Accessibility links

logo-print

რეაქციები პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლაზე


პრეზიდენტი საპარლამენტო გამოსვლისას

პრეზიდენტი საპარლამენტო გამოსვლისას

29 თებერვალს კვლავაც გრძელდებოდა მსჯელობა პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლისა და მისი თანმხლები დებატების გარშემო, რაც 28 თებერვალს გვიან ღამით დასრულდა. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს ოპონენტებთან პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთსულოვან დაპირისპირებასა და განსხვავებული აზრის მიუღებლობით გამოწვეულ რეაქციებზე. ხელისუფლების შეფასებებში უცნაურსა და მოულოდნელს ვერაფერს ხედავს ამ შეფასებების მთავარი ადრესატი - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია.

ყველას, ვინც სამშაბათს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარე დაახლოებით 5-საათიან პროცესს ადევნებდა თვალყურს, დაამახსოვრდა დაპირისპირების ეპიზოდი მიხეილ სააკაშვილსა და ჯონდი ბაღათურიას შორის. გავიხსენოთ, რომ ”ქართული დასის” ლიდერმა პრეზიდენტს საკუთარი ოჯახის წევრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და გამდიდრებაში დასდო ბრალი, რაზეც პრეზიდენტმა მას, მანდატურების დახმარებით, ტალახის აბაზანების მიღება და ”კარგად დაზელა” შესთავაზა, რადგანაც მას ”ტალახში გორაობა” ჯონდი ბაღათურიას ”ბუნებრივ მდგომარეობად” მიაჩნია. ტალახში გორაობისთვის პრეზიდენტმა დეპუტატს ბალნეოლოგიური კურორტისკენ მიუთითა და დაუზუსტა, რომ მამამისი ამ ობიექტის არა მფლობელი, არამედ დირექტორია.

ამის შემდეგ, ბაღათურიას სიტყვით გამოსვლის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთით გავიდა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან. ამგვარ სვლას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დეკანი, ანალიტიკოსი ბაკურ კვაშილავა პრეზიდენტის ხასიათითა და შექმნილი სიტუაციის მოულოდნელობით ხსნის:

”ნამდვილად ემოციური ადამიანია და ალბათ ამას უნდა მივაწეროთ ის, რომ მან დატოვა დარბაზი... და მერე ალბათ იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ეს არასწორი სვლა იყო და ისევ უკან დაბრუნდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯონდი ბაღათურიას სიტყვები მისთვის მოულოდნელი იყო და მოულოდნელი იყო, ვთქვათ, ის გამბედაობაც, რომელიც დეპუტატმა გამოიჩინა ტრიბუნაზე საუბრისას.”

პარლამენტის დარბაზში ცოტა ხანში დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის ქმედებებს ”კლოუნადა” უწოდა, რაც ასევე ეხებოდა ბაღათურიას თანაფრაქციელის, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის გიორგი ცაგარეიშვილის გამოსვლასაც. გავიხსენოთ, რომ ცაგარეიშვილმა „ელიტური კორუფციის მტკიცებულების” სახით, პრეზიდენტს გადასცა იმ მდიდრული სახლების ფოტომასალა, რომლებიც, მისი თქმით, ეკუთვნით შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, რომ ოპონენტებს თავადაც არ სჯერათ თავიანთი ბრალდებების და რომ ყოველივე ამის მიღმა სულ სხვა რამ იმალება:

”ეს ხალხი ცდილობს დაბრუნდეს საქართველოს მთავრობაში, ეს ხალხი ცდილობს, რომ ხელახლა მოიფშვნიტოს ხელები და ძარცვოს საქართველო... ხელახლა საქართველოს მოაჯდნენ თავზე სისხლისმწოველებლად, ხელახლა აიღონ საპენსიო ფონდები, ხელახლა გაფლანგონ ბიუჯეტი, ხელახლა მთელი ეკონომიკა გადაიყვანონ ჩრდილში და სიბნელეში...”

ანალიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ, რომ პრეზიდენტს შესამჩნევად აქტიურად უჭერდა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა - იქნებოდა ეს ხშირი მქუხარე ტაში, ხმაური, შეძახილები თუ ოპონენტების მისამართით გაკეთებული მეტად მწვავე შეფასებები. თუკი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მინიშნებებით ლაპარაკობდა, უმრავლესობის წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი ბრალდებების უპირველეს ადრესატს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება” წარმოადგენდა.

ოპონენტების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი შეფასებები პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეუფერებლად და მიუღებლად მიაჩნია ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს. მისი აზრით, ასეთი მიდგომები დაუშვებელი და წამგებიანია, თუნდაც ძალიან მწვავე პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებშიც კი:

”შეურაცხყოფებზე გადასვლა უკვე არათუ პარლამენტში, მგონი ქუჩაშიც აღარ არის მიღებული. პარლამენტიც იქცევა ისე, როგორც უკარნახებს თავისი პოლიტიკური ელიტა. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ელიტას არ აწუხებს პოლიტიკური ეთიკის ასეთი საკითხები და ეს ძალიან მძიმე სანახავია და ძალიან არასასურველი საყურებელია.”

თუმცა რამაზ საყვარელიძეს გარკვეული შენიშვნა ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართითაც აქვს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპონენტებს უნდა ჰქონოდათ მცდელობა, რომ უფრო კონკრეტული აქცენტები დაესვათ ბოლო დროს დამტკიცებულ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და სხდომაზე, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ოპოზიციას წინა პლანზე უნდა წამოეწია საარჩევნო გარემოს პრობლემები.

თუმცა კოალიცია ”ქართული ოცნებისა” და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს დავით ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ მართებული იყო გადაწყვეტილება, როცა, მაგალითად, დეპუტატებმა გიორგი ცაგარეიშვილმა და ჯონდი ბაღათურიამ ”ელიტური კორუფციის” არსებობაზე დასვეს აქცენტი, რადგანაც კორუფციის დამარცხებას ხელისუფლება ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევს.

რაც შეეხება პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან 28 თებერვალს მოსმენილ შეფასებებს, ზურაბიშვილს არაფერი არ უკვირს:

”ჩვენ რომ რუსეთის აგენტები ვართ და რაღაც საშინელი ხალხი ვართ, ეს უკვე ვიცით, დიდი ხანია გავიარეთ და სერიოზულად არ ვუყურებთ ასეთ ბრალდებებს. ”ქართულ ოცნებაზე” გართულება მათი მხრიდან ძალიან ბუნებრივია, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ალტერნატივა და ეს ის ძალაა, რომელიც ამ ხელისუფლებას შეცვლის.”

დავით ზურაბიშვილის შეფასებით, პარლამენტში სტუმრობისას პრეზიდენტი ყოველმხრივ ცდილობდა მომხრეები დაერწმუნებინა თავისი პოლიტიკური გუნდის სამომავლო წარმატებაში, მაგრამ ეს მას არ გამოუვიდა. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება გვერდს ვერ აუვლის საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მოთხოვნას, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და რომ ეს პროცესი ხელისუფლების მარცხით დასრულდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG