Accessibility links

ირანში ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო არჩევნებს


საარჩევნო ბიულეტენები

საარჩევნო ბიულეტენები

მომდევნო პარასკევს, 2 მარტს, ირანში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ისლამისტური რესპუბლიკის სასულიერო ლიდერები და პოლიტიკური ელიტა ამომრჩეველთა სარეკორდო მონაწილეობას ვარაუდობს.

ირანის გასამხედროებული ძალების, „ბასიჯების“ სამხედრო დაჯგუფების სარდალმა მოჰამედ რეზა ნაღდიმ ირანელებს მიულოცა გრანდიოზული მასშტაბით მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. ერთადერთი პრობლემა აქ ისაა, რომ არჩევნები მხოლოდ მომდევნო პარასკევს უნდა გაიმართოს, მისი უცნაური წინასწარი მილოცვა კი რეზა ნაღდიმ ახსნა სრული შინაგანი რწმენით, რომ 2 მარტის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც სადავოდქცეული 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ტარდება, დიდძალი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, მომავალი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ირანული ისტებლიშმენტისთვის, რომელიც უპრეცედენტოდ მძლავრ საგარეო ზეწოლას განიცდის ქვეყნის სადავო ბირთვული პროგრამის გამო, ქვეყნის შიგნით კი საზოგადოებრივ უკმაყოფილებას აწყდება. ქვეყნის სასულიერო წრეებს სჭირდებათ ხალხმრავალი არჩევნები ლეგიტიმურობის დასადასტურებლად და როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ იმის საჩვენებლად, რომ ისინი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობენ.

გასული კვირების განმავლობაში ირანის ხელისუფლება ყველა საშუალების გამოყენებით მოუწოდებდა ირანელებს მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, რითაც „დარტყმას მიაყენებენ მტრებს“ და წინ აღუდგებიან მათგან მომავალ საფრთხეს.

ცნობილმა რადიკალმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა მაკარემ შირაზიმ ისიც კი თქვა, ცოდვად იქნება მიჩნეული არჩევნებში მონაწილეობის მიუღებლობაო.

ზემოხსენებული მოჰამად რეზა ნაღდი, „ბასიჯების“ მეთაური, წინასწარმეტყველებს, რომ მომავალ კვირაში დანიშნულ არჩევნებში ხალხის მონაწილეობის მასშტაბები „როგორც მეგობრების, ისე მტრების მოლოდინსაც კი გადააჭარბებს.“

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ხმის უფლების მქონე ირანელების 60 პროცენტი ღებულობდა მონაწილეობას, 2 მარტის არჩევნებში კი, პროგნოზებით, მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა 80 პროცენტი. მაგრამ თეირანიდან მოსული ცნობების თანახმად, იმის გამო, რომ რეფორმისტი პოლიტიკოსები და მათი მომხრეები არჩევნების ბოიკოტს აპირებენ, არჩევნების მიმართ საყოველთაო ენთუზიაზმი მცირეა. მიმომხილველები ამბობენ, რომ კვლავაც დიდია 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებით გამოწვეული იმედგაცრუება, რასაც იმხანად მასობრივი ქუჩის აქციები და დემონსტრაციები მოჰყვა.

იმავდროულად, რეზა ნაღდისა და ირანის სხვა ოფიციალური პირების ასეთი ხაზგასმული განცხადებები მოსალოდნელი ხალხმრავალი არჩევნების თაობაზე წარმოშობს ეჭვებს საარჩევნო პროცესის შესაძლო მანიპულაციების შესახებ.

საერთაშორისო სტანდარტებით ირანში ჩატარებული არჩევნები ფასდება როგორც არც თავისუფალი და არც სამართლიანი.

ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ ირანელ ამომრჩევლებს, დარჩნენ სახლებში არჩევნების დღეს და ასე გამოუცხადონ სოლიდარობა „მწვანე მოძრაობის“ იმ ლიდერებს, რომლებსაც ირანის რეჟიმმა შინაპატიმრობა მიუსაჯა. თავის მხრივ, „იმედის მწვანე მოძრაობის“ საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს ოპოზიციას, არჩევნების წინა დღეს, 1 მარტს, გავიდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ყველას უთხრან, რომ ეს იქნება „სანახაობრივი არჩევნები“.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე ძალებს, ირანში 2 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქვეყნის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადისა და ქვეყნის სასულიერო ლიდერის ალი ხამენეის მოკავშირეები.

წინასაარჩევნო კამპანია კი ირანში ოფიციალურად 25 თებერვალს დაიწყო.
XS
SM
MD
LG