Accessibility links

ოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისში ენერგოვაუჩერს 63 ათასამდე აბონენტი მიიღებს. რამდენიმე დღეა ქუთაისის მოსახლეობას ელექტროენერგიის ვაუჩერები ურიგდება - 20 ლარიანი ვაუჩერი მართვის ტერიტორიული ორგანოების მიერ ხელშეკრულებით დასაქმებულ სოციალურ აგენტებს ოჯახებში პირადად მიაქვთ. აბონენტებს ვაუჩერის გამოყენება ანგარიშზე თანხის დარიცხვის შემდეგ, მარტის თვეში შეეძლებათ. როგორც “ენერგო პრო-ჯორჯიას” დასავლეთ ცენტრალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, ვაუჩერების დასამზადებლად აბონენტთა მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტომ ენერგოკომპანიისაგან მიიღო და, შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, კორექტირება შეიტანა. გასული წლისგან განსხვავებით, შეზღუდვები არ დაწესებულა და წელს 20 ლარიანი ენერგოვაუჩერი ყველა ოჯახს მიუვა, იმის მიუხედავად, თუ რა რაოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა ბოლო 6 თვის განმავლობაში. “ენერგო პრო-ჯორჯიას” დასავლეთ ცენტრალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თეონა გეგუჩაძის თქმით, ვაუჩერის ღირებულება საშუალოდ აბონენტთა მიერ ერთი თვის მანძილზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ტოლია და მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილია გადახდისუუნარო, მათთვის ვაუჩერი მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

ხელისუფლების ინიციატივას ქუთაისელები არაერთგვაროვნად შეხვდნენ. რესპონდენტების ნაწილი ამბობს, რომ ვაუჩერი მრავალსულიანი ოჯახებისთვის ერთი თვის გადასახადსაც ვერ უზრუნველყოფს. ქუთაისში ოჯახების უმეტესობა ელექტროენერგიას ეკონომიურად მოიხმარს, რადგან 100 კილოვატზე მეტის დახარჯვისას ერთ კილოვატსაათზე 17 თეთრის გადახდა უწევთ. მოსახლეობა ხელისუფლებისგან გადასახადების რეგულირებასა და ტარიფის შემცირებაზე ზრუნვას ითხოვს.

მართვის ტერიტორიული სამსახურების ინფორმაციით, ქალაქში ვაუჩერების დარიგების პროცესი კვირის ბოლოსთვის დასრულდება. მფლობელებს თანხა ავტომატურად დაერიცხებათ და მიმდინარე გადასახადზე მოაკლდებათ, ენერგოკომპანიაში მისვლა კი მხოლოდ იმ აბონენტებს დასჭირდებათ, რომლებსაც ვაუჩერის სხვა მისამართზე გადატანა ან მისი გაჩუქება სურთ.
XS
SM
MD
LG