარლამენტის კანცელარიიდან გამოთხოვილი მასალების მიხედვით, დეპუტატ რატი მაისურაძის გადასვლისას ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ფრაქცია „ძლიერ საქართველოში“ დაირღვა პარლამენტის რეგლამენტის 89-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა:

„იყო თუ არა სათანადო წესით რეგისტრირებული ბატონი რატი მაისურაძის განცხადება, რომლითაც მას უნდა მიემართა გია თორთლაძისთვის, რათა გია თორთლაძეს შესაბამისი წესით მიეღო თავის ფრაქციაში? აღმოჩნდა, რომ რატი მაისურაძის განცხადება რეგისტრირებული არ ყოფილა, ანუ მაისურაძეს არ მიუმართავს კანონით დადგენილი წესით. ეს ერთი შეხედვით მცირე პროცესუალური დარღვევა ყირაზე აყენებს მთელ მოცემულობას, რადგანაც რატი მაისურაძის შეუსვლელობით იშლება თორთლაძის ფრაქცია, ფრაქციის დაშლით იშლება უმცირესობა, ვინაიდან უმცირესობას, პარლამენტის რეგლამეტის მიხედვით, ქმნიან ფრაქციები.“

მოთხოვნის იგნორირების გამო, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამტკიცებს, რომ მაისურაძე დამოუკიდებელი დეპუტატია, ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ და, შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობა კი დაიშალა. კოლეგის ამ მოსაზრებასა და არგუმენტებს არ იზიარებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი:
„ლორთქიფანიძისა და ცაგარეიშვილის - ამ ორი ადამიანის მთელი პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან ბრძოლით ცდილობენ მოიპოვონ ადგილი ივანიშვილის კარზე ...

„უმცირესობა არსებობს! არანაირი პრობლემა მასთან დაკავშირებით არ არის! უბრალოდ, განცხადება დევს ფრაქციაში და არა პარლამენტის აპარატში. რეგლამენტით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და საორგანიზაციო დეპარტამენტმა უნდა მიიღოს ინფორმაცია ფრაქციიდან. ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ გია თორთლაძის ფრაქციიდან და ფრაქციაში ეს განცხადება არის თუ არა დარეგისტრირებული, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს განცხადება არის!“

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გაოცებულია ოპოზიციონერი კოლეგის განცხადებებით. გაოცებული და აღშფოთებულია უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძეც. მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ ფორმალურ პროცედურებზე გამოდევნება მხოლოდ საბაბია.

„ლორთქიფანიძისა და ცაგარეიშვილის - ამ ორი ადამიანის მთელი პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან ბრძოლით ცდილობენ მოიპოვონ ადგილი ივანიშვილის კარზე. დიმიტრი ლორთქიფანიძე მებრძვის იმისათვის, რომ სააკაშვილი რომ მოვა პარლამენტში, რეგლამენტით განკუთვნილი 45 წუთი არ გამოვიყენო. ეს არის დამატებითი დრო დებატებისთვის. სხვა არანაირი პოლიტიკური ერთობა „უცირესობა“ არაა“, უთხრა ლევან ვეფხვაძემ რადიო თავისუფლებას.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის ბიუროს უკანასკნელ სხდომაზე მართლაც მოითხოვა პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობის დროს ფრაქციისათვის გამოყოფილი დროის გაზრდა, თუმცა მის ამ მოთხოვნას უმცირესობისა და უმრავლესობის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დიმიტრი ლორთქიფანიძე იმ განცხადების გამოც გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა უმცირესობას ხელოვნურად ინარჩუნებს.

თუმცა, მიხეილ მაჭავარიანის ამ განცხადების პასუხად, დიმიტრი ლორთქიფანიძე კვლავაც ამტკიცებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაინტერესებულია ისეთი უმცირესობის შენარჩუნებით, როგორიც დღევანდელ პარლამენტშია წარმოდგენილი. დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, დეპუტატების გადასვლა ერთი ფრაქციიდან მეორეში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთ-ერთ ოპოზიციურ ფრაქციაში, რასაც ბოლო დროს ჰქონდა ადგილი, ერთადერთ მიზანს - მართვადი უმცირესობის შენარჩუნებას ემსახურება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG