Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნა ბოლო ოპოზიციური კანდიდატი - სერგეი ზასეევი. მიუხედავად იმისა, რომ ზასეევმა ლინგვისტური გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მას ხელმომწერთა სიებში დარღვევები აღმოუჩინეს და საარჩევნო მარათონს ჩამოაცილეს. ნოემბრის არჩევნებზე ზასეევი ალა ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირი იყო. კანდიდატების საბოლოო რეგისტრაცია ვერ გაიარეს ჯიოევას თანამებრძოლმა ვლადიმერ ქელეხსაევმა - იგი გამოცდაზე ჩაიჭრა - და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ. მიუხედავად იმისა, რომ ძიცოითი მმართველი პარტიის წევრია, ბოლო ხანებში ჯიოევას მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა. მის საბუთებშიც კომისიამ დარღვევები აღმოაჩინა. ასეთი სახის დარღვევებს კომისია ვერ პოულობს იმ კანდიდატების საბუთებში, ვინც ცხინვალში მოსკოვის ფავორიტებად ითვლებიან. ლეონიდ თიბილოვმა და დავით სანაკოევმა კანდიდატების მოწმობები უკვე აიღეს. მალე მათ დიმიტრი მედოევიც შეუერთდება.

ადგილობრივი ექსპერტები წინასწარვე ვარაუდობდნენ, რომ კრემლი ყველა ოპოზიციურ კანდიდატს რეგისტრაციამდე ჩამოიშორებდა და გზას მხოლოდ საკუთარ რჩეულებს გაუხსნიდა - ამის შესახებ რადიო თავისუფლებაც იუწყებოდა. ახლა ადგილობრივი პოლიტიკოსები და ექსპერტები უკვე ხმამაღლა აცხადებენ, რომ ისედაც საეჭვო არჩევნებმა ლეგიტიმურობის ხარისხიც დაკარგა. იური ძიცოითის აზრით, ჯერ ალა ჯიოევას საკითხიც გასარკვევია, ხალხს კი არჩევანის გაკეთებას უკვე არჩეულებიდან სთხოვენ.

ოსი ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრემლის სცენარში ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის ინტერესებიც გათვალისწინებულია. კოკოითი ამჟამად მმართველი პარტიის - „ედინსტვოს“ - თავმჯდომარეა და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მისი გუნდი შენარჩუნდეს. პოლიტიკოსი ვიაჩესლავ გობოზოვი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან ახალ პრეზიდენტს საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ ექნება და მისი ლეგიტიმურობის საკითხი მუდამ ეჭვქვეშ იდგება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ვითარება ისევ დაიძაბება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ჯიოევამ და იმ კანდიდატებმა, რომლებიც საარჩევნო მარათონს ჩამოაცილეს, ამომრჩეველს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდონ.
XS
SM
MD
LG