Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 27 თებერვალი, 2012


“კვირის ქრონიკა” წერს, რომ “ქართული ოცნების” რეგიონალური კოორდინაციის ხელმძღვანელის თანამდებობას “კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ფიგურა - მამუკა არეშიძე ტოვებს“. როგორც “ქრონიკის” სანდო წყარო იტყობინება, მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის თვითნებობა იყო”. “ქრონიკა” მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. არეშიძე ამბობს, რომ მართლაც დატოვა რეგიონალური კოორდინატორის თანამდებობა, რაც, მისი თქმით, “ადრევე იყო ჩაფიქრებული და მიმდინარეობდა გადაბარება”. ამავე ინტერვიუში არეშიძე ამბობს: “ჩამოვიდა გურიიდან კაცი, ჩამოიტანა ადიკოს წერილი და გამომიცხადა - იქ მე უნდა ვიყოო. თვითონ ადიკოს არც დაურეკავს, არც დამლაპარაკებია... ჩვენ შორის დამთავრდა ყველაფერი.”

“რას იზამს სააკაშვილი? რას იზამს ივანიშვილი?” – “კვირის პალიტრას” პირველ გვერდზე გამოაქვს ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის “კვირის ფიქრების” სათაური. ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ მიხეილ სააკაშვილი არც პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას გასცემს პასუხს შეკითხვას - რას აპირებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, მერაბ მეტრეველი განიხილავს ბიძინა ივანიშვილის მოქმედების რამდენიმე ვერსიას, თუკი ის ვერ მიაღწევს საპარლამენტო არჩევნებში სასურველ მიზანს - კონსტიტუციურ უმრავლესობას. ერთი ვერსიით, ივანიშვილი შევა პარლამენტში და იქ შეეცდება უმრავლესობის მოგროვებას.

“რეზონანსი-მთელი კვირა” – “ივანიშვილს მოქალაქეობას 5 აპრილამდე აღუდგენენ”. გაზეთისთვის ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს განუცხადებია, რომ “ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღგდენასთან დაკავშირებით დადებითი პასუხის აქვს, ამიტომ ისინი ცდილობენ, დრო რაც შეიძლება გაწელონ”.

“ახალი თაობა” “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრ მანანა კობახიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. მანანა კობახიძე ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლასა და ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. “ახალ თაობაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს რამაზ საყვარელიძესთან, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას შეიძლება “უფრო რთული სურათი დახვდეთ წინ, ვიდრე მოელოდნენ”.
“რეზონანსში” ვრცელი სტატია ქვეყნდება თემაზე - “ყოფილი “კმარელები” პარლამენტში, მთავრობასა და პოლიციაში”. “რეზონანსშივე” წაიკითხავთ 25 თებერვალს კიკვიძის ბაღში გამართული აქციის შესახებ ინტერვიუს ლაშა ჩხარტიშვილთან, რომელიც აქციის დროს დააკავეს. ავტორი წერს: “თავად ჩხარტიშვილი შაბათს, 25 თებერვალს, კიკვიძის ბაღში ბულდოზერს გადაეღობა წინ და პატრულსაც დაურეკა კანონდარღვევის გამო, რადგან რეკრეაციულ ზონაში ხის ჭრა და რაიმე ნაგებობების აშენება არ შეიძლება. თუმცა ამასთან დაკავშირებით მისი ოქმი და საჩივარი გაქრა და გაჩნდა მუშების საჩივარი იმაზე, რომ ჩხარტიშვილი მათ კანონიერ მუშაობაში ხელს უშლიდა. კიკვიძის ბაღში გამართულ აქციაზე დღეს “24 საათიც” წერს. სტატიის ავტორის თანახმად, ბაღში მშენებლობის გამო მოსახლეობა უკმაყოფილოა და “პერმანენტულ აქციებს მართავს”. გაზეთის ავტორი წერს, რომ აქციაზე პოლიტიკოსების გამოჩენას მოსახლეობის უკმაყოფილება გამოუწვევია.

“24 საათში” წაიკითხავთ სტატიას, სათაურით - “საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა”. გაზეთი საქსტატზე დაყრდნობით წერს, რომ 2012 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8%-ით გაიზარდა.

“ასავალ-დასავალსა” და “კვირის პალიტრაში” ქვეყნდება ინტერვიუები გოგა ხაინდრავასთან. ერთგან ის ამბობს, რომ ის უკვე ხედავს მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს “თავგადაპარსულებს” და “სასამართლო სკამზე”, მეორე ინტერვიუში კი ლაპარაკობს დოკუმენტურ ფილმზე - “დემოკრატიის შუქურა”, რომელზეც ის ახლა მუშაობს.

“ვერსია” წერს, რომ გასული კვირის ერთი შეხედვით უწყინარი ცნობა სააქციო საზოგადოება “თელასის” დირექტორის შეცვლის შესახებ უკავშირდება სკანდალს, რომელსაც “თელასში” “არ ახმაურებენ” :””ვერსიამ” სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ვიდრე “თელასის” დირექტორატი შეიცვლებოდა, რამდენიმე კვირით ადრე კომპანიის ხელმძღვანელი პირები დააპატიმრეს. დაკავების მიზეზი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისება იყო. დაპატიმრებულთაგან ზოგი საპროცესო გარიგებით გაუშვეს, ზოგს ახლა უშვებენ და დანარჩენებსაც სულ მალე გაუშვებენ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი მათ ადვოკატებს არ სურთ”, - წერს “ვერსიის” ავტორი სტატიაში, სათაურით - “კორუფციული სქემა, რის გამოც “თელასის” თანამშრომლები დააპატიმრეს”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG