Accessibility links

logo-print
19 თებერვალი, კვირა
ნიკა ჩემი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრია. ორი წლისაა. მსუქან თითს მთელი დღე შუბლზე იდებს და ამბობს, რომ სტკივა. მისი ავადმყოფობა სრულ პარალიზებას ნიშნავს. სიცხე აქვს, უმწეოდ იყურება და მორჩილად ყლაპავს წამლებს. კვირა ამ ამბავს ეძღვნება. ყველა თავის აზრს ამბობს: რატომ გაცივდა, რა ვქნათ... ჩემი ექიმი დეიდა მზიკო ფონენდოსკოპით დადის; ჩივის, რომ ექიმები დიდი ხანია, „ყურს აღარ ენდობიან“, მაგრამ მაინც ყველა წერტილიდან უსმენს ჩაძინებულ ნიკას. გამოსავალს ვეძებთ.

ერთი საათით ჩემს ძვირფას კოლეგა ლიკა ჩახუნაშვილთან სადილად გავდივარ. ამერიკელი სტუმარი ჰყავს – ახლახან ქართულად ნათარგმნი პიარის სახელმძღვანელოს ავტორი, დენის ვილკოქსი. ლიკას არაჩვეულებრივად გემრიელი სუფრა ჩემს განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს, თუმცა ვერ ვისვენებ. უფრო სწორად, ვისვენებ, როცა ვიგებ, რომ ამერიკელი სტუმარი აქ კიდევ ექვსი კვირით დარჩება და ეს არ არის ერთადერთი შეხვედრა, სადაც მასთან კომუნიკაცია-თანამშრომლობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ვფიქრობ, როდის მოვიწვიო ჩემს მედიის სკოლაში. სავიზიტო ბარათს საგულდაგულოდ ვინახავ და სახლში გავრბივარ.

...ახალი პლასტელინი, ფლომასტერები. არაფერი უნდა. ეტირება. აფთიაქში ისეთ თერმომეტრს ვყიდულობ, უფრო კომფორტული რომ ჩანს. გვიან საღამოს კრიზისმა გადაიარა. ყველა გამოვცოცხლდით. დედა დიდი ხალისით იწყებს ნიკას შეკვეთის შესრულებას – ხაჭაპური! ნიკა თავისზე ცოტა უფროს მშობლებთან ერთად უკვე მულტფილმს უყურებს. ერთი დეიდა ბომბოს ეზოში გასასეირნებლად ემზადება, მეორე დეიდა - მანანა - აგერ უკვე მესამე წრეზე კითხულობს გუშინდელ გაზეთებს. ბიძაჩემი გია ტელეფონით იგებს, რომ ნიკა კარგადაა და ხუმრობის გუნებაზე დგება. მოკლედ, დავწყნარდით. ჩემი დიდი ოჯახი კვირა საღამოს პატარა ბინის სხვადასხვა კუთხეში იშლება. ნაცნობი სურათია. თითქმის ფოტოგრაფიულად იდენტური. ასე ხდებოდა ჩემს ბავშვობაშიც. გვაკლია ბაბულია... მამაც...

ლეპტოპთან 3 საათამდე შემოვრჩი. ვერასდროს ვახერხებ ადრე დაძინებას. ოდესღაც ვცდილობდი, ახლა – აღარ. ყველაზე მეტად ეს დრო მიყვარს, ყველაზე ნაკლებად – დილა (!).

20 თებერვალი, ორშაბათი
უკვე სამი დღეა, მანქანაში რაღაც ხმაურობს. მარჯვენა საბურავთან. ძალიან მაწუხებს. ვფიქრობ, წავიყვანო ხელოსანთან, დროს ვითვლი – ვერ მოვასწრებ. ჩემი უნივერსიტეტი დღეს პრეზენტაციას მართავს ავლაბრის ერთ-ერთ სკოლაში. მინდა, მედიის სკოლის პროგრამებზე თვითონ მოვუყვე აბიტურიენტებს. ყველა შუქნიშანზე წითელი მიწევს. რადიოს ვაწვალებ. ჩემი „უცნობი“ ახალ ამბებს ჰყვება. იმდენ ხანს ვიარე, ორ გამოშვებას მოვუსმინე. „ახალ ამბებში“ ახალი არაფერია.

გზაში ვახერხებ და ერთ მძღოლს ვაბრაზებ. დიდხანს მომდევს (მანქანით), ბოლოს მისწორდება, ფანჯარას წევს და ხელებს მიქნევს. მძღოლის გვერდზე მჯდომი ქალბატონი აშკარად წუხს – მომეჩვენა, რომ ჩემგან ითხოვს თანაგრძნობას. თავი მის ადგილას წარმოვიდგინე, დავაფასე ჩემი ყოფა, რადიოს ავუწიე. „...and if I have to go...“ - მღეროდა ტომ უეიტსი.

სხვათა შორის, ამ სკოლაში კარგად მოგვისმინეს. ამიტომ არ მინანია საბურთალოდან ავლაბრამდე გავლილი გზის პერიპეტიები. ხუთმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია, როგორც ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა და, შესაბამისად, მედიის სკოლის პოტენციურმა სტუდენტმა. ხუთივეს კოორდინატს ჯიბეში ვიდებ. ლევან ბერძენიშვილის ლექციაზე დავპატიჟებ.

ძალიან საინტერესოა უფროსკლასელებთან ურთიერთობა. ჟურნალისტიკას გვერდს ვუვლი და საუბარს ამ ახალ აუდიოვიზუალურ პროგრამაზე აქცენტით ვიწყებ. „თქვენ გახდებით უნიკალურები, გექნებათ არაჩვეულებრივი სახელოვნებო განათლება. ისწავლით ფოტოგრაფიას. იცით, ვინ გასწავლით? გურამ წიბახაშვილი. დოკუმენტურ კინოს – სალომე ჯაში...“ რაც უნდა ვცვალო, მაინც ერთსა და იმავეს ვლაპარაკობ. ძალიან არ მინდა გაყიდვების მენეჯერად ვიქცე, მაგრამ ეს პირდაპირპროპორციულია იმისა, რაც ძალიან მინდა, რომ ყველამ იცოდეს – როგორ კომფორტულ, განვითარებულ და პროფესიონალურ ადგილად იქცა ნელ-ნელა კავკასიის მედიის სკოლა. ამ დღიურშიც ხშირად მომიწევს CSM-ის ხსენება. აქაურობა ისე იქცა ჩემი საქმიანობის მთავარ ნაწილად, რომ ვერც გავიგე.

უნივერსიტეტში დღეს მზია მიქელაძის სახელმწიფო მართვის სკოლის ანგარიში გვაქვს მოსასმენი. საბჭოს გაფართოებული შემადგენლობა მდუმარედ იკრიბება. ყველაზე დიდ აუდიტორიას უკვე ჰქვია მისი სახელი. ქალბატონი მზია ერთი თვის წინ უეცრად გარდაიცვალა, გული დაეღალა. სულ რამდენიმე წინადადებაც რომ ეთქვა, საკუთარ პოზიციას ყველაზე რთულ თემებზეც კი მკაფიოდ და კორექტულად გამოხატავდა. მე ის ძალიან მომწონდა – სამართლიანობით, პროგრესულობით და ლოიალურობით. ძალიან ვაფასებდი... ძალიან დამაკლდა.

უცნობი ქალბატონი მირეკავს ბათუმიდან. მიყვება გოგონაზე, რომელიც ჩეხეთში ამთავრებს საშუალო სკოლას, სურვილი აქვს თბილისში დაბრუნების, მედიის სკოლაში სწავლისა, მაგრამ ეტლში ზის, გადაადგილება უჭირს. ლიზა ჰქვია. „სკაიპის“ მისამართს ვიწერ.

...და რატომ არ გვაქვს ეს პანდუსები?! კახა შენგელიას ვურეკავ. უყოყმანოდ მიდასტურებს, რომ მედიის სკოლის მომავალ პირველ კურსს ყველა ლექციას შემოსასვლელ სართულზე მდებარე კლასებში ჩავუსვამთ ცხრილში... ზუსტად არ მახსოვს, რა ზომისაა ცენტრალური კარი. მოკლე, 15-სანტიმეტრიანი სახაზავი მიმაქვს. მოუხერხებლად ვზომავ. ეტლი შემოეტევა! ოთახში რომ ვბრუნდები, ლიზას „ფეისბუკის“ მეგობრებში უკვე დამატებული ვყავარ. ვწერ, რომ დავურეკავ.

21 თებერვალი, სამშაბათი
დეჟა ვიუ! შარშან „ლიბერალმა“ გამოქვეყნა ვიდეო, რომელსაც „ვარდისფერი ჟურნალისტიკა“ დაარქვა. ამ ვიდეოში განათლების მინისტრი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპებს გადასცემს. „ლიბერალი“ იღებს, თუ როგორ მუშაობენ ამ ღონისძიების „გამშუქებელი“ ჟურნალისტები: ისინი ირჩევენ შესანიშნავ ტყუპ გოგონას და რამდენიმე არხი (ჟურნალისტი) რიგ-რიგობით ჯერ არიგებს გოგონებს, რა უნდა თქვან, შემდეგ – გოგონები მორჩილად იმეორებენ, რომ ბედნიერები არიან, მადლიერები არიან და ა.შ.

მოკლედ, რატომ გამახსენდა ეს ამბავი. სამშაბათს, ჩემი კავკასიის უნივერსიტეტის ყველა პირველკურსელს საჩუქრად ლეპტოპი გადავეცით. ეს ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია გვაქვს. ყველას გვიხარია: ადმინისტრაციასაც, სტუდენტებსაც. მართლა ძალიან კარგი საქმეა! ძალიანაც ვამაყობ ამით.

ცერემონია მთავრდება და ჩემი სტუდენტის ცოტა შეწუხებულ თვალებს ვაწყდები – ტელევიზია წერს. არ მესმის, ჟურნალისტი რას ეუბნება, მაგრამ კითხვა არაბუნებრივად დიდხანს უგრძელდება. მარიამი მიყურებს. მახსენდება, რომ „ვარდისფერი ჟურნალისტიკა“ რამდენიმე კვირის წინ პირველი კურსის კლასში ვაჩვენე. ერთი ნახტომით მასთან ვჩნდები. უკვე მესმის კითხვაში ჩადებული მესიჯი. „ცუდად ვიქცევი“ – ვეჩრები: „იცით, ჩვენც ჟურნალისტები ვართ, დაგვისვით შეკითხვა და გიპასუხებთ...“

მიკროფონს ლოგო არ ჰქონდა. განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, გადამღები ჯგუფი აღმოჩნდა... ცოტა შევწუხდი. განსაკუთრებულად ვცდილობ, ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასი ადგილი – კავკასიის უნივერსიტეტი – არაფრით დავაზარალო. შევწუხდი იმიტომაც, რომ ამ კვირაში უკვე ორ ადამიანს ვაწყენინე: უცხო ჟურნალისტს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, აღარ ახსოვს, რა არის მისი პროფესია, ან, შესაძლოა, არც არასდროს იცოდა, და უცხო მძღოლს (გუშინ).

ბაია, ნათია და ნინია კაფეში მელიან. მოკლედ, ერთ მნიშვნელოვან ამბავს განვიხილავთ. აქ ვერ დავწერ... ამბავი ჩემგან „საეტაპო“ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს, ამიტომ ჩემი მეგობრები შფოთავენ. სახლში შფოთავს დედაც. არ მირჩევს. საერთოდ, დედას კარგი ინტუიცია აქვს. მე კი გადაწყვეტილებებზე განსაკუთრებული ძალისხმევის დახარჯვა არასდროს მიწევს. ყოველთვის ყველაფერი ბუნებრივად ხდება – ისე, როგორც უკეთესია. ამიტომ ვნახოთ...

22 თებერვალი, ოთხშაბათი
აღარც მახსოვს, აქ რამდენი წელია, დავდივარ. ერთი კი ვიცი – ვარ ისე, როგორც სახლში. გარიკა ღიღინებს, სუსანა კლიენტს ელოდება, ვალია მეუბნება, რომ „сиреневый – это мой цвет“. ჯანო „ფენით“ მუშაობს, ხმას არ იღებს. მგონი, ცოტა გაბრაზებულია – როგორც ყოველთვის, დავაგვიანე! რაც უნდა უხასიათოდ იყოს, მაინც არ ავიწყდება ბოლოს წერტილის ზრდილობიანად დასმა: „Пожалуйста!“

სტუდია „რე“-ში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაზე ვსაუბრობთ. სტუმრად სამოქალაქო სექტორი მყავს. ლაშა ტუღუშს ვეკითხები, რამდენად სწორია ჟურნალისტების მონაწილეობა თუნდაც ყველაზე კეთილი მიზნების აქციაში – ეს ხომ პოზიციის გამოხატვაა? მამშვიდებს, რომ ამ პირობებში შეიძლება.

ბოლო პერიოდში რამდენიმე აქციაზე ვიყავი. ფოტოგრაფებით დაიწყო, გაზეთების ჯიხურებით გაგრძელდა... გუდიაშვილის სკვერი, ახლა „შენ გეხება“ და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამე იქნება! ელისო ჩაფიძე სწორედ ამას ამბობდა: ბოლო ერთი წელია, ქუჩაში ვარ და პოლიტიკაში წასვლაც ამან გადამაწყვეტინაო. მე ელისო მაინც „რეზონანსში“ მერჩივნა, თუმცა ახლა რაღა გავაკეთოთ?.. ელისო, წარმატებები!

„რადიო თავისუფლების“ მედიის სკოლასთან მემორანდუმს ვაფორმებთ. CSM-ს ამიერიდან რადიოში სტუდენტების სტაჟირებაზე გაგზავნა შეეძლება. „ყოველთვის იპოვე ფაქტები. ფაქტები არის ჟურნალისტიკის საფუძველი“, – ამ ფრაზას უწერს ფურცელზე სამახსოვროდ ჯეკ ჰამილტონი მეორეკურსელ სტუდენტს – ნათიას. ჯეკი ქართულად ნათარგმნი ძალიან საინტერესო ჟურნალისტური სახელმძღვანელოს - „ჩაეჭიდე პრესას“ - ავტორია. ჩვენს ცერემონიას სტუმრობს. დღეს ყველა გვაქებს! კახა შენგელია თავის მოკლე გამოსვლაში გვეუბნება, რომ კავკასიის ბიზნესის სკოლასთან ერთად უკვე მედიაც „ბრენდდება“. რა თქმა უნდა, გვიხარია!

7 საათზე ლექცია მაქვს. უცებ „ვაკოპირებ“ ვიდეომასალას, რომელიც სტუდენტებს უნდა ვაჩვენო. მაინც ყოველთვის მირჩევნია, კონფლიქტების გაშუქების კლასში პირველ ლექციაზე იმაზე ვილაპარაკოთ, თუ რა არის კონფლიქტის დროს სახელმწიფო ინტერესი; შესაბამისად - საზოგადოებრივი ინტერესი, და სად გადის ზღვარი, სახელმწიფო-საზოგადოებრივსა და სახელისუფლო ინტერესებს შორის. დაფაზე ვწერ ძალიან ცნობილი ავტორის, ფილიპ ნაიტლის, სიტყვებს: „When war starts, the first casualty is truth“ – „ომის პირველი მსხვერპლი სიმართლეა“.

როგორც ყოველთვის, სიამოვნებით ვყვები ვიეტნამში ამერიკელი ჟურნალისტების ქცევის შესახებ. მე რა შუაში ვარ, ან რატომ მიხარია, მაგრამ მაინც... მომავალ ლექციაზე ჩვენ ვნახავთ ფილმს „მტრის ხატი“, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, როგორ ჩათვალა ტელეკომპანია CBS-მა „პატრიოტიზმად“ საკუთარი საზოგადოების ინფორმირება და როგორ გაარღვია სივრცე ცნობილმა ჟურნალისტმა მორლი სეიფერმა, როცა საკუთარი რეპორტაჟით უამბო მაყურებელს ვიეტნამის სოფელ კამნიში ამერიკელი სამხედროების მიერ, ვიეტნამელთა წინააღმდეგ ჩადენილი არაადამიანური ქმედებების შესახებ. ამერიკული ჟურნალისტიკა მაშინ ღიად ჰყვებოდა საკუთარი ქვეყნის სამხედროთა ქმედებებზე...

გვიანობამდე შემოვრჩი მარინა ვაშაყმაძესთან. არაჩვეულებრივი ტილოებით მოფენილი მისი ბინა, ხალისიანი მასპინძლებით, აბსოლუტური კომფორტის მომნიჭებელია.

23 თებერვალი, ხუთშაბათი
მანქანა ხმაურობს – კვლავ უპერსპექტივოდ ითხოვს ხელოსანს. ნიკა ახველებს, ჩემი უნივერსიტეტი მარკეტინგულ და პიარ-ღონისძიებებს განაგრძობს. მთელ დღეს „ექსპო-ჯორჯიაში“, საგანმანათლებლო გამოფენაზე ვატარებ. ყველა უნივერსიტეტს თავისი სტენდი აქვს. უამრავი აბიტურიენტი მოდის. ვცდილობთ, ვინც მოდის, სხვაგან აღარ გავუშვათ.

შუადღეს რადიო „უცნობში“, გადაცემაზე მოვრბივარ. „გავიცნოთ ევროპა...“ რეადმისიაზე და ვიზების გამარტივებაზე ვსაუბრობთ. დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი მარწმუნებს, რომ მისი უწყება ყველა დეპორტირებულს აეროპორტში ხვდება, აღრიცხავს და შემდეგ ცდილობს მის სოციალიზაციას, დასაქმებას. სკეპტიკურ შეკითხვებს ვსვამ... არასამთავრობო ორგანიზაცია – ინოვაციების ცენტრი – პირობას დებს, რომ ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
უკან ვბრუნდები. მზის სათვალე მრჩება. თუმცა, არა მხოლოდ. გამოფენაზე დაბრუნებული აღმოვაჩენ, რომ ლეპტოპის დამტენიც დამრჩენია. მგონი, ეს ამბავი სასიკეთოდ მადგება: კოლეგა რამდენიმე საათით MacBook Air-ს მითმობს. მომწონს. მგონი, PC-ს სამუდამოდ დავემშვიდობები.

„რეზონანსი“ რეკავს. ქვეყნის პირველ პირს მედიაზე უთქვამს, არაპროფესიონალურია, თორემ ქვეყანაში პლურალიზმიაო. კომენტარს მთხოვენ. რა უნდა ვთქვა? პრეზიდენტის ნათქვამის კომენტირება დიდად არც მგონია ჩემი საქმე. ზვიად ქორიძე ამბობს, ეგ მაგას ნამდვილად იმათზე იტყოდა, ვისაც, ძირითადად, უყურებსო.

საღამოს ჩემს ოთახში „კაი ხალხი“ შემოიხედავს. ლექციები აქვთ ნიკო ნერგაძეს, სალომე ჯაშს, ნიცა ჩოლოყაშვილს. პირველ შთაბეჭდილებებს მიზიარებენ: „კარგი ბავშვები არიან...“ ვნახოთ!

თეატრში გვინდოდა წასვლა - გადაგვედო. ჩემი მეგობარი მაცაცო ავად გახდა. გასულ შაბათს მარჯანიშვილის სხვენში მისი და ქეთი ინწკირველის ძალისხმევით თემურ ჩხეიძის შესანიშნავი სპექტაკლი ვნახე: „ბრმა მხედველი“. ასე მეხმარება ჩემი მეგობრების ძველი გვარდია: მაჩეჩებენ საუკეთესო წიგნებს, ბილეთებით ხელში ფაქტის წინაშე მაყენებენ. ყველაზე მეტად მათთან მიყვარს ყოფნა და ყველაზე ნაკლებად ამას ვახერხებ. ეს თსუ-ს „კამანდაა“ – ფილოლოგების...

24 თებერვალი, პარასკევი
დილით თსუ-ს ვესტუმრე. სტუდენტები იქაც მყავს, ტელეკლასში შექმნილ საინფორმაციო გადაცემებს ვუყურეთ.

უკან გზაზე პროფილაქტიკა... თუ ჭიქა ყავა? კიდევ ერთი დღეც არაფერი მოუვა. „ანტრეს“ გზას ვადგები, მერე - ჩემი მედიის სკოლისას... საიტს მივხედე. აბიტურიენტებს ხშირად დასმული შეკითხვები გამოვუქვეყნეთ, დაინტერესებულ პირებს კი – ახალი ამბავი: ჩვენმა სტუდენტებმა ანომ და თაკომ რადიო „უცნობის“ ეთერში ევროპული ახალი ამბები დაიწყეს. იკვლევენ, თარგმნიან, არედაქტირებენ, ეთერში გააქვთ. მომწონს!

„უცნობში“ დღეს მეც მაქვს გადაცემა - „დიალოგები“. თემა – ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის და საია-ს ანგარიში მაუწყებელთა მარეგულირებელ კომისიაზე. მარეგულირებელი ხელს უშლის კონკურენტული გარემოს შექმნას, არ იცავს მაყურებელთა ინტერესს, ხელს არ უწყობს მედიაპლურალიზმს. კი ბატონო, ეს ვიცოდით, მაგრამ ახლა ფაქტებით დადასტურდა.

კარგ ხალხს რა დალევს: ნესტან ცეცხლაძე, ნინო მახვილაძე, ლელი ბლაგონრავოვა. ნესტანი მსაყვედურობს – სტუდენტები ახალ არხზე („მეცხრე არხზე“) სამუშაოდ ჯერ როგორ გაუშვიო?! მიაჩნია, რომ იქ ჯერ სარედაქციო გაურკვევლობაა. პრინციპში, ამის მეც მეშინია, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემი მისია სტუდენტების ცხოვრებისეული „აპეკუნობა“ იყოს. ჩვენ ვასწავლით და ვუშვებთ, თავი თვითონ გაიტანონ, ცოტა იბრძოლონ – საკუთარი სტანდარტი დაამკვიდრონ.

ის კი არა, ამას წინათ, ერთი ჩემი სტუდენტის „რეალ TV“-ში წასვლასაც კი ზომიერი შეშფოთებით შევხვდი (თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გადაიფიქრა). ეს ახალი არხი კი ახლა იწყება. მთავარია, მისი მეპატრონე შეგნებულად მიუდგეს ამბავს, რომ, მაგალითად, როცა მას ილიას ციტატა დაავიწყდება, ამ არხმაც უნდა აჩვენოს. ხან მგონია, რომ ამისთვის მზად არის, ხან მგონია, რომ – არა.

„ფეისბუკზე“ დახურულ ჯგუფში კონფლიქტების კლასის სტუდენტებს „ვუპოსტავ“ მარი კოლვინის – ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის დაღუპვის ამბავს. სირიაში აფეთქდა. შარშან თბილისში იყო – „ფრონტლაინის“ კლუბს სტუმრობდა.

„რატომ უნდა გავაშუქოთ ომი? - იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რას აკეთებს მისი მთავრობა, შეიარაღებული ძალები. ჩვენი, ჟურნალისტების, მისიაა, ძალაუფლების მქონე ადამიანებს ვუთხრათ სიმართლე ომის თანმდევი საშინელებების შესახებ. ჩვენ მათ სახლში ვუგზავნით ისტორიის პირველ ესკიზებს“ – ეს კოლვინის სიტყვებია.

ხათუნა და ლანა მირეკავენ, ყავა დავლიოთო. ვეუბნები, რომ დღიურები მაქვს დასაწერი. მპასუხობენ, ჰოდა, მით უმეტეს, დავლიოთ, იქნებ დღიურებშიც მოვხვდეთო. ყავის სმა ღამის ორ საათამდე საუბარს ნიშნავს. უკან გზად უცებ მანქანაში ის წითელი ფერის ნიშანი მინათდება, რომელიც ძრავის ზეთის ბოლო წვეთების მილევას იუწყება. ეს ძალიან ცუდი ამბავია! მახსენდება პროფილაქტიკა. ხმაური და ზეთი ერთმანეთთან, წესით, კავშირში არ არის. აქ ზეთის გამოცვლისა და ჩემი მეხსიერების კავშირია პრობლემა. ჩემი დეიდაშვილი მიხო ბოთლით ხელში ჩამორბის. ზემოდან ნიკა ყვირის, მეც მინდა ჩასხმაო. კიდევ კარგი, მქონდა! ნიკა კი ძალიან გაერთო: დედიკოსთან, ქეთისთან, ერთად მობილურით გულმოდგინედ მინათებდა მანქანის ძრავას.

25 თებერვალი, შაბათი
თვითმფრინავის ბილეთს ვბეჭდავ, მედიის სკოლის მენეჯერს, როზის, ვრცელ არზას ვუტოვებ. ყველა წერილს ვპასუხობ, ვწერ, რა მაქვს გასაკეთებელი გზიდან, რა – ადგილიდან, რა – ჩამოსვლისთანავე. მანანა ბერიკაშვილი შემოდის. ეს წუთია, ლექცია დაამთავრა. ვუყვები, რომ მოგზაურობა ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნებაა... მადლობა ღმერთს, ხშირად მიწევს. ეს ყოველდღიურობიდან გამორთვის ერთადერთი საშუალებაა. ამჯერად ჰააგაში მივდივარ, პირველად, ამსტერდამის გავლით. ყველა დეტალს წინასწარ ვსწავლობ, თავისუფალ დროს მაქსიმალურად ავითვისებ.

ამ გაზაფხულს საინტერესო მოგზაურობები მელის: მარტში ბუდაპეშტი, აპრილში - ეგვიპტე, სინას მთაზე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შეხვედრით. ძალიან ველი!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG