Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ქალაქ ყუბაში საპროტესტო აქცია დაშალეს


აზერბაიჯანის უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ყუბაში. ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელი და, სულ მცირე, ერთი ჟურნალისტი, რომელიც პოლიციისა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაპირისპირებას იღებდა.

აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ყუბა, რომელიც ხუთშაბათს ნამდვილ ბრძოლის ველს ჰგავდა, პარასკევს მშვიდად გამოიყურება. სიცარიელეა რაიონული სამმართველოს შენობასთან, ქალაქში აღარ ჩანან არც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმელები და არც მათთან დაპირისპირებაში მყოფი მოქალაქეები, რომლებმაც 1 მარტს ჩაამსხვრიეს რაიონული სამმართველოს შენობის ფანჯრები და ცეცხლი წაუკიდეს რაიონის ხელმძღვანელის რაუფ ჰაბიბოვის კუთვნილ სახლს. ყუბაში პროტესტი გამოიწვია ჰაბიბოვის განცხადებამ, - ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ კრიტიკამ, - რომ ეს ხალხი მზადაა „30 მანათად გაყიდოს საკუთარი მიწა, ოჯახი და სამშობლო“:

„ყუბა ძალიან მდიდარია. ყველას სურს შეიძინოს აქ მიწის ნაკვეთი. ზოგი ადამიანი ცნობილი ხდება კარგი საქმეებით, ზოგი კი - ცუდით. ყუბის მოსახლეობამ გაყიდა აქაურობა. ყუბელმა ხალხმა საკუთარი მიწები 30-40 მანათად გაყიდა. ყუბა გაიყიდა უმადური ყუბელების მიერ. ყუბელები ყიდიან საკუთარ ქვეყანას, საკუთარ მიწას და საკუთარ ოჯახებს.“
მან შეურაცხყო ყუბის მოსახლეობა! მან ღალატი დაგვაბრალა. ყუბის მოსახლეობა ყოველთვის უჭერს მხარს სახელმწიფოს ...

ქალაქში სასწრაფოდ იქნა გაგზავნილი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების სპეცდანიშნულების შენაერთი და ჯავშანტექნიკა. დემონსტრანტებთან მოსალაპარაკებლად ყუბაში ჩავიდა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ რაიონის ხელმძღვანელის, რაუფ ჰაბიბოვის გადადგომას. თავად ჰაბიბოვი ხუთშაბათს დემონსტრაციის მონაწილეებს შეხვდა და საკუთარი გამონათქვამების გამო ბოდიში მოუხადა. მაგრამ ყუბელებმა მხოლოდ ეს არ იკმარეს. რეგიონის ხელმძღვანელის მიერ მიყენებული შეურაცხყოფის გამო, მათ ჰაბიბოვს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს:

„მან შეურაცხყო ყუბის მოსახლეობა! მან ღალატი დაგვაბრალა. ყუბის მოსახლეობა ყოველთვის უჭერს მხარს სახელმწიფოს.“

პარასკევს კი ადგილობრივი ტელევიზიით გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ყუბის ხელმძღვანელი რაულ ჰაბიბოვი, რომლის მოვალეობასაც მისი თანაშემწე ასრულებს. თუმცა ყუბის გარშემო ახალი საპროტესტო განწყობა იქმნება. პოლიციის შენობაში დღემდე რჩება 1 მარტის არეულობისა და პოლიციასთან დაპირისპირების ბრალდებით დაკავებული 15 პირი. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, 21 წლის სამირ ხამადოვის მშობლებმა უთხრეს ჟურნალისტებს, მათი შვილი და სხვა დაკავებულები ბაქოში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ კი შეიქმნა თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელიც მოუწოდებს აზერბაიჯანის მოქალაქეებს საყოველთაო გამოსვლით დაუჭირონ მხარი ყუბის აქტივისტებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG