Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ახალი დასკვნა გაუგზავნა


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო

27 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ მიიღო დასკვნა, რომელიც მხარს უჭერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიცავს.

დოკუმენტის ზედაპირული ანალიზითაც ცხადი ხდება, რომ, მეტ-ნაკლები უპირატესობით, რეგიონის ლიდერია საქართველო, რომელსაც მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს კორუფციასთან ბრძოლისა და მოდერნიზების თვალსაზრისით; ბრიუსელსა და თბილისს შორის დაწყებულია მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებაზე, მაშინ როცა სომხეთი მხოლოდ ახლა იწყებს მსგავს პროცედურებს, ხოლო აზერბაიჯანს ჯერ წინ აქვს გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში.

გამიჭირდება გამოვთქვა ვარაუდი იმაზე, თუ როდის დაიწყება უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება საქართველოსთან. დღეს ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა სამხრეთ კავკასიაზე ...
„კარგი საუბარი სამხრეთ კავკასიაზე“

საქართველოს სამხრეთკავკასიელ მეზობლებს საწყენად არ დარჩებათ, თუ ვიტყვით, რომ საქართველო დაწინაურებულია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხშიც. თბილისი უკვე ახორციელებს რეადმისიის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ხოლო საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები სარგებლობენ ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით; ყოველწლიურად მატულობს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის. თუმცა, ცხადია, თბილისისათვის პროგრამა მაქსიმუმი ევროპასთან უვიზო მიმოსვლისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ შეთანხმებების მიღწევაა.

მაგრამ ჯერჯერობით ბრიუსელი არ ჩქარობს დაასახელოს მოლაპარაკების დაწყების თარიღი. თუმცა 27 თებერვალს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეთრინ ეშტონმა კვლავ გაიმეორა, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკების დაწყება ბრიუსელში ყოველთვის აქტიურად განიხილება:

„ეს მუდამ არის დისკუსიის თემა ევროკავშირში, არაფერს ვამბობ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, სადაც ეს საკითხი ყოველთვის პირველ რიგში განიხილება. გამიჭირდება გამოვთქვა ვარაუდი იმაზე, თუ როდის დაიწყება უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება საქართველოსთან. დღეს ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა სამხრეთ კავკასიაზე. როგორც იცით, მე ვიყავი საქართველოში გასული წლის ბოლოს და შევხვდი პრეზიდენტ სააკაშვილს. მე დიდი ენთუზიაზმით ვადევნებ თვალს საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულების მოძრაობას, ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება ეს, თუ ვიზების საკითხი. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, აქ ორი მოსაზრება არსებობს. პირველი არის ის, რომ საგარეო საქმეთა საბჭო მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას და, მეორე, ძლიერი სურვილი გვაქვს, მომავალშიც ვიხილოთ საქართველოს წინსვლა და ასევე გვსურს მადლიერებით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველომ, რომელიც ჩვენი ძლიერი რეგიონალური პარტნიორი იყო, ჩვენთან ერთად იმუშავა იმისათვის, რომ რუსეთი გამხდარიყო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი და ჩვენი ძლიერი რეგიონალური პარტნიორი.“

მეტი დემოკრატიის მოლოდინში

თავდაპირველად არჩევნები იქნება სომხეთში, სადაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება გარკვეულ ეჭვს იწვევს ...
ევროკავშირის საბჭოს 27 თებერვლის დასკვნაში შექება და მადლიერება არც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებს დაჰკლებიათ მათ მიერ „დემოკრატიული რეფორმების კუთხით გადადგმული ნაბიჯების“ გამო. თუმცა ევროკაშირის საბჭოს დასკვნაში ცალსახად არის ხაზგასმული ის პირობა, რომლის შესრულებასაც ბრიუსელი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანთან, სომხეთსა და საქართველოსთან შემდგომ ურთიერთობებში. ეს არის კარს მომდგარი არჩევნები, რომელთა როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დასკვნითი ფაზა, ბრიუსელის რეკომენდაციით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს „საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს.“ საგარეო საბჭოს დასრულების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ყურადღება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმაც გაამახვილა:

„დიახ, ჩვენ ვიმსჯელებთ მოახლოებულ არჩევნებზე. თავდაპირველად არჩევნები იქნება სომხეთში, სადაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება გარკვეულ ეჭვს იწვევს.“

თუმცა არჩევნების შესახებ ევროკავშირის საბჭოს დასკვნა ცხადყოფს, რომ ბრიუსელს მეტი გარანტიები სჭირდება ასევე საქართველოსგან, სადაც 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას ევროკავშირი „განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ ანიჭებს.

კერძოდ, დოკუმენტის ამ პუნქტში ნახსენებია საქართველოში „კონსოლიდირებული დემოკრატიის“ არსებობის აუცილებლობაც, ჭეშმარიტი პლურალიზმის და შეკრების თავისუფლების გარანტია, მედიის თავისუფლებისა და მედიით სარგებლობის თანაბარი უფლების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერება.

ევროკავშირის საგარეო საბჭოს დასკვნაში დიდი ყურადღება ეთმობა ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოებას და სტაბილურობას გადაუჭრელი კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში. 27 თებერვალს მიღებულ დოკუმენტში ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ბრიუსელი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოდან გამოყოფილ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალებისა და მძლავრი ინფრასტრუქტურის არსებობის გამო. ამასთან, ევროკავშირი კვლავინდებურად მოუწოდებს რუსეთს „შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, დაიცვას 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების პირობები, მათ შორის, უზრუნველყოს ევროპის კავშირის სამხედრო დამკვირვებლების დაშვება სეპარატისტულ რეგიონებში.

ევროკავშირს მიაჩნია, რომ, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში, ერთობლივად უნდა შემუშავდეს „ქმედობაუნარიანი უსაფრთხოების მექანიზმები“. ამ თვალსაზრისით ბრიუსელი აუცილებლად მიიჩნევს, რომ სწორედ „რუსეთმა აიღოს მკაფიო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, - ნათქვამია დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ 2012 წლის 27 თებერვალს მიიღო.

საერთოდ, ბრიუსელის დასკვნაში კონფლიქტების თემაზე ცოტა რამაა საიმედო. ევროკავშირი შეშფოთებულია სუსტი პროგრესით მთიანი ყარაბაღის მოწესრიგების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომელშიც ევროკავშირი „მინსკის ჯგუფის“ სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობს. თუმცა, დიდი ძალისხმევისა და მოკონფლიქტე მხარეებს შორის „ნდობის გასაძლიერებლად“ მიმართული პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, ევროკავშირს ჯერჯერობით უჭირს, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მხრივ, რაიმე არსებით წინსვლაზე საუბარი.
XS
SM
MD
LG