Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის სინიანის რეგიონში 20 ადამიანი დაიღუპა ძალადობის შედეგად


ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 20 ადამიანი დაიღუპა თავდასხმისას, რომელიც ცულებით და დანებით შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფმა ბაზარში მოაწყო დასავლეთში მდებარე სინიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში. საინფორმაციო სააგენტო “სინხუას“ მიერ უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 12 ადამიანი. ახლა კი იუწყებიან, რომ დაიღუპა ადგილზე მყოფი 13 პირი და რომ უშიშრეობის ძალებმა მოკლეს შვიდი „ტერორისტი“. სინიანის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება პაკისტანს და ავღანეთს, ცხოვრობს ცხრა მილიონამდე ეთნიკური უიღური. უიღურები თურქულენოვანი ხალხია, ტრადიციით სუნიტური ისლამის მიმდევარი. გერმანიაში დაფუძნებულ ორგანიზაცია „უიღურთა მსოფლიო კონგრესის“ წარმომადგენლის განცხადებით, არეულობა იმის გამო დაიწყო, რომ უიღურებმა ვეღარ აიტანეს ჩინეთის „სისტემატური რეპრესიები“. უიღურებს და ჩინეთში ეთნიკური უმრავლესობის შემადგენელ ხანებს შორის შეტაკებები ბოლო წლებში საკმაოდ გახშირებულია. 2009 წელს დაპირისპირების გამძაფრებას, სულ მცოტა, 200 ადამიანი ემსხვერპლა. სინიანის რეგიონში ნავთობის ინდუსტრია ვითარდება, რაც იწვევს რეგიონში ხანების დიდი ჯგუფების საცხოვრებლად გადასვლას.
XS
SM
MD
LG