Accessibility links

logo-print

კარელ დე ჰუხტი: "ევროკავშირთან პარტნიორობა ბიზნესის რეალურ კეთებას ნიშნავს"


კარელ დე ჰუხტი

კარელ დე ჰუხტი

28 თებერვალს საქართველოს ეწვევა ევროკომისარი ვაჭრობის დარგში კარელ დე ჰუხტი, რომლის მოგზაურობის პროგრამაში მოლდავეთიც შედის. ამ ვიზიტით ოფიციალურად იწყება მოლდავეთთან და საქართველოსთან ევროკავშირის მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ. თბილისში სტუმრობის პროგრამაშია ევროკომისრის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან. ვიდრე მოლდავეთსა და საქართველოში გაემგზავრებოდა, კარელ დე ჰუხტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელელ კორესპონდენტს რიკარდ იოჟვიაკს.

რადიო თავისუფლება: ბატონო დე ჰუხტ, შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ იწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებას საქართველოსთან და მოლდავეთთან?

კარელ დე ჰუხტი: როგორც იცით, მოლდავეთი და საქართველო [ევროპის] აღმოსავლეთის სამეზობლოს [პროგრამის] მონაწილე ქვეყნები არიან. ჩვენი, და აღმოსავლეთის სამეზობლოს [პროგრამის] გეგმაში შედის ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება - რაც, თავის მხრივ, ამ ქვეყნებთან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი იქნება. იდეა იმაში მდგომარეობს, მას „ღრმა და ყოვლისმომცველი“ იმიტომ ეწოდება, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვაფორმებთ ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, არამედ ერთმანეთთან შესაბამისობაში მოგვყავს ამ ქვეყნებისა და ევროკავშირის კანონმდებლობაც. მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას - კანონმდებლობის შესაბამისობაში მოუყვანლად - სრული შედეგი ვერ მოჰყვება.
კანონმდებლობის შეცვლა იმის წინაპირობაა, რომ ექსპორტი პრაქტიკაშიც განხორციელდეს.

მაგალითისთვის, ავიღოთ რძის პროდუქტების მრეწველობის სექტორი - მოლდავეთს რძის პროდუქტების არაერთი სახეობის ექსპორტი შეუძლია ევროკავშირში. მაგრამ ამას ვერ აკეთებს, რადგან [მისი პროდუქცია] არ უპასუხებს ევროკავშირის ფიტოსანიტარულ ნორმებს. მოლდავეთში კანონმდებლობის შეცვლა კი იმის წინაპირობას შექმნის, რომ ექსპორტი მხოლოდ თეორიულად არ იყოს შესაძლებელი და ის პრაქტიკაშიც განხორციელდეს - მოლდავეთმა მართლა შეძლოს ევროპის ბაზრებზე თავისი პროდუქციის გატანა.

რადიო თავისუფლება: ხომ არ არსებობს საშიშროება, რომ საქართველოსა და მოლდავეთს ამით მეტისმეტად ბევრი ბიუროკრატიული შეზღუდვა შეექმნას? რაც უთუოდ დამანგრეველი იქნებოდა ამ ქვეყნებში მრეწველობის ბევრი დარგისთვის...

კარელ დე ჰუხტი: ჩემი აზრით, საქმე ზუსტად საპირისპირო სურათთან გვექნება. ვინაიდან, როცა კანონმდებლობა ერთმანეთის შესაბამისია - და რამდენიმე პუნქტში ის იდენტურიც კი იქნება - ეს სწორედ შეზღუდვების აღმოფხვრას და ბიზნესის რეალურ კეთებას ნიშნავს. სწორედ ამის მიღწევა
როცა კანონმდებლობა ერთმანეთის შესაბამისია, ეს ბიზნესის რეალურ კეთებას ნიშნავს.

გვსურს - გვინდა ეს ქვეყნები კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ ევროკავშირთან ვაჭრობის გაფართოების გზით. ევროკავშირი მათი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. 2011 წელს ვაჭრობის მოცულობა უკვე მკვეთრად გაიზარდა. იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია 2012 წელსაც გაგრძელდება. და თუ ამას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც დაემატა, მაშინ, ჩემი აზრით, მოლდავეთს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებს ნამდვილად ნათელი მომავალი ექნება.

რადიო თავისუფლება: საქართველოდან რის იმპორტი, და ამ ქვეყანაში რის ექსპორტი იქნება შესაძლებელი?

კარელ დე ჰუხტი: ბოლო ხანს საქართველომ ეკონომიკის სფეროში საკმაო წარმატებას მიაღწია. ამ ქვეყანამ შეძლო მისთვის ჩვეული რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სხვა ბაზრებით - უწინარესად ევროკავშირის ბაზრებით. ევროკავშირი საქართველოსთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. საუბარი კვლავ იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, თუმცა წარმოებულ საქონელსაც განვიხილავთ - მაგალითად, ღვინოს. იგივე ეხება მოლდავეთსაც - იქაური ღვინის ექსპორტს ევროკავშირში. ეს სპეციფიკური ღვინოებია, თუმცა ამ სახის ვაჭრობა სულ უფრო მეტად ვითარდება.

რადიო თავისუფლება: ბატონო კომისარო, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქართული ღვინო შესძლებს შეაღწიოს ევროპულ ბაზარზე, სადაც ძალიან მაღალი ხარისხის, ფრანგული, იტალიური, ესპანური ღვინოებია დამკვიდრებული?
ევროკავშირის შიგნით ბაზარი ყველა კარგ ღვინოს ექნება.


კარელ დე ჰუხტი: ჩემი აზრით, ევროკავშირის შიგნით ბაზარი ყველა კარგ ღვინოს ექნება, საიდანაც უნდა იყოს ის. ევროპელებს მრავალფეროვანი გემოვნება აქვთ. საქართველო ისტორიულად ძალიან კარგ ღვინოს აწარმოებს. ქართველებს ის საკმაოდ დიდი რაოდენობით გაჰქონდათ, მაგალითად, რუსეთში. ამასთან, საქმე გვექნება ამ სექტორში ინვესტიციების გაზრდასთან. იქ ღვინის წარმოებისთვის იდეალური კლიმატური პირობებია. კარგი პროდუქციის შექმნა, და შემდეგ ამ პროდუქციით ევროპის ბაზრებზე ვაჭრობა მათზეა დამოკიდებული.

რადიო თავისუფლება: ბოლო შეკითხვა - როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გასტანს ეს მოლაპარაკებები? უკრაინის მაგალითს თუ გავიხსენებთ, იქ ამას თითქმის ოთხი წელიწადი დასჭირდა. როგორ ფიქრობთ, საქართველოსა და მოლდავეთის შემთხვევაშიც ასეთივე პერიოდთან გვექნება საქმე?

კარელ დე ჰუხტი: არა მგონია. ორივე შემთხვევაში მოლაპარაკებისთვის
მოლაპარაკებები ოთხ წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდება.

ძალიან კარგად მოვემზადეთ. უკვე გაიმართა არაერთი დისკუსია, შევთანხმდით ძირითად პრინციპებზე, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს მოლაპარაკების დაწყებამდე უნდა დაეკმაყოფილებინათ. ამდენად, ჩატარებულია საკმაოდ სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მოლაპარაკებების დასრულება შედარებით მოკლე დროში იქნება შესაძლებელი.

რადიო თავისუფლება: ოთხ წელიწადზე ნაკლებში?

კარელ დე ჰუხტი: დიახ, ნამდვილად ოთხ წელიწადზე ნაკლებში.
XS
SM
MD
LG