Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის დარეგისტრირებულმა კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს და ერთმანეთს მოუწოდეს სამართლიანი პოლიტიკური თამაშის პრინციპებით იხელმძღვანელონ და ერთმანეთის მიმართ შავი პიარის ტექნოლოგიები არ გამოიყენონ. ამასობაში კი საარჩევნო მარათონს ჩამოცილებული პირები კანდიდატობის უფლების აღდგენას სასამართლოს მეშვეობით ცდილობენ. სერგეი ზასეევს, იური ძიცოითის და სერგეი ბიტიევს რეგისტრაციაზე უარი ხელმომწერთა სიებში აღმოჩენილი დარღვევების გამო უთხრეს, ისინი კი მიიჩნევენ, რომ უსამართლოდ მოექცნენ, რადგან კრემლის მიერ მოწონებული პირების სიაში ვერ აღმოჩნდნენ. ოსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეგისტრაციაგავლილი კანდიდატები ლეონიდ თიბილოვი, დავით სანაკოევი, დიმიტრი მედოევი და სტანისლავ კოჩიევი მოსკოვის რჩეულები არიან. ექსპერტ რობერტ ბიაზროვის აზრით, ცხინვალში პოლიტიკური ვითარება მთლიანად კრემლის წარმომადგენლების კონტროლს დაექვემდებარა. ჩვენს რადიოსთან საუბარში იგი აცხადებს, რომ კრემლის წარმომადგენლებმა ალა ჯიოევა და მისი მომხრეები მწარედ მოატყუეს. გარდა ამისა, ბიაზროვის აზრით, კრემლი გზიდან კოკოითის გარემოცვასაც იცილებს და ექს-პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ყოველდღიურად კარგავს.

ოსი პოლიტოლოგი ვლადიმერ სანაკოევი დარწმუნებულია, რომ კრემლში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატების ქასტინგი წინასწარ ჩატარდა და ვინც შეარჩიეს, მხოლოდ მათ გადაეცათ კანდიდატების მოწმობები.

ოსი ექსპერტების აზრით, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე რთული იქნება ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს და კრემლთან დაკავშირებული არ არის. ცხინვალში კრემლის მოხელეებთან ახლობლობა კი ერთგვარ კომპრომატად ითვლება, რადგან სწორედ კრემლის მოხელეების ჩარევით გაუქმდა ნოემბრის არჩევნების შედეგები და, შესაბამისად, ალა ჯიოევას გამარჯვებაც. სამ დღეში ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. ანალიტიკოსების აზრით, ეს იქნება 25 მარტის არჩევნების წინ ერთგვარი რეპეტიცია და გამოჩნდება აპირებს თუ არა ოსი ამომრჩეველი ამ არჩევნებში მონაწილეობას. ანალიტიკოსების აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა დაბალი იქნება და შესაძლოა ეს არჩევნები ვერც კი შედგეს.
XS
SM
MD
LG