Accessibility links

logo-print

ნატალი ბერიძე: "არ ვთვლი, რომ ჩემი მუსიკა ელექტრონულია"


ნატალი ბერიძე პრაღის "პალაც აკროპოლისში"

ნატალი ბერიძე პრაღის "პალაც აკროპოლისში"

27 თებერვალს პრაღის "პალაც აკროპოლისში" გაიმართა ქართველი მუსიკოსის, ნატალი ბერიძის კონცერტი.

ბერიძეს მსმენელი ყველაზე ხშირად ელექტრონული მუსიკის ავტორად მოიხსენიებს - თუმცა ამ ზოგადი განსაზღვრების ჩარჩოში მისი სტილი წლების მანძილზე იცვლებოდა და მდიდრდებოდა, ტექნიკურად ძლიერი, ტექნოზე ორიენტირებული, რიტმული კომპოზიციებიდან უფრო რბილ, ინდივიდუალურ და მედიტაციურ ჟღერადობამდე.

ელექტრონულ მუსიკაში მუშაობა ბერიძემ რამდენიმე მეგობართან ერთად დაიწყო თბილისში, 1990-იანი წლების შუა პერიოდში - მაშინ, როცა საქართველოში ამ ჟანრს არა თუ ავტორი, მსმენელიც ძალიან ცოტა ჰყავდა. განსხვავებით დღევანდელი დღისგან, როცა ეს მუსიკა ახალგაზრდებში სულ უფრო პოპულარული ხდება და თანდათან საინტერესო ჯგუფებიც იქმნება.
შემდეგ ბერიძე წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა - ქვეყანაში, რომელიც თანამედროვე ელექტრონული და ავანგარდული მუსიკის ერთ-ერთ ცენტრად ითვლება. მის ერთ-ერთ პირველ სერიოზულ წარმატებად კრიტიკოსები 2005 წელს გამოშვებულ ალბომს, „Annule”-ს მიიჩნევენ.



პრაღაში ნატალი ბერიძის კონცერტმა კარგ ატმოსფეროში ჩაიარა. აუდიტორია მის მუსიკას ყურადღებით და სიამოვნებით უსმენდა და თბილად, ენთუზიაზმით რეაგირებდა. კონცერტის დასრულების შემდეგ რამდენიმე მსმენელს გავესაუბრეთ.

“ძალიან მომეწონა. ნატალის ლაივზე მოხვედრას ბევრი წელი ვნატრობდი. პრაღიდან არ ვარ - პორტუგალიელი ვარ. აქამდე მისი ლაივის ნახვის შანსი არ მქონია. მისი ალბომები მაქვს, საერთაშორისო პრესაში მის შესახებ სტატიებს ვკითხულობ ხოლმე. მაგრამ ცოცხალი კონცერტი ახლა პირველად მოვისმინე. ძალიან მაგარი იყო. მომწონს მისი სემპლინგი, მისი ექსპრესია, მისი ხმა” - გვითხრა პორტუგალიელმა ნონომ.

გერმანელმა სტუდენტმა, ანასტასიამ კი მოსმენილი ასე შეაფასა: „ძალიან მაგარი კონცერტი იყო. საინტერესო სანახაობაა, როცა ხედავ, რომ ის მარტოდმარტოა სცენაზე და ასეთ მაგარ მუსიკას აკეთებს. ძალიან კარგი ხმა აქვს. აქამდე მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ დღეიდან ნამდვილად მივადევნებ თვალს მის მუსიკას“.

კონცერტზე შექმნილი ატმოსფეროთი, როგორც აღმოჩნდა, მუსიკოსიც კმაყოფილი იყო. მასთან ინტერვიუ სწორედ ამ შთაბეჭდილებაზე საუბრით დავიწყეთ.

ნატალი ბერიძე: ძალიან მომეწონა კონცერტი. ადგილიც კარგია და ხალხიც ძალიან კარგად იყო განწყობილი.

რადიო თავისუფლება: ახლა ძირითადად სად ცხოვრობ? ბერლინში?

ნატალი ბერიძე: არა, თბილისში ვცხოვრობთ და დავდივართ აქეთ-იქით. ძირითად დროს თბილისში ვატარებ.

მე ყოველთვის ეგ მუსიკა მიყვარდა და ვუსმენდი. ბავშვობაში დიჯეობაზე ვოცნებობდი ...
რადიო თავისუფლება: ელექტრონული მუსიკა საქართველოში აშკარად სულ უფრო პოპულარული ხდება. ახალი ჯგუფებიც გაჩნდნენ - Kung Fu Junkie, Me and My Monkey და სხვები - რომელთა გარშემოც თითქოს გარკვეული სუბკულტურული მოძრაობაც ყალიბდება. რა აზრის ხარ ამ მოძრაობაზე და თავად შენ როდის დაინტერესდი ამ მუსიკით?

ნატალი ბერიძე: მე ნიკა მაჩაიძისგან და გოგი ძოძუაშვილისგან. ეს ორი კაცი იყო, ვინც მაშინ კომპიუტერზე აკეთებდა მუსიკას და მეც მათ მივბაძე, რადგან ჩემი მეგობრები იყვნენ. სამომავლო პროფესია გადაწყვეტილი არ მქონდა - უბრალოდ ვიყიდე კომპიუტერი და ასე სპონტანურად დაიწყო ყველაფერი. ნოტების წერა არ მომდომებია, არც მელოდიები მევლინებოდა.

რადიო თავისუფლება: არადა იმ თაობას წარმოადგენ, რომლისთვისაც ელექტრონული მუსიკა კი არა, ელექტროენერგია იყო ზოგადად პრობლემა - შუქი არ იყო თბილისში ჩვენს ბავშვობაში.

ნატალი ბერიძე: კი. ორი საათი რომ იყო შუქი, ნიკა ერთ საათს კომპიუტერთან მუშაობაში ატარებდა. მე ცოტა მერე დავიწყე, როცა ასეთი შეზღუდვები აღარ იყო შუქზე. ეს ახალი ბავშვები, ახლა ვინც გამოჩნდნენ, ძალიან მომწონს. პრეცედენტი რომ გაჩნდა, ასე მასობრივად რომ დაიწყეს ბავშვებმა მუსიკის კეთება. ხარისხზე ჯერჯერობით არ ვლაპარაკობ, ჯერ ამის დრო არ არის. მაგრამ მუსიკალურად თავისი [ადგილი] იპოვეს. ერთხელ ვიყავი Kung Fu Junkie-ს კონცერტზე მხოლოდ იმის გამო, რომ ნიკას შვილი, მაქსიმე, მათ რეპერად აიყვანეს და სესიებს ასრულებს. მაქსიმეს გამო წავედით. ნიკა მემანიშვილის თეატრში იყო კონცერტი. იცი რა ხდებოდა? სცენა ინგრეოდა. ხალხი ხტოდა, ყველა სიმღერის ტექსტი ზეპირად იცოდა. ბიტლსის, ან მადონას კონცერტივით იყო.

მთავარია კარგი იყოს და კარგი ყოველთვის ცოტაა ყველა დროში ...
რადიო თავისუფლება: გაქვს განცდა, რომ შენ და შენმა მეგობრებმა დროს გაასწარით და ათი წლით ადრე იგრძენით ის, რაც მერე გახდებოდა პოპულარული?

ნატალი ბერიძე: არა, არ მაქვს. უბრალოდ, ალბათ „lucky“ ვიყავით რაღაც მხრივ - უფრო ადრე წავედით სადღაც და ეს მუსიკაც უფრო ადრე მოვისმინეთ. არ ვიცი. მე ყოველთვის ეგ მუსიკა მიყვარდა და ვუსმენდი. ბავშვობაში დიჯეობაზე ვოცნებობდი.

მე არ ვთვლი, რომ ჩემი მუსიკა "ელექტრონულია". სხვადასხვა ჟანრია შიგნით. ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს, მაგალითად, კლასიკურ მუსიკას - ანუ სიმები და ფორტეპიანოა ჩემს მუსიკაში ყველაზე დიდი ნაწილი. შეიძლება რიტმის თვალსაზრისით იყოს ელექტრონული ბიტები, მაგრამ ცოცხლადაც შესრულებულა და ახლა ყველაფერზე მეტად მინდა რომ საერთოდ აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის დავწერო მუსიკა. ის მართალია, რომ როგორც ელექტრონული მუსიკა, ასე დავიწყე - მაგრამ არ მიყვარს მუსიკის ასეთი "ჩაჩარჩოება".



რადიო თავისუფლება: ელექტრონულ მუსიკაზე გავრცელებული სტერეოტიპია, რომ მან ძალიან გააადვილა მუსიკის კეთება. კომპიუტერია, სოფტვერია, ბიტია - აღარ არის საჭირო არც ნოტების ცოდნა, არც ბევრი ფული. მთავარია კომპიუტერი გქონდეს და მუსიკას დაწერ. როგორ ფიქრობ, ამ პირობებში რამდენად რთულია ინდივიდუალური ჟღერადობის პოვნა და მუსიკისთვის გამორჩეული შეფერილობის მიცემა?

ნატალი ბერიძე: იცი რა, რთულია, როგორც ალბათ ყველაფერი კარგი ხელოვნებაში. იმაში აბსოლუტურად გეთანხმები - და ალბათ ეს მართლა პრობლემაა - რომ ეს პროგრამები მართლა იმდენად ხელმისაწვდომი და მარტივია, რომ ყველას უნდება, ჰობისათვის მაინც რომ გააკეთოს ერთი-ორი ტრეკი და ნახოს, გამოვა თუ არ გამოვა. მაგრამ თუ არ არის ეს შენი ცხოვრება, თუ გულით არ გტკივა ყველაფერი, რასაც წერ, არ გამოვა არაფერი. რამდენად მარტივია, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია კარგი იყოს და კარგი ყოველთვის ცოტაა ყველა დროში.

[ჩვენ პრეზიდენტს] გემოვნება აქვს საშინელი, ჩემი აზრით ...
რადიო თავისუფლება: თუმცა, რა რეცენზიაც წამიკითხავს შენს მუსიკაზე, ხაზს ძირითადად შენს გამორჩეულ სტილს თუ ჟღერადობას უსვამენ ხოლმე. ბევრს წერენ შენთვის დამახასიათებელ ტეხილ რიტმზე და ასევე გარკვეულ მელანქოლიურობაზეც. უფრო მსუბუქი მუსიკა არ დაგიწერია? ვთქვათ, საცეკვაო ბიტით?

ნატალი ბერიძე: კი, როგორ არა. საცეკვაო მუსიკის ორი თუ სამი ალბომი მაქვს გამოშვებული, კლუბისთვის, კიოლნში როცა ვცხოვრობდი. სხვანაირად არ შეიძლება - იქ რომ ცხოვრობ, ეს უნდა ცადო. კლუბის, "დენს" მუსიკა საერთოდ მაქედან წამოვიდა - გერმანიიდან და კერძოდ კიოლნიდან. ძალიან ვერთობოდი ლაივის დროს - ორას, ხუთას კაცს აცეკვებ. მაგრამ ახლა, თბილისში, ამას ვეღარ ვაკეთებ. შესაფერისი გარემოა აუცილებელი. მის გარეშე მე ვერ ვაკეთებ ამ მუსიკას.



რადიო თავისუფლება: თბილისის კულტურულ ცხოვრებასთან რამდენად გრძნობ სიახლოვეს? ვიცი, პოლიტიკაზე ლაპარაკი არ გიყვარს, და თავს აპოლიტიკურ ადამიანად მიიჩნევ.

ნატალი ბერიძე: აპოლიტიკური არ ვარ. უბრალოდ, ძალიან ცოტა ვიცი და კომპეტენტურად არ ვთვლი თავს, რომ ვილაპარაკო. თორემ ჩემი აზრი, ცხადია, მაქვს.

რადიო თავისუფლება: თუმცა ინტერვიუებში საქართველოში ახლა გატარებულ კულტურის პოლიტიკას აკრიტიკებ ხოლმე. ერთგან ამბობ, რომ ეს პოლიტიკა მიმართულია "ქრისტიანული დუბაის" ასაშენებლად. რას ნიშნავს ეს მეტაფორა, რა არ მოგწონს კონკრეტულად?

ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ტელევიზია მოვიდეს, გააშუქოს და ხალხმა მოგიწონოს ...
ნატალი ბერიძე: კი. საშინელ გემოვნებას აპიარებენ. კერძოდ, ჩვენი მთავრობა. და ძალიან ბევრი ხალხია ამას აყოლილი. დუბაი ჩემთვის უშნოა - პერფექციონისტულად უშნო. მხოლოდ იმ ქვეყნებს შეუძლიათ ასეთი უშნო იყვნენ, სადაც არის ნავთობი და ამდენი ფული. იმიტომ, რომ პრიორიტეტი ეგ ხდება, სხვა აღარაფერი არსებობს, ყველაფერი იჭმევა. საქართველოში არ არის ეს ფული და არც ნავთობია. მაგრამ ჩვენი პრეზიდენტი იღებს ამ სტერეოტიპს - გიგანტურობის, ძალიან ბევრი ფულის - და დგამს ღარიბ ქვეყანაში, სადაც მეზობელს პურის ფული არ აქვს. გემოვნება აქვს საშინელი, ჩემი აზრით. კი არაფერს ვთხოვ - პრეზიდენტებს, როგორც წესი, ცუდი გემოვნება აქვთ და კულტურაში გენიალური მოღვაწე არავინ არ უნდა იყოს. უბრალოდ, ვთვლი, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ის, რომ თავისი საყვარელი ქალაქი დაინგრეს. არ უნდა დაუშვას იმ შენობების დანგრევა, რომელშიც გაიზარდა და თვლის, რომ ისინი იმდენად საინტერესო არქიტექტურული ძეგლებია, რომ იუნესკომ უნდა დაიცვას. არ უნდა დაუშვან, რომ ისინი დაინგრეს და აშენდეს საზიზღარი, შუშის უშნო სახლები, რომლებიც დაინგრევა, უხარისხობისგან ორ დღეში დაინგრევა.

რადიო თავისუფლება: კულტურულ ცხოვრებაში რამდენად ხედავ გამოცოცხლებას - გარდა ელექტრონული მუსიკისა, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ?

სუბკულტურები, რა თქმა უნდა, იბადებიან და ეს არასოდეს უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკას ...
ნატალი ბერიძე: ვერ ვხედავ. რაც ხდება, ვთვლი, რომ პოპულისტურია. ხალხის დასანახავად ხდება რაღაცეები. რეალურად, თუ ღრმად ჩაეძიები, არც არაფერი ხდება. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ტელევიზია მოვიდეს, გააშუქოს და ხალხმა მოგიწონოს. ცხადია, ახლა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ნაბიჯებზე ვლაპარაკობ.

რადიო თავისუფლება: და უფრო ფართოდ? ის, რაც ოფიციალურ სფეროს არ ეკუთვნის? სუბკულტურები, ახალგაზრდები, კონტრკულტურა?

ნატალი ბერიძე: სუბკულტურები, რა თქმა უნდა, იბადებიან და ეს არასოდეს უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკას. ყველაზე დანგრეულ ეკონომიკებში ყველაზე მაგარი კულტურა იბადება ხოლმე. აქაც ეგრეა. თინეიჯერები იზრდებიან და ხვდებიან, რომ ალბათ არ უნდა ელოდონ, რომ სკოლაში ასწავლიან რამეს, იმიტომ, რომ არ არის განათლება, არ არის სტრუქტურები, არ არიან მასწავლებლები. და თვითონ იწყებენ მოძრაობას. ძალიან კარგი სული აქვთ, რაც მომწონს - რაც, ვთქვათ, 1990-ნებში იყო, მერე აღარ იყო. არ არიან ჩაკეტილი ტიპები და ეს მომწონს.



რადიო თავისუფლება: ძალიან ბანალური შეკითხვაა, მაგრამ მაინც უნდა დაგისვა - მუსიკალური გავლენები. ვინ, რომელმა მუსიკოსებმა მოახდინეს შენზე ყველაზე ძლიერი გავლენა?

ნატალი ბერიძე: ყოველდღე სხვადასხვა გავლენის ქვეშ ვარ. სულ.

რადიო თავისუფლება: და მაინც, ვის გამოარჩევდი?

ნატალი ბერიძე: ბავშვობაში, რა თქმა უნდა აფექს ტვინმა მოახდინა ალბათ ყველაზე დიდი გავლენა. კლასიკიდანაც, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ შოსტაკოვიჩია ჩემი ყველაზე საყვარელი კომპოზიტორი, ყველა დროის. ახალი კლასიკიდან ყველაზე უფრო სტივ რაიხი მიყვარს.

რადიო თავისუფლება: წეღან თქვი, რომ ერთგვარად გარდამტეხ ეტაპზე ხარ კარიერის და აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის იწყებ მუსიკის წერას.

ნატალი ბერიძე: კი, ძალიან მინდა. ინსტრუმენტალურ რაღაცეებს უკვე ვაკეთებ, ოღონდ კომპიუტერზე. მაგრამ როცა შენს მუსიკას ცოცხლად ასრულებენ, სულ სხვა დონეზე გადადიხარ, ძალიან კმაყოფილი ხარ, როგორც მსმენელი და სხვანაირად უსმენ შენს მუსიკას. მინდა, რომ ასეთი მუსიკა დავწერო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG