Accessibility links

logo-print

გარიცხეს თუ არა განათლების სისტემიდან 15 წლის მოზარდი?


საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლო

53-ე საჯარო სკოლიდან ხუთი თვის წინ გარიცხული მოსწავლის მიხეილ ალექსიძის საკითხზე საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. ალექსიძის დედა სასამართლოში შვილის გარიცხვის ფაქტს ასაჩივრებს და აცხადებს, რომ მის შვილს განათლების უფლება წაართვეს და მის მიღებაზე თბილისის საჯარო სკოლები უარს აცხადებენ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ალექსიძე სკოლის შინაგანაწესის დარღვევისა და მასწავლებლებისა და დირექტორისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო გასული წლის შემოდგომაზე გაირიცხა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მიხეილ ალექსიძის სახელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისასაც ახსენა. რა ბრალდებებს უყენებს 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ალექსიძეს? ირღვევა თუ არა მიხეილ ალექსიძის განათლების უფლება? რატომ არ იღებენ მას სხვა საჯარო სკოლები? და რა ეპითეტებით მოიხსენიებს 15 წლის მოზარდს საქართველოს პრეზიდენტი?

„ხულიგანი“ - აი, ასეთი მოკლე და კონკრეტული შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 53-ე საჯარო სკოლიდან ამ ხუთიოდე თვის წინ გარიცხულ მიხეილ ალექსიძეს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. უმრავლესობის აპლოდისმენტებმაც არ დაახანა.
პრეზიდენტის ეს განცხადება, გარდა იმისა, რომ არღვევს პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას, ასევე ამ ყველაფერმა შესაძლოა გავლენა იქონიოს გამოძიების მიმდინარეობაზე ...

”ერთი ხულიგანი გარიცხეს 53-ე სკოლიდან იმის გამო, რომ დირექტორს თავს დაესხა. სწორედ ასეთი ხულიგნები მართავდნენ სკოლებს 10 წლის წინ. ჩემი მიზანია, რომ არასდროს დაბრუნდეს ჩვენს სკოლებში კრიმინალი და ჩვენი სკოლები იყოს 100 პროცენტით უსაფრთხო”, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებას მიხეილ ალექსიძესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან, დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, შარშან ოქტომბერში გაირიცხა, სკოლის შინაგანაწესის დარღვევისა და დირექტორისათვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში მოზარდის დანაშაული არ იკვეთება, ის მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხა:

”პრეზიდენტის ეს განცხადება, გარდა იმისა, რომ არღვევს პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას, ასევე ამ ყველაფერმა შესაძლოა გავლენა იქონიოს გამოძიების მიმდინარეობაზე ან იმ დავაზე, რომელიც სკოლასთან მიდის”, - მიუთითებს თამარ ჩუგოშვილი.

მიხეილ ალექსიძის დედა ლალი ლეკიშვილი უკვე მუხუთე თვეა, უშედეგოდ ცდილობს განათლების სისტემაში შვილის დაბრუნებას. სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მან საქალაქო სასამართლოსაც მიმართა. მიხეილ სააკაშვილის შეფასებიდან ორი დღის შემდეგ, 1 მარტს, საქალაქო სასამართლოში მიხეილ ალექსიძის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. რადიო თავისუფლება ლალი ლეკიშვილს საქალაქო სასამართლოს ჭიშკართან ესაუბრა. როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს შვილს, როდესაც მან საქართველოს პრეზიდენტის შეფასება მოისმინა? - ვკითხეთ ლალი ლეკიშვილს: ”ეს იყო დამთრგუნველი, შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი განცხადება”, იყო პასუხი.

მიხეილ ალექსიძის ადვოკატებმა 1 მარტს გამართულ სხდომაზე მოპასუხე მხარედ, გარდა სკოლის დირექტორისა, დისციპლინარული კომიტეტის ჩართვაც მოითხოვეს. სწორედ დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით გაირიცხა მიხეილ ალექსიძე სკოლიდან. ლალი ლეკიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დისციპლინარული კომიტეტის წევრები 53-ე საჯარო სკოლის დირექტორის ტარას შავშიშვილის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ:

ლიკა წიკლაური, მიხეილ ალექსიძის ადვოკატი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, ბავშვთა უფლებების დარღვევასა და, მათ შორის, ერთ-ერთი ფუნდამეტური უფლების - განათლების უფლების - შეზღუდვაზე საუბრობს. კანონი განათლების შესახებ არ ითვალისწინებს ბავშვის გარიცხვას განათლების მთელი სისტემიდან. ეს კანონი კი მიხეილ ალექსიძის შემთხვევაში დარღვეულია, აცხადებს ის:
უბრალოდ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ სკოლა ეს არ არის ქუჩური გარჩევის ადგილი ...

”საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით აღიარებულია პირის განათლების უფლება. კანონით დაშვებულია, რომ დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია მოზარდის სკოლიდან გარიცხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული დარღვევის ხარისხი, მოსწავლის განათლების დონე, სწავლის შესაძლებლობები და ა.შ. ჩვენს შემთხვევაში კი დისციპლინარული კომიტეტის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა ყველანაირი გამოკვლევის გარეშე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული მესამოცე პრიმა მუხლის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის მიზეზია და, აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ ამას ვითხოვთ და ვითხოვთ, რომ მიხეილ ალექსიძეს მიეცეს უფლება მიიღოს განათლება. ფაქტობრივად, მას ეს უფლება დღეს წართმეული აქვს.”

53-ე საჯარო სკოლის დირექტორის პოზიცია კვლავაც უცვლელია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ტარას შავშიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ ალექსიძე დამსახურებულად დაისაჯა:

”ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ამ ბავშვის მიმართ არანაირი პიროვნული უთანხმოება არ მაკავშირებს. უბრალოდ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ სკოლა ეს არ არის ქუჩური გარჩევის ადგილი”, ამბობს შავშიშვილი.

ლალი ლეკიშვილი განათლების სამინისტროში თითქმის ყოველ მეორე დღეს მიდის. ამჯერადაც ის სამინისტროს შესასვლელში დიდი ჩანთით ხელში დგას. ჩანთაში ის ათეულობით წერილი უდევს, რომლებიც მან უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში შვილის განათლების სისტემაში დაბრუნების თხოვნით სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებსა და ხუთ საჯარო სკოლას გაუგზავნა. მათ შორის არის დასკვნა სახალხო დამცველისაგან.
რეალურად იკევთება გარკვეული მიკერძოება დირექტორის მხრიდან და ძალიან დიდი სურვილი ამ ადამიანის სკოლიდან გარიცხვისა ...


როგორც ლალი ლეკიშვილი ირწმუნება, ის საჯარო სკოლები, რომლებსაც მან მიმართა, მიხეილ ალექსიძის მიღებაზე უარს აცხადებენ. ამასვე ადასტურებს, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ანა არგანაშვილის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ის მიუთითებს, რომ სახალხო დამცველის ოფისმა წერილობით მიმართა რამდენიმე საჯარო სკოლას, თუმცა მათ წერილს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოტრჟებსკაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რომ მიხეილ ალექსიძე 77-ე საჯარო სკოლაში ირიცხება:

”ალექსიძე დარეგისტრირდა 77-ე საჯარო სკოლაში, სადაც ამჟამადაც ირიცხება. დარეგისტრირების შემდეგ ინფორმაცია წერილობით ეცნობა ალექსიძის მშობელს.”

განათლების სამინისტროს განცხადებას ლალი ლეკიშვილი ასე ეხმაურება:
- მოითხოვეთ დოკუმენტი! სად არის დოკუმენტი, რომელიც მე მაფრთხილებს, რომ ჩემი შვილი აღადგინეს სკოლაში?
- ანუ თქვენ ასეთი დოკუმენტი არ მიგიღიათ?
- არა, რას ბრძანებთ?!

მწვავედ აკრიტიკებს 53-ე საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის დასკვნასა და სკოლის დირექტორს ტარას შავშიშვილს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. როგორც ის აცხადებს, მოკვლევის შედეგად გამოვლინდა არაერთი დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა დისციპლინარული პროცედურის განხორციელებისას:

”რეალურად იკევთება გარკვეული მიკერძოება დირექტორის მხრიდან და ძალიან დიდი სურვილი ამ ადამიანის სკოლიდან გარიცხვისა”, - ამბობს გიორგი ტუღუში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG