Accessibility links

logo-print
2 მარტს საპარლამენტო არჩევნები იმართება ირანში. 290-ადგილიან პარლამენტში (მაჯლისში) მოსახვედრად იბრძვის 3400 კანდიდატი. საქმე ეხება პირველ კენჭისყრას 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც, როგორც ცნობილია, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ირანის საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობენ რეფორმების მომხრეები, რომლებიც 2009 წელს სათავეში ედგნენ ე.წ. მწვანე მოძრაობას - საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადების შემდეგ დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს. „მწვანე მოძრაობის“ ლიდერები მირ ჰოსეინ მუსავი და მეჰდი ქარუბი შინა პატიმრობაში არიან. მათი თანამოაზრეების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილი კი - ვინც სცადა საარჩევნოდ რეგისტრაციის გავლა - არჩევნებზე არ დაუშვეს, ირანის გავლენიანი „გუშაგთა საბჭოს“ გადაწყვეტილებით.

კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ რეფორმისტების მხოლოდ იმ მომცრო ჯგუფებს, რომლებიც ამჟამადაც არიან წარმოდგენილი პარლამენტში. თუმცა, ირანის საკითხების ექსპერტი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის თანამშრომელი შირინ ჰანტერი არ გამორიცხავს, კანდიდატებს შორის იყვნენ ადამიანები, ვინც უბრალოდ, არ ამხელს, რომ ემხრობა რეფორმებს - დემოკრატიზაციას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას...

„რეფორმების მომხრეთა იდეები გავრცელებულია და ზოგი კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ლოზუნგებით არ გამოდის, შესაძლოა სიმპათიით იყო განწყობილი მათი იდეოლოგიის მიმართ“, ამბობს ჰანტერი.

აჰმადინეჟადის ერთ-ერთი შეცდომა იყო იმის ფიქრი, რომ ის ირანში რეალურ ძალაუფლებას ფლობს...
რახან დემოკრატიზაციის მომხრეთა „მწვანე მოძრაობა“ არჩევნებისაგან გარიყულია, მთავარი ბრძოლა წარიმართება ირანის მმართველი, კონსერვატიული ძალების შიგნით.

ერთი ბანაკი აერთიანებს პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მომხრეებს. პოპულისტი პრეზიდენტის მმართველობის ვადა 2013 წელს ამოიწურება და მისი გუნდი შეეცდება პარლამენტში პოზიციის შენარჩუნებას პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ.

თვით პრეზიდენტის პოზიცია სულ უფრო სუსტდება მას შემდეგ, რაც აჰმადინეჟადმა გასულ წელს სცადა, მეტი გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, ვიდრე დაშვებულია ირანში - ისლამურ რესპუბლიკაში, რომელშიც გადამწყვეტ სიტყვას ამბობს არა პრეზიდენტი, არამედ რელიგიური ლიდერი - აიათოლა ალი ხამენეი.

„აჰმადინეჟადის ერთ-ერთი შეცდომა იყო იმის ფიქრი, რომ ის ირანში რეალურ ძალაუფლებას ფლობს. ის პოპულისტია, მაგრამ აჰმადინეჟადი პრეზიდენტი გახდა იმის გამო, რომ სარგებლობდა ხამენეისა და რევოლუციური გვარდიის მხარდაჭერით. მათი მხარდაჭერის გარეშე, აჰმადინეჟადს არ უნდა ჰქონდეს ფართო მხარდაჭერის იმედი. ჩემი აზრით, აჰმადინეჟადის გავლენა შეზღუდული იქნება პარლამენტში მისი მოკავშირეების მოხვედრის შემთხვევაშიც. არა მგონია, ამას ისეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორც თვით აჰმადინეჟადი იმედოვნებს“, - ამ შეფასებას გამოთქვამს ექსპერტი ალირეზა ნადერი.

კონსერვატიულ ძალებში უთანხმოებას იწვევს ეკონიმიკური პოლიტიკაც. აჰმადინეჟადის მოგზაურობა ირანის პროვინციებში, ფულის დარიგება ადგილზე კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად, მართალია, მის პოპულარობას ზრდის, მაგრამ უკმაყოფილებას იწვევს ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ წრეებში.

სამაგიეროდ, ერთსულოვნება სუფევს საგარეოპოლიტიკურ საკითხებში. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ არაფერი შეიცვლება დასავლეთთან დაპირისპირების მხრივ. ირანის ხელმძღვანელობა არ აპირებს, შეაჩეროს ბირთვული პროგრამა, რომელიც დასავლეთში შეშფოთებას იწვევს მიუხედავად თეირანის მტკიცებისა, რომ ბირთვული პროგრამა მარტო მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ირანის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ამ ქვეყნის 48 მილიონამდე მოქალაქეს. არჩევნების წინასწარ შედეგებთან ერთად, 2 მარტს, საღამოს გვეცოდინება ისიც, თუ ელექტორატის რა ნაწილი მივა საარჩევნო უბნებში - რამდენს სჯერა ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემისა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების, ბევრისთვის გამაწბილებელი არჩევნების შემდეგ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG