Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საფრთხეს შეიცავს თბილისის ბაღებისა და პარკების გაჩეხა?


კიკვიძის პარკი
კიკვიძის პარკი
ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში, პოლიციის შენობის აგების მიზნით, ორ გამწვანებულ ადგილას - კიკვიძის პარკსა და მოსკოვის გამზირზე მდებარე სკვერში - ათობით ხე მოიჭრა. ბოლო ერთი თვეა მწვანე ზოლის დაზიანებას ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ადამიანები აპროტესტებენ, ვისაც დედაქალაქის მწვანე საფარზე გული შესტკივა. რატომ შეარჩია ქალაქის მთავრობამ ადმინისტრაციული შენობების ჩასადგმელად კანონით დაცული ზონები და როგორ იმოქმედებს ქალაქზე ბაღებისა და პარკების გაჩეხა?
ჯობდა სხვაგან აეშენებინათ - აქვე ახლოს იმდენი ბარაკი დგას, აეღოთ ისინი, მოელამაზებინათ ადგილი და იქ აეშენებინათ...
თბილისის მკვიდრი

კიკვიძის პარკი. ახლა მას ვეტერანთა დასვენების პარკი ჰქვია. შუადღის პირველი საათია. ხალხი კანტიკუნტად დადის - ძირითადად, ახლოს მცხოვრები მოსახლეობა. ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგი საბავშვო ეტლს მოაგორებს. ბავშვების თამაშის ხმას თუ არ ჩავთვლით, პარკში სიმშვიდეა.
პარკის განაპირა ნაწილი შემოღობილია, მიწა - ამოთხრილი, ტერიტორია - მოსუფთავებული. შიგნით რამდენიმე სატვირთო მანქანასა და ორიოდე მუშას ვხედავთ. ამ ადგილას პოლიცია უნდა აშენდეს. ორ კვირაზე მეტია ხეების მოჭრას და პარკის ტერიტორიაზე პოლიციის მშენებლობას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს, მშენებლობა კი გრძელდება. ბატონი ავთო თეთრ ლაბრადორს ასეირნებს. ის პარკიდან ას მეტრში ცხოვრობს. პოლიციის მშენებლობით უკმაყოფილოა:

”ჯობდა სხვაგან აეშენებინათ - აქვე ახლოს იმდენი ბარაკი დგას, აეღოთ ისინი, მოელამაზებინათ ადგილი და იქ აეშენებინათ. ეტყობა, აქ მუქთად აქვთ მიწა, იქ კი, ბარაკების ადგილას, ხალხი რომ აყარონ, სამაგიერო უნდა მისცენ. ასე უფრო ადვილია.”

პარკში, გრძელ სკამზე ჩამომჯდარი ქალბატონი ნანა კი გვეუბნება, რომ შესაძლოა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, პოლიციის შენობის პარკში განთავსება უკეთესიც იყოს:

”ძალიან მენანებოდა ნაძვები, მაგრამ დავაკვირდი და ნაძვები არ არის მოჭრილი, უფრო ბუჩქებია, მე მგონი, გაჩეხილი. უარესს ველოდი...”
ფიზიკის ინსტიტუტის უნიკალურ ბაღში ააშენეს ვაკე-საბურთალოს გამგეობა, სკვერში ააშენეს გლდანი-ნაძალადევის გამგეობა, წერეთლის მეტროსთან მდებარე სკვერში ააშენეს პოლიცია, ”მზიურში” აშენდა პოლიცია და ა.შ....
ლაშა ჩხარტიშვილი

”გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” წევრი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ყოფილი კიკვიძის, იმავე ვეტერანთა დასვენების პარკის გადარჩენის კამპანიაში, შენიშნავს, რომ თბილისი ჯერ კიდევ საბჭოთა დროს განიცდიდა გამწვანებული ტერიტორიების სიმცირეს, მაგრამ შეტევა დედაქალაქის მწვანე საფარზე რამდენიმე წლის წინ დაიწყო და არა მხოლოდ პირდაპირი, გაჩეხის გზით, არამედ საკანონმდებლო ცვლილებებით. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, დღესაც არსებობს საკრებულოს მიერ გამოცემული შესაბამისი აქტი, რომელსაც საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს და რომლის თანახმად, ბაღებში, პარკებსა და სკვერებში ხეების გაჩეხა, მშენებლობა და ტერიტორიის პრივატიზაცია აკრძალულია. თუმცა კანონი გამუდმებით ირღვევა. ბოლო დროს ასეთ ტერიტორიებს ადმინისტრაციული შენობების, გამგეობებისა და პოლიციის შენობებისათვის ადგილის გამოსათავისუფლებლად ჩეხენ:

”ეს, ერთი მხრივ, ძალის დემონსტრირებაა და, მეორე მხრივ, ერთგვარი პიარი, რომ ყველაზე გამოსაჩენ ადგილას იდგეს გამგეობები და პოლიციის შენობები. რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე, რადგან, როგორც ცნობილია, ხეებს აქვთ ჟანგბადის გამოყოფის ფუნქცია, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისისთვის, რომელიც ქვაბულში მდებარეობს და მისი განიავება მუდამ სერიოზული პრობლემა იყო. მწვანე ნარგავების მეორე ფუნქცია კი ჰაერის ფილტრაციაა, მავნე ნივთიერებების შებოჭვა, რომელიც მრავლადაა ჰაერში, თან თუ გავითვალისწინებთ საწვავის დაბალ ხარისხს, რომელიც საქართველოში შემოდის. ფაქტობრივად, მე არ მახსენდება თბილისის არც ერთი ბაღი, პარკი თუ სკვერი, რომელიც სხვადასხვა მასშტაბით არ გაეჩეხათ. ფიზიკის ინსტიტუტის უნიკალურ ბაღში ააშენეს ვაკე-საბურთალოს გამგეობა, სკვერში ააშენეს გლდანი-ნაძალადევის გამგეობა, წერეთლის მეტროსთან მდებარე სკვერში ააშენეს პოლიცია, ”მზიურში” აშენდა პოლიცია და ა.შ.” - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

ვეტერანთა დასვენების პარკამდე რამდენიმე ათეული ფიჭვი მოიჭრა მოსკოვის გამზირზე მდებარე სკვერში. იქაც, წინასწარი ინფორმაციით, პოლიცია შენდება. არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, პროცესი არც იქ შეფერხებულა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”უსაფრთხო სივრცის” თავმჯდომარე ანა გაბრიაძე იხსენებს, რომ პირველი, რაც პარკებში ხეების გაჩეხის შემდეგ გააკეთეს, მერიის ოფიციალურ საიტზე ამ ტერიტორიების სტატუსი გადაამოწმეს. არც მოსკოვის გამზირზე მდებარე სკვერს და არც კიკვიძის ბაღს, ანა გაბრიაძის თქმით, სტატუსი რეკრეაციული ზონისა, სადაც მშენებლობის წამოწყება და ხეების გაჩეხა აკრძალულია, ამ ტერიტორიებს მოხსნილი არ ჰქონია:
ანა გაბრიაძე
ანა გაბრიაძე
”ჩვენ მშენებლობის ნებართვას ვითხოვდით. წესით, მერიის საიტზეც უნდა იდოს პროექტიც და ნებართვაც. საიტზე, რა თქმა უნდა, არაფერი იდო. არც სტატუსი ჰქონდა ამ პარკებს შეცვლილი და არც ნებართვები მოუწოდებიათ. მოსკოვის გამზირზე მდებარე სკვერს რაც შეეხება, იქ ბანერიც კი არ იყო გამოკრული, თუ რა შენდება. ამიტომ ზედამხედველობას დავურეკეთ. მათ ჩვენი იურისტი ესაუბრა და ტელეფონში სიტყვიერად დაუდასტურეს, რომ იმ ადგილას პოლიცია აშენდება. საქმე ისაა, რომ 2009 წელს მიღებული ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა გამწვანებასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის გარანტი უნდა ყოფილიყო. ეს არის ქალაქის მთავარი კანონი, რომელიც ძალიან გამომწვევად არის დარღვეული.”

არსებობს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილის სახელზე მერიის არქიტექტურის სამსახურის პასუხი, რომელშიც წერია, რომ ”არქიტექტურის სამსახური წინააღმდეგი არ არის ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე განხორციელდეს მიწის ნაკვეთების შემოღობვა, დროებითი ნაგებობების ჩადგმა და მიწის სამუშაოების განხორციელება”. - აქედან ჩანს, რომ მერია ბაღებში ხეების მოჭრის იდეას ეთანხმება.
ახლა რომ გავიდეთ კიკვიძის პარკში, დავათვალიეროთ და აღვწეროთ, აღმოვაჩენთ, რომ შესაძლოა 50 კი არა, 100 ხეც იყოს მოსაჭრელი. დაბერებულ და მოსაჭრელ ხეებს ვგულისხმობ. ამდენად, მე ეს ამბავი კატასტროფად არ მეჩვენება...
ზაზა გამცემლიძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრვი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესიით ბოტანიკოსი ზაზა გამცემლიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ პოლიციის შენობისათვის პარკის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყო და ამაში ”კატასტროფული არაფერია”. მისი თქმით, იქ არ გაჩეხილა იშვიათი სახეობის, ბიოლოგიურად ფასეული ხეები:

”იქ არ მოჭრილა იშვიათი, ბუნებრივ ეკოსისტემაში გაზრდილი, ძეგლის სტატუსს რომ მივანიჭებდით, ისეთი ხეები. პარკის ის ნაწილი, სადაც პოლიციის აშენებას აპირებენ, ისეთ საფრთხეს არ უქმნის კიკვიძის პარკს, რომ ასეთი პოლიტიკური აჟიოტაჟი ატეხილიყო. ხელოვნური ნარგავების განახლება და აღდგენა ყოველთვის შეიძლება. იქ მოჭრილია რამდენიმე ფიჭვი და ზოგიერთი ფოთლოვანი ხე. მაგრამ ახლა რომ გავიდეთ ადგილზე, კიკვიძის პარკში, და დავათვალიეროთ და აღვწეროთ, აღმოვაჩენთ, რომ შესაძლოა 50 კი არა, ასი ხეც იყოს მოსაჭრელი. დაბერებულ და მოსაჭრელ ხეებს ვგულისხმობ. ამდენად, მე ეს ამბავი კატასტროფად არ მეჩვენება.”

გარემოსდაცვითი არასამთავრობო სექტორი კი გაჩერებას არ აპირებს. სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, მით უმეტეს, რომ, მათი ინფორმაციით, იგივე ბედი ელის თბილისის კიდევ არაერთ სკვერსა და ბაღს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG