Accessibility links

logo-print

ბურუსით მოცული სიკვდილი გამჭვირვალე შენობაში


საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

”პატივი მივაგოთ პოლიციის მიერ უსამართლოდ მოკლული სოლომონ ქიმერიძის ხსოვნას” - ეს გზავნილი სოციალური ქსლის „ფეისბუკის“ საშუალებით 2 მარტს გავრცელდა. 3 მარტს კი პარლამენტის წინ ასამდე აქციის მონაწილე შეიკრიბა და, სანთლებით ხელში, მდუმარედ გამოხატა პროტესტი 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სოსო ქიმერიძის ბურუსით მოცული გარდაცვალების გამო. შეგახსენებთ, რომ ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 47 წლის სოლომონ ქიმერიძე კი პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა.

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა შეკრება შუადღის ორი საათისათვის ნელ-ნელა დაიწყეს. დაახლოებით ნახევარ საათში იქ ასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. მათ შორის არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცავებიც. ისინი პერიმეტრს შედარებით შორიდან აკონტროლებენ. აქციის პირველი მონაწილე, ციცო ვარდიაშვილი, პარლამენტის წინ ზუსტად ორ საათზე გამოჩნდა. ჯერ არავინ ჩანსო? - მეკითხება. მე შემხვედრ კითხვას ვუსვამ: აქ რატომ მოხვედით-მეთქი?

”ნახეთ ქიმერიძის ფოტოები? პოლიციაში ხომ ცოცხალი მიიყვანეს? თავისით გადმოხტა თუ არა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? პოლიციაა დამნაშავე. ნუთუ ჰგავს ქიმერიძის ფოტოები კიბიდან გადმოვარდნილი ადამიანის ფოტოებს? სასაცილოა, გვასულელებენ..."
უნდა გამოვიყენოთ სამოქალაქო საზოგადოების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ხელისუფლება გახდეს ანგარიშვალდებული...
ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ფოტოები სხვადასხვა სოციალური ქსლისა თუ ინტერნეტ-მედიასაშუალებით უკვე მეხუთე დღეა ინტენსიურად ვრცელდება. სწორედ სოციალური ქსლის ”ფეისბუკის” მეშვეობით დაიგეგმა 3 მარტის აქციაც. აქციას ორგანიზატორი არ ჰყავს. აქციაზე არც სიტყვით გამოდის ვინმე. აქციის მონაწილეები სანთლებით ხელში, მდუმარედ დგანან და სოლომონ ქიმერიძის ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას და გასაჯაროებას ითხოვენ. ბურუსით მოცული გარდაცვალება კი პოლიციის გამჭვირვალე შენობაში, შუშის კედლების მიღმა მოხდა - ზუსტად იმ შენობაში, რომლის გახსნაც ორი წლის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, აი, ამ სიტყვებით აღნიშნა:

”მინდა ხაშურელებს მივულოცო ლამაზი, კომფორტული პოლიციის შენობა და მე მგონი, ყველა გამვლელს დარჩება თვალი ამ შენობაზე. მტერს შეშურდება და მოყვარეს გაეხარდება.”

ამ დროისათვის ცნობილია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ერთადერთი ოფიციალური ვერსია. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. განცხადების თანახმად, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ქიმერიძე ბრალდებულის სახით იკითხებოდა. დაკითხვის დროს, სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე კიბეზე ჩასვლისას, ის კიბის მოაჯირიდან გადავარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. გარდაცვალების მიზეზიც, განცხადების მიხედვით, დავარდნის შედეგად მიღებული სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები გახდა. აღნიშნული განცხადება, გარდა ხელისუფლების ოპონენტებისა, მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სახალხო დამცველმა. მან ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების წარმოება და დამაჯერებელი ახსნა-განმარტებების წარმოდგენა მოითხოვა.

ამასვე ითხოვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. პარლამენტის წინ, მდუმარე აქციაზე დგას ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი.
თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი


”ამ საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია, რადგან მართლაც შემზარავი ფაქტია, როდესაც ადამიანი პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფება და უცებ ირკვევა, რომ ის გარდაიცვალა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნაა, რომ პოლიციამ ან სახელმწიფომ ამ საქმეზე დამატებითი მტკიცებულებები გახადოს საჯარო. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში უნდა იყოს დამონტაჟებული; მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არსებობს და ა.შ...” - მიაჩნია თამარ ჩუგოშვილს.

აქციაზე მისულები ხალხის ნაკლებობას უჩივიან. სანამ სოლიდარობას არ ვისწავლით, გაგვიჭირდება მსგავს უსამართლობასთან ბრძოლა, მიაჩნია შორენა შავერდაშვილს, ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარ რედაქტორს.
შორენა შავერდაშვილი

შორენა შავერდაშვილი


”უნდა მოვაწყოთ საპროტესტო აქციებიც, უნდა ვწეროთ პეტიციებიც და უნდა გამოვიყენოთ სამოქალაქო საზოგადოების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ხელისუფლება გახდეს ანგარიშვალდებული”, - ამბობს შორენა შავერდაშვილი.

აქციის მონაწილეებს შორის განხილვის საგნად არის ქცეული სამართალდამცავების მხრიდან გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და თანასოფლელების დაშინების მცდელობის ვერსია. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ხალხს არ ეშინია, ამბობს აქციის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე, ლაშა წურწუმია:

”ნახონ, რომ ყველა ისე არ არის დაშინებული, როგორც ქვიშხეთის მოსახლეობა. პირველ რიგში სოფელს უნდა ამოეღო ხმა, მაგრამ იქ დუმილის მეტი არაფერია”...

პოლიციელების მხრიდან დაშინების ეჭვის საფუძველს იძლევა ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის სიტყვებიც. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ოჯახის თხოვნით მან ქვიშხეთში ექსპერტი ჩაიყვანა, ისინი სახლში აღარ შეუშვეს. გარდაცვლილის მეზობლების მტკიცებით, იქ ქვიშხეთელი პოლიციელი იმყოფებოდა და ოჯახის წევრებს მათთან საუბარს უკრძალავდა.

ბურუსით მოცული გარდაცვალებისათვის ფარდის ახდა და დამნაშავეების დასჯა - ეს იყო პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ სოლომონ ქიმერიძე მოკლულია და ამის დასტურად იმ შემზარავ ფოტოებს ასახელებენ, რომლებითაც სავსეა სხვადასხვა სოციალური ქსელი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG