Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას მოითხოვს


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის თქმით, პარასკევს ტუნისში დანიშნულ შეხვედრაზე მისი ქვეყანა გამოვა ინიციატივით, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა დამასკზე. ტუნისში „სირიის მეგობრებად“ წოდებული ჯგუფი უნდა შეიკრიბოს. ჰეიგის თქმით, ჯგუფი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაზრდას მოითხოვს იმ სისხლიანი რეპრესიების გამო, რომელსაც ეს რეჟიმი ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართავს. დიპლომატების მიერ გავრცელებული ცნობებით, პარასკევის შეხვედრაზე დასავლეთის და არაბული ქვეყნების წარმომადგენლები წამოაყენებენ მოთხოვნას ასადმა ზავი გამოაცხადოს და ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადგილებში ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას. „სირიის მეგობრებად“ ცნობილი ჯგუფი პარასკევს პირველ შეხვედრას გამართავს. ჯგუფი მას შემდეგ შეიქმნა, რაც მიმდინარე თვეში გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს რეზოლუციას, რომელიც ასადის რეჟიმს გმობდა და სირიაში ხელისუფლების გადაცემის მოთხოვნით გამოდიოდა. ხვალინდელ შეხვედრაზე 70-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ოფიციალური პირები შეიკრიბებიან. რუსეთი შეხვედრას გმობს - მას ცალმხრივს უწოდებს და მონაწილეობაზე უარს აცხადებს. შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ჩინეთმაც.
XS
SM
MD
LG