Accessibility links

logo-print

არჩევნები და ეუთოს მეთვალყურეთა ჩამოყვანის აუცილებლობა


კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე მესამე სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა.

კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე მესამე სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა.

კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე მესამე სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, საარჩევნო გარემოს ობიექტურად შეფასების მიზნით, ”უმოკლეს ვადაში” მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეთვალყურეები. ამავე კამპანიის ფარგლებში შესაბამისი წერილი მომზადდა ეუთოს ხელმძღვანელი პირების სახელზეც, რომელშიც საერთაშორისო მონიტორინგის პროცესის დაჩქარების აუცილებლობა იმ დარღვევების გამოვლენით არის ახსნილი, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს უშუალოდ არჩევნების შედეგებზე. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას?

ეუთოს მეთვალყურეთა ”უმოკლეს ვადაში” მოწვევის წინადადებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავენ. 2 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ გრძელვადიანი მისია აუცილებელია ”საარჩევნო გარემოს კვალიფიციური და მიუკერძოებელი მონიტორინგის” უზრუნველსაყოფად.

რატომ გაჩნდა ევროპელი მეთვალყურეების სწრაფად და საქართველოს შემთხვევაში უჩვეულოდ ხანგრძლივი დროით მოწვევის აუცილებლობა?

აღნიშნული ცვლილებები, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია, ქმნის სამოქალაქო აქტივობის, საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის საფრთხეს ...
მიზეზები ჩამოთვლილია წერილში, რომლის ადრესატებსაც წარმოადგენენ ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ხელმძღვანელი იანეშ ლენარჩიჩი. აქვე ვთქვათ, რომ ამ წერილს, ისევე როგორც ხელისუფლების სახელზე შემუშავებულ მიმართვას, 2 მარტს ხელი მოაწერა დაახლოებით 50-მა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ. ხელმოწერების პროცესი 8 მარტამდე გაგრძელდება.

ეუთოს ხელმძღვანელი პირებისთვის გასაგზავნ წერილში ყურადღება მახვილდება საფრთხეზე, რომელიც პარლამენტის მიერ 2011 წლის ბოლოს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შეუქმნა საარჩევნო გარემოს. წერილში ვკითხულობთ, რომ ეს ცვლილებები არაკონკურენტულ გარემოს და ბევრ უსამართლო ბარიერს ქმნის:

”აღნიშნული ცვლილებები, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია, ქმნის სამოქალაქო აქტივობის, საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის საფრთხეს და შეუძლია მკაცრი და გაუმართლებელი პასუხისმგებლობები დააკისროს ამომრჩეველს, რაც უარყოფითად იმოქმედებს სიტყვის თავისუფლებასა და სამოქალაქო ჩართულობაზე.”

ჩვენ ვითხოვთ ხანგრძლივ სადამკვირვებლო მისიას და არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ...
წერილში გამოთქმულ ამ და სხვა არანაკლებ მწვავე მოსაზრებებს კატეგორიულად არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი და ის ასევე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს ევროპელი მეთვალყურეების მოწვევის პროცესში. როგორც მან 2 მარტს უთხრა რადიო თავისუფლებას, წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, საქართველოში მომავალ არჩევნებზეც აუცილებლად ჩამოვა ეუთოს მეთვალყურეთა გრძელვადიანი მისია და ეს საკითხი უკვე კარგა ხნის გადაწვეტილია. ხოლო რაც შეეხება მეთვალყურეთა ”უმოკლეს ვადებში” მოწვევის მოთხოვნას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება:

”არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრობლემაა რომელიმე სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობა ამ პროცესში.”

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პასუხი. თუმცა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები თხოვნით მიმართავენ ეუთოს, რომ მოხდეს ”დამატებითი ძალისხმევის გაწევა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობისა და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობაში.”

”ჩვენ ვითხოვთ ხანგრძლივ სადამკვირვებლო მისიას და არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რაც ოფიციალურად 2 თვის განმავლობაში გრძელდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს არაოფიციალური საარჩევნო კამპანია და, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ გარკვეული არათანასწორი გარემო არსებობს სხვადასხვა კუთხით - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით, მედიარესურსის გამოყენების კუთხით და ასე შემდეგ”, - უთხრა 2 მარტს რადიო თავისუფლებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.
ეუთო, ოდირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდეს თავისუფლად ...

ეუთოს ხელმძღვანელი პირებისთვის გამიზნულ წერილში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იხსენებენ ODIHR-ის მოხსენებას, საიდანაც ჩანს, რომ ბევრი ისეთი შემთხვევა, რომელიც ხელს უწყობს არასამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას, არჩევნებამდე კვირებით და თვეებით ადრე ვლინდება. არასამთავრობო სექტორისა და მედიაორგანიზაციების ინიციატივაც სწორედ ასეთი შემთხვევების მონიტორინგისა და აღკვეთის სურვილით არის განპირობებული.

დაბოლოს, გავიხსენოთ, რომ კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების - “თავისუფალი დემოკრატებისა” და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები 27 იანვარს ვარშავაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის (ODIHR) ხელმძღვანელს იანეშ ლენარჩიჩს შეხვდნენ.

”ეუთო, ოდირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდეს თავისუფლად... და, რაც მთავარია, გაყალბებულ არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა და ეუთო აღარ შეურიგდება”, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG