Accessibility links

logo-print

ავღანეთი: ისტორიის სახელმძღვანელო უახლოეს წარსულს გვერდს უვლის


დემონსტრაცია ქაბულში

დემონსტრაცია ქაბულში

ისტორიის წიგნებიდან ახლო წარსულის ომებისა და კონფლიქტების ამოღება, მათი წაშლა მომავალი თაობების მეხსიერებიდან - ესაა, ავღანეთის ხელისუფლების აზრით, გამოსავალი, რათა ამ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ეთნოსსა და პოლიტიკურ ძალებს შორის მტრობა აღარ გაჩაღდეს. ავღანეთის წარსული ომების ისტორიაა. და ეს ომები მათ ჰქონდათ არამარტო მომხვდურებთან - ბრიტანელებთან, რუსებთან თუ ამერიკელებთან... ბოლო არა აქვს ავღანეთის შიდადაპირისპირებებს - დაპირისპირებებს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ დაჯგუფებებს შორის. როგორ გინდა დაწერო ამ ერთი ქვეყნის ერთი ისტორია, სადაც ყოველ მხარეს არის გმირი, რომელიც მეორე მხარეს მოღალატეა?!. ავღანეთის ახლანდელმა ოფიციალურმა მმართველებმა ჩათვალეს, რომ მიაგნეს გამოსავალს, გზას, როგორ ასწავლონ ისტორია, რომ ის მისაღები იყოს ყველა ავღანელისთვის, ეთნოსის, პოლიტიკური სიმპათიისა და რელიგიის მიუხედავად. ეს გამოსავალი ისტორიის წიგნებიდან წარსული ორმოცი წლის ამოღებაა. ეს ორმოცი წელიწადი მოიცავს საბჭოთა კავშირის ათწლიან ოკუპაციას, მის შემდგომ სამოქალაქო ომს, თალიბანის რეჟიმის ბატონობას ამ ომის შემდეგ, აშშ-ის მეთაურობით დასავლეთის ქვეყნების ჯარების შეჭრას ავღანეთში და დღევანდელობას, როცა უცხოეთის ჯარი ჯერ კიდევ იქაა. ამ ყველაფრის ამოღება სურთ ისტორიის წიგნებიდან. ავღანეთის განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ეს იქნება ერთადერთი დამტკიცებული სახელმძღვანელო, რომელიც ახალი არაპოლიტიკური სასწავლო გეგმის ნაწილს წარმოადგენს. ეს ინიციატივა სამი წლის ასაკისაა, ის მთავრობას ეკუთვნის და მთავრობავე აფინანსებს მას საერთაშორისო დონორებთან ერთად. ამ დონორებს შორის ასახელებენ აშშ-ის არმიის დახმარების პროგრამას უცხოეთის ქვეყნებისთვის - ამ შემთხვევაში, ერაყისა და ავღანეთისთვის. პროგრამას ოფიციალურად ჰქვია „საგანგებო ვითარებაში მეთაურთა რეაგირების პროგრამა“.

ეს პროგრამა, ანუ ფონდი, ერაყსა და ავღანეთში ამ ქვეყნების ხალხს, გზებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს უნდა მოხმარებოდა. თუმცა რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა დამოუკიდებელი დასტური მიეღო იმაზე, მართლაც მოხმარდა თუ არა ამ ფონდის თანხა განათლების ამ რეფორმას, ახალ სასწავლო გეგმას. როგორც უნდა იყოს, წიგნები იბეჭდება, პირველ რიგში, ინდოეთში და საკუთრივ ავღანეთში. განათლების მინისტრის მოადგილეს მოჰამად ასეფ ნანგს იმედი აქვს, რომ ასეთი ლიტერატურა ეროვნულ თვითშეგნებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით - ახალ თაობაში:
განათლების სამინისტრო ისტორიის შეფასებისას ასე ახლომხედველი და პესიმისტურად განწყობილი არ უნდა იყოს. ...

„ისტორიამ თაობები უნდა შექმნას და განკურნოს ისინი და არა მოსპოს. ისტორია უნდა ირეკლავდეს ქვეყნის შესახებ სიმართლეს და მის დიდებას. ის ეტაპები, რომლებიც ძველ დაპირისპირებას და მტრობას განაახლებს, დაშლის ქვეყნის ერთიანობას, ისტორიიდან ამოღებულ უნდა იქნეს. ცარიელი გვერდები სჯობს იმ თავებს, რომლებიც მტრობითაა აღსავსე.“

მთავრობა ინიციატივას ემხრობა, მაგრამ ავღანეთის საზოგადოებაში არიან ძალები, რომლებიც საღ აზრს ინარჩუნებენ და აცხადებენ, მაგალითად, რომ მთავრობას სურს იმ საველე და სამხედრო მეთაურების ბოროტება დამალოს, რომლებიც სამოქალაქო ომში იყვნენ ჩაბმული და დღეს მთავრობაში თანამდებობები უკავიათ. სხვები განათლების სამინისტროს სდებენ ბრალს, რომ ვერ ასრულებს თავის მოვალეობას განათლების თვალსაზრისით. პარლამენტის წევრი ელაი ერშადი ასე უყურებს ამ საკითხს:

„განათლების სამინისტრო ისტორიის შეფასებისას ასე ახლომხედველი და პესიმისტურად განწყობილი არ უნდა იყოს. ისტორია უნდა დაეყრდნოს მოვლენებს, რომლებიც რეალურად მოხდა, ის სინამდვილეს უნდა ეფუძნებოდეს. ისტორიის ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალი გავაკონტროლოთ. ცნობილია: წარსული დღევანდელ დღეს ქმნის და აწმყო კი მომავალს განსაზღვრავს.“
იმის დოკუმენტირება, რაც მოხდა წარსულში, კარგი საქმეა. მომავალი თაობები როცა ჩვენს ისტორიას შეისწავლიან, ეცოდინებათ, ვინ ემსახურა ქვეყანას ...

ერშადის აზრით, ავღანეთის ახალგაზრდობის უფლებაა იცოდეს თავისი ისტორია. ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამან შეიძლება ზიანი მოიტანოს:

„ჩვენმა შვილებმა, ახალგაზრდებმა, უნდა იცოდნენ, რაც მოხდა. განათლების სამინისტროს არა აქვს უფლება ტვინები გამოურეცხოს ხალხს და სიბნელეში ამყოფოს. მადლობა ღმერთს, არსებობს მედია და ისტორიის წიგნები, საიდანაც ხალხს შეუძლია ისწავლოს თავისი ისტორია.“

განათლების სამინისტროს ამ იდეას, დაუმალოს ახალგაზრდა თაობას ბოლო ათწლეულებში მომხდარი, ეწინააღმდეგება ზოგიერთი მასწავლებელიც. მათ შორისაა აბდულა, რომელმაც მხოლოდ სახელი გაგვიმხილა და რომელიც ფიქრობს, რომ ახალგაზრდებს აქვთ უფლება თვითონ შეაფასონ თავიანთი ქვეყნის წარსული:

„იმის დოკუმენტირება, რაც მოხდა წარსულში, კარგი საქმეა. მომავალი თაობები როცა ჩვენს ისტორიას შეისწავლიან, ეცოდინებათ, ვინ ემსახურა ქვეყანას და ვინ უღალატა მას.“

ავღანეთის ბოლო წლების მოვლენები სრულად აისახებოდა სკოლებში და საერთოდ განათლების სისტემაში; იყო პერიოდები, როცა სასკოლო ოთახი პროპაგანდის არენას წარმოადგენდა. როცა საბჭოთა კავშირმა დაიკავა ავღანეთი, კომუნისტური იდეები ვრცელდებოდა. მათ აშშ-ის მიერ მალულად გავრცელებული ანტიკომუნისტური ლიტერატურა ენაცვლებოდა ხოლმე. შემდეგ, თალიბანის დროს, წიგნი ჯიჰადის და წმინდა ომის იდეებს ავრცელებდა. ის, რაც ახლა გადაწყვიტა ავღანეთის განათლების სამინისტრომ, ბოლო წლების განმავლობაში დავის თემა იყო არამხოლოდ სამინისტროში.მასში ჩართული იყვნენ პოლიტიკოსები, ისტორიკოსები, მასწავლებლები. ამ ხალხმა, ამ სჯა-ბაასის მონაწილეებმა დაადგინეს, რომ ჯობს ისტორიის წიგნებიდან ამოიღონ პერიოდი, დაწყებული 70-იანი წლებიდან, სანამ მონარქია დაემხობოდა, დღემდე. ამ განხილვის დროს მუდმივი უთანხმოება იყო იმაზე, თუ როგორ წარედგინათ სასწავლო ლიტერატურაში ესა თუ ის პირი, ამა თუ იმ ომის მონაწილე, ერთი მხარისთვის - გმირი, მეორე მხარისთვის - ბოროტმოქმედი. განათლების სისტემაში დაკავებულ პირებს ახლა უწევთ ქვეყნის ისტორიის წიგნიდან მათი ნამოქმედარის, ბოლო 40 წლის ამოღების მართებულობაში დაარწმუნონ მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები.
XS
SM
MD
LG