Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის სინიანის რეგიონში 12 ადამიანი დაიღუპა არეულობისას


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 12 ადამიანი დაიღუპა არეულობისას დასავლეთში მდებარე სინიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში. საინფორმაციო სააგენტო “სინხუას“ ცნობით, ინციდენტი მოხდა ქალაქ კაშგართან, სადაც საპროტესტო აქციის დანებით შეიარაღებულმა მონაწილეებმა იერიში მიიტანეს ხალხზე იეჩენგის რაიონში. „სინხუას“ ცნობით, არეულობის მონაწილეებმა მოკლეს 10 ადამიანი და პოლიციის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა არეულობის ორი მონაწილე. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია „უიღურთა მსოფლიო კონგრესი“. მისი წარმომადგენლის განცხადებით, სინიანის რეგიონის მკვიდრი ადგილობრივი უიღურები აცხადებენ, რომ დაიღუპნენ ჩინეთის უშიშროების ძალების შვიდი წევრი და სამი სამოქალაქო პირი. ამავე წყაროს ცნობით, არეულობა იმის გამო დაიწყო, რომ უიღურებმა ვეღარ აიტანეს ჩინეთის „სისტემატური რეპრესიები“. სინიანის მკვიდრი უიღურები თურქულენოვანი ხალხია, ტრადიციით სუნიტური ისლამის მიმდევარი. უიღურებს და ჩინეთში ეთნიკური უმრავლესობის შემადგენელ ხანებს შორის შეტაკებები ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა. 2009 წელს დაპირისპირების გამძაფრებას სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა. სინიანის რეგიონში ნავთობის ინდუსტრია ვითარდება, რაც იწვევს რეგიონში ხანების დიდი ჯგუფების საცხოვრებლად გადასვლას.
XS
SM
MD
LG