Accessibility links

logo-print
ცხინვალში უკვე აქტიურად ლაპარაკობენ 25 მარტის არჩევნების ბოიკოტზე. ამის მიზეზი საარჩევნო მარათონიდან ოპოზიციური კანდიდატების მოხსნა გახდა. ბოლო ოპოზიციურ კანდიდატს, ალა ჯიოევას ყოფილ თანამებრძოლს სერგეი ზასეევს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა ხელმომწერთა სიებში აღმოჩენილი დარღვევების გამო. რამდენიმე დღის განმავლობაში ზასეევმა ვერც კომისიაში და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ დაადგინა, ვინ ჩაატარა მისი დოკუმენტების გრაფოლოგიური ექსპერტიზა. კომისიის უარი განპირობებულია იმით, რომ ხელმომწერთა სიებში მხარდამჭერების ხელმოწერები თითქოს ერთი ხელით არის შესრულებული. ზასეევმა მხოლოდ ის გაარკვია, რომ ცხინვალში გრაფოლოგი ექსპერტი არ არსებობს და მისი დოკუმენტები ვლადიკავკაზელმა სპეციალისტებმა შეისწავლეს. გუშინ სერგეი ზასეევი ოს ჟურნალისტებთან ერთად საკითხის გარკვევას შინაგან საქმეთა მინისტრ ვალერი ვალიევთან ცდილობდა, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ზასეევი მიიჩნევს, რომ არჩევნებიდან მისი ჩამოშორება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე კრემლის მოხელეების სურვილი იყო, რაც კომისიამ უსიტყვოდ შეასრულა.

ოპოზიციის მომხრეები მიიჩნევენ, რომ არჩევნებიდან კრემლისთვის არასასურველი კანდიდატების მოხსნა დე ფაქტო რესპუბლიკაში ვითარებას უფრო გაამწვავებს. უკვე ღიად ისმის მოწოდებები გამოცხადდეს ბოიკოტი, რადგან 25 მარტის არჩევნები უკვე არასამართლიანი და გაყალბებულია. გარდა ამისა, ცხინვალელთა ერთი ნაწილის აზრით, ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არსად არ წასულა და ცენტრალური საარჩევნო კომისია მისი ბრძანებების შემსრულებელია.

ზასეევის მსგავსად, რეგისტრაციაზე უარი უთხრეს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერს იური ძიცოითისაც, რომელიც თავს კრემლისთვის არასასურველ კანდიდატად მიიჩნევს. ძიცოითი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს. ამასობაში საავადმყოფოში შეიარაღებული პირების გარემოცვაში მყოფმა ალა ჯიოევამ თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა, რადგან მას საავადმყოფოს დატოვების უფლებას არ აძლევენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG