Accessibility links

logo-print
პრაღაში ახლახან შედგა უცხოელთა ჯგუფის მიერ საქართველოში გადაღებული ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, რომელიც მოაწყო ემიგრანტებისა და ჩეხეთის საზოგადოების ცენტრმა. იქ მასპინძელი პარისა ზარგარია, მამით ირანელი, დედით ჩეხი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც, როცა ვკითხე რამ გაგიჩინათ სურვილი საქართველოზე ფილების აქ ჩვენებისა-მეთქი, მითხრა: ჩემს მეგობარ ფილიპ პოსპიშილთან საქართველოში მის საქმიანობაზე არაერთი საუბრის დროს გაგვიჩნდა იდეა, ფილმები აქ გვეჩვენებინა - აქ ჩეხები და ემიგრანტები ერთმანეთს ხვდებიან და გადავწყვიტეთ მოგვეწვია ხალხი და გვესაუბრაო.

ფილიპ პოსპიშილი კმაყოფილი იყო მოსული სტუმრების სიმრავლით. მან მოკლედ გვიამბო, რომ ეს პროექტი, სახელწოდებით „ბლეკშორტს“, შარშან შეიქმნა და მასში მონაწილე ოცამდე ახალგაზრდამ - გერმანიიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, ესტონეთიდან და შუა ევროპის სხვა ქვეყნებიდან - საქართველოში, გარიყულაში, ნახეს პირველად ერთმანეთი. ისინი 60 მსურველიდან ამოარჩია საინტერნეტო გამოცემა „პლოტკიმ“, რომელიც გერმანელმა, ჩეხმა და პოლონელმა სტუდენტებმა დააარსეს რამდენიმე წლის წინ. „პლოტკი“, რაც დასავლეთსლავურ ენებზე ჭორებს ნიშნავს, გამოცემაა, რომელიც გვაუწყებს, ჭორებს და ამბებს ვავრცელებთ შუა და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ, ვცდილობთ ერთმანეთს შევახვედროთ შუა, აღმოსავლეთ და სამხრეთევროპელი მწერლები, ფოტოგრაფები და მხატვრები, გავაფართოოთ კავშირები დასავლეთსა და აღმოსავლეთევროპელებს შორის, გავაცნოთ აღმოსავლეთი ევროპა დანარჩენთ და გავაღვივოთ მისდამი ინტერესიო. „პლოტკიმ“ დაუდო საფუძველი სწორედ ამ პროექტს, რომლის პრაქტიკული განხორციელება გარიყულაში დაიწყო. მას მერე, რაც ყველა ადგილზე იყვნენ, იქვე კინოს გადაღების მოკლე წვრთნა გაიარეს. ჩამოსულთა მხოლოდ ნაწილს ჰქონდა გამოცდილება ამ საქმეში, სხვები დამწყებები იყვნენ. იქ გამართული საუბრების შემდეგ, როცა ერთმანეთს გააცნეს თავიანთი სურვილები, თემები და წარმოდგენები, შეთანხმდნენ, ჯგუფებად დაიყვნენ და რვა დღით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაემართნენ ამ ფილმების გადასაღებად. გადაღებების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ თბილისში, განიხილეს გადაღებული მასალები, იქიდან კი უკვე წავიდნენ ბუდაპეშტში, სადაც, დამონტაჟების შემდეგ, პირველი ჩვენებაც გაიმართა.

გაერთიანება „პლოტკის“ პრინციპია აჩვენოს არა ის, რაც დიდია და ცნობილი, არამედ ის, რაც მცირეა და დაფარული; არა დადგან სცენები და აჩვენონ სარეკლამო ფილმები ტურისტების მოსაზიდად, არამედ აჩვენონ თანამედროვე საქართველოს ყოველდღიურობა, თავიანთი შთაბეჭდილება და განცდა გამოხატონ ფილმის მეშვეობით.

პროექტის სახელწოდების - „ბლეკშორტის“ - პირველი ნაწილი ნიშნავს შავს, რადგან საქართველოში შავის ჩაცმა უყვართ, რადგან იქ ყველას შავი თმა აქვს და რადგან ეს ქვეყანა შავ ზღვასთან მდებარეობს. მეორე ნაწილი კი მოკლემეტრაჟიან ფილმს ნიშნავს.

პირველ ფილმს, რომელიც ვნახეთ, ჰქვია „ჰეარმინატორი“ და მისი მოქმედება თბილისის ერთ საპარიკმახეროში ხდება. ეს არ არის თანამედროვე სალონი, ეს ნამდვილი თბილისური საპარიკმახეროა, სადაც მომუშავენი და მიმსვლელები სხვადასხვა საქმეს არჩევენ, ამოკლებენ და ვარცხნიან ჩვენი სხეულის ყველაზე ხილულ ნაწილს, თმას, ხოლო როცა კლიენტი არ ჰყავთ, თამაშობენ დომინოს. მოკლედ, ვიხილეთ ნამდვილი სადალაქო თბილისში. „ჰეარმინატორის“ ავტორები არიან დათა ჩიღოლაშვილი, სალომე გოგლიძე და ბირგიტ კუხი.
მეორე ფილმი პროექტის მონაწილეებმა გადაიღეს ჭიათურაში, ქალაქში, რომელსაც წარსულის დიდებისაგან, როცა ის მარგანეცის მოპოვების ცენტრი იყო, მხოლოდ საბაგირო გზა შემორჩა. ამ გზამ დააინტერესა ფილმის ავტორები და იმან, რომ ქალაქის თავზე კვლავაც დგას მონუმენტი, წარწერით „ჭიათურა - ჩემი სიამაყე“. ჭიათურას მარგანეცი აღარა აქვს, ქალაქი დაცარიელებულია, მაგრამ ეს საბაგირო გზა, ერთ დროს მაღაროელებისთვის გაკეთებული, კვლავ ხასიათს უნარჩუნებს ქალაქს.

მესამე ფილმი ამ რიგში, სახელწოდებით „ბლეკშორტსი“, ალბათ ყველაზე მეტად დამაფიქრებელია, რადგან ის მარადიულ თემას -სიცოცხლესა და სიკვდილს - ეხება და ამას მარტივად, დასაფლავების ბიუროს თანამშრომლების საშუალებით განიხილავს. ამ ფილმის ავტორები არიან ელენე ასათიანი, ეოლიანე ბოტსი, მირეკ კორანდა, სოფია ტაბატაძე.

„პლოტკის“ მიერ წამოწყებულ ამ პროექტში ერთ-ერთი ფილმი საქართველოში, ზუგდიდში, ჯართის შემგროვებლებს ეძღვნება. აქ ყველაფერზე მეტყველებს ამ ხალხის საქმიანობის დროს ხმაური, მისი დაშლა, ჯართის შესაბამის წერტში მიტანა, ჩაბარება. ამ ფილმს „მოსავალი“ ჰქვია, „მოსავალი - საქართველო“, რომელიც გადაიღეს ოდეტა კატანამ, იან კუკმა, ანგელიკა ბერტამ და ჟენია ზახაროვამ.

დაბოლოს, თბილისური მიწისქვეშა გადასასვლელის შესახებ გადაღებულ ფილმზეც მინდა გითხრათ მოკლედ. ამ ფილმში თქვენთვის კარგად ნაცნობ მიწისქვეშა გადასასვლელს ნახავთ, სადაც დღისით წვრილი მოვაჭრეები დგანან თუ მოძრაობენ, საღამოობით კი მას სხვები ეპატრონებიან - ერთმანეთზე უფრო რომანტიული მომღერლები თუ ლექსების მთქმელები. მის ავტორებს შორის არიან ნატალია ბაიერი, მადის კატსი, მიხეილ სვანიძე და ჩვენი თანამოსაუბრე ფილიპ პოსპიშილი.

ფილმების ჩვენებას, რომელმაც დაახლოებით ერთი საათი გასტანა, ცუდი ქართული წითელი ღვინო, საშუალო ხარისხის ხაჭაპური და ხანმოკლე დისკუსია მოჰყვა. ერთმა მაყურებელმა ფილიპ პოსპიშილს ჰკითხა, საქართველოზე გამიგია, რომ მშვენიერი ქვეყანაა და ეს აპოკალიფსური სურათები რატომ გვიჩვენეთო. პოსპიშილმა სცადა აეხსნა ჩვენ მიერ ზემოთაც ნათქვამი, რომ მიზანი არ იყო საქართველოსთვის ყალბი რეკლამის გაკეთება, ფოლკლორის და ჩურჩხელების ჩვენება, მიზანი იყო ჩვენება ყოველდღიურობისა და არა აპოკალიფსური სურათების. პოსპიშილმა გვიამბო ქართველების უკმაყოფილებაზე, იმაზე, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ ფილმების გამო. მათი აზრით, ეს ფილმები არ აჩვენებს საქართველოს კარგ მხარეს. სხვაგვარი აზრი არც პრაღის მაყურებელს შეჰქმნია. საქართველოდან ჩამოსულმა სტუდენტმა გოგონამ გვითხრა, მიუღებლად მიმაჩნია მსოფლიოსთვის ასეთი საქართველოს ჩვენებაო. მეორე სტუდენტი თვლის, რომ საქართველოზე კარგიც უნდა ეჩვენებინათ ფილმების ავტორებს. ამავე აზრისაა პრაღაში ასევე სასწავლებლად ჩამოსული ვაჟი. ამ ფილმების ავტორებმა თვითონაც იციან, რომ ასე ფილმების გადაღება საუკეთესო გზა არ არის, ამას „პლოტკის“ საიტზეც წაიკითხავთ. მაგრამ იქვე წერია, რომ მათი მიზანი მეტი იყო, ვიდრე ფილმების გადაღება. ეს არის კინოს მეშვეობით, როგორც მედიუმის გზით, ახალი ქვეყნის აღმოჩენა არა მაყურებლისთვის, არამედ მათთვისვე, ვინც ფილმს იღებს. მიზანი კი „პლოტკისა“, საინტერნეტო გამოცემის, რომელიც ავტორია ამ პროექტის, არის,როგორც გითხარით, ამბების გავრცელება, ამ კერძო შემთხვევაში, საქართველოზე; მართალია, საქართველოს ასეთი არაპოლირებული სახით წარმოჩენა ბევრ ქართველს აბრაზებს, მაგრამ არ აბრაზებს მათ, ვისზეც არის ეს ფილმები, ისინი ბედნიერებიც კი არიან, რომ მათ ყოველდღიურობაზე ფილმები არსებობს, განმარტავს ფილმ „მიწისქვეშა გადასასვლელის“ თანაავტორი, ფილიპ პოსპიშილი, რომელსაც ვკითხე რაზეა ეს ფილმი, საქართველოზე თუ მათზე, ვინც იღებდა და, ასე ვთქვათ, ეცნობოდა ახალ ქვეყანას, ვარჯიშობდა აღქმასა და ამით კინოს ენით თავისი შთაბეჭდილებების გადმოცემაში-მეთქი. „კი, გარკვეული თვალსაზრისით, ეს ფილმები საქართველოზეა, მაგრამ მიზანი საქარველოს ჩვენება არ ყოფილა. მიზანი იყო გადაგვეღო რომელიმე ქვეყანა, რომელიმე გარემო. ჩვენი ამოცანა საქართველოს განსაკუთრებულობის, მისი არსის ძებნა კი არ იყო, არამედ გვინდოდა გვეჩვენებინა ყოველდღიურობა ადამიანებისა, რომლებიც ბედმა საქართველოში გააჩინა. ჩვენ არ ვცდილობდით საქართველოს დახასიათებას, მისი მთელი საზოგადოების გაცნობას. უბრალოდ, მოვინდომეთ ჩვენი შთაბეჭდილებები და გრძნობები გაგვეზიარებინა შემთხვევითი ადამიანებისა და გარემოს შესახებო“, მიპასუხა ფილიპ პოსპიშილმა.

ეს პროექტი ექსპერიმენტული ფილმებისა დააფინანსა ევროპის კულტურის ფონდმა და ღია საზოგადოების ინსტიტუტმა. ფილმების ჩვენება გაიმართა გასულ კვირაში მიგრანტებისა და ჩეხეთის საზოგადოების ცენტრად წოდებულ ორგანიზაციაში, პრაღაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG