Accessibility links

კონტროლის პალატამ "ქართუ მშენებელი", ნუგზარ ხუციშვილი და "ქართული ოცნება" დააჯარიმა


საქართველოს კონტროლის პალატამ 200-200 ათასი ლარით დააჯარიმა შპს "ქართუ მშენებელი," მისი თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი და საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება." დღევანდელ ბრიფინგზე პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ განაცხადა, რომ კონტროლის პალატამ კანონით მინიჭებული მანდატის საფუძველზე შეისწავლა "ქართუ მშენებლის" თანამშრომლის ნუგზარ ხუციშვილის მიერ მოძრაობა "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობის გადარიცხვის მართლზომიერების საკითხი, კანონის დაცვით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და კონკრეტული ფაქტების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სახეზეა იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით განხორციელებული უკანონოდ შემოწირულობის ფაქტი.
მოგელაძის განმარტებით, ხუციშვილმა, რომელსაც "ქართუ მშენებელში" მუშაობისას პრემია არასდროს მიუღია და მისი წლიური ხელფასი 12 000 ლარს შეადგენს, 6 თებერვალს პრემიის სახით მიიღო 40 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარი სამ დღეში შეიტანა "ქართული ოცნების" ანგარიშზე. მოგელაძის განცხადებითვე, ხუციშვილის მიერ ჩვეულებრივისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, რაც მისი წახალისების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, ვერ დადასტურდა. ნათია მოგელაძის შეფასებით, ”სახეზეა იურიდიული პირის მიერ კანონით აკრძალული შემოწირულობის განსახორციელებლად სხვა პირის, კერძოდ, ნუგზარ ხუციშვილის გამოყენება, რაც კანონით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.” საქართველოს კონტროლის პალატამ უკანონოდ მიჩნეული შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა როგორც ნუგზარ ხუციშვილი და შპს "ქართული მშენებელი," ასევე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება," რომელმაც მანამდე უარი თქვა თანხის უკან დაბრუნებაზე.
XS
SM
MD
LG