Accessibility links

რუსეთი საქართველოს ბრალს სდებს სამხრეთ ოსეთში ჩადენილ დანაშაულში


რუსეთი საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელისუფლებას ბრალს სდებს სამხრეთ ოსეთში პიროვნების, მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას მიღებულია უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება იყო თანამონაწილე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულისა. მათ შორის დასახელებულია მკვლელობა, ომის წარმოებისას აკრძალული მეთოდების გამოყენება, გენოციდი და თავდასხმა ისეთ პირებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც საერთაშორისო დაცვით სარგებლობენ. საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებს, ამიტომ მიმართავს ზომებს საქმეში სისხლის სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტების ჩასართავად. თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო, რომლის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებად გასული წლის ბოლოს ცნო, რუსეთს ადანაშაულებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში. კერძოდ, საქართველო რუსეთს ბრალს სდებს სიცოცხლის, თავისუფლების, უსაფრთხოების, პირადი ცხოვრების, საკუთრების და განათლების უფლებათა ხელყოფასა და წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევაში.
XS
SM
MD
LG