Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო ფუნქციონირებას წყვეტს


ექიმების აქცია ზუგდიდში. 2010 წელი
ექიმების აქცია ზუგდიდში. 2010 წელი
პირველი მარტიდან ზუგდიდის რაიონული საავადმყოფო პაციენტებს აღარ მოემსახურება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საავადმყოფოს დირექტორმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განკარგულების თანახმად. სტაციონარის დირექტორის ქეთევან ზარქუას განცხადებით, საავადმყოფოს დახურვის ერთადერთი მიზეზი მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სტანდარტებთან შეუსაბამობაა.

საავადმყოფოს შენარჩუნების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქცია გამართეს სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან. მედპერსონალის ინფორმაციით, საავადმყოფოს 10%-იანი წილის მფლობელი ექიმების მიერ დაარსებული სააქციო საზოგადოებაა, დარჩენილ 90%-ს კი კომპანია „ბლოკ-ჯორჯია“ ფლობს, რომელსაც სახელმწიფომ 2007 წელს „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის“ განსახორციელებლად ზუგდიდში არსებული ოთხი მოქმედი სამედიცინო დაწესებულება, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად - 1000 ამერიკულ დოლარად - გადასცა. ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესის“ ცნობით, კომპანია „ბლოკ-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საავადმყოფოს აქციების წილების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ საავადმყოფო, სავარაუდოდ, დაიხურება, რადგან ის თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოს შენარჩუნების თხოვნით 6 წლის განმავლობაში მათ არაერთხელ მიმართეს წერილობით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, პარლამენტს, პრეზიდენტს და მაჟორიტარ დეპუტატს ფრიდონ თოდუას, მაგრამ უშედეგოდ.

საავადმყოფოს შენარჩუნების პარალელურად, მედპერსონალი 1993-2003 წლების და მიმდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასაც მოითხოვს, დავალიანებისა, რომელიც, მათივე ინფორმაციით, 180 ათას ლარს შეადგენს. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის ქეთევან ზარქუას თქმით, სახელფასო დავალიანება, რომლის გაცემის ვადები ჯერ კიდევ უცნობია, ჯანდაცვის სამინისტროს, ზუგდიდის საავადმყოფოს მსგავსად, სხვა სამედიცინო დაწესებულებებთანაც აქვს. რაც შეეხება 1-ლი მარტიდან უსამსახუროდ დარჩენილ 120 ადამიანს, ექიმები ამბობენ, რომ კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანენ სარჩელს, კუთვნილი 10%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG